ძიუდოისტებმა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, ფედერაციის ყრილობა დატოვეს
ძიუდოისტებმა, რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, სასტუმრო “ბილტმორში” მიმდინარე ყრილობა დატოვეს.
როგორც ყირლობიდან გამოსულმა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოისტების კითხვებს არ პასუხობდა.
“ყრილობა მიმდინარეობს ისე, როგორც მათ უნდათ. მწვავე კითხვები დავსვით, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ. ყველას ვთხოვთ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. დავით ქევხიშვილს ვთხოვთ, ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღოს და ცხოვრების ბოლომდე მეგობრები დავრჩებით”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამასთან, ყრილობის დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი.