მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს არავისთვის გადაუცია აუდიოჩანაწერები, რომლებიც შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებენ
თურქეთს არავისთვის გადაუცია აუდიოჩანაწერები, რომლებიც შესაძლოა, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებენ. გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„თურქეთს არავისთვის გადაუცია ჩანაწერები, არც ერთი ქვეყნისთვის. ჩვენ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს ვფლობთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მანამდე, ამერიკულმა ტელეკომპანია ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერი მოასმენინეს. თუმცა, თავად პომპეომ აღნიშნული ცნობა უარყო.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს და ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც არსებობს.