მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს არავისთვის გადაუცია აუდიოჩანაწერები, რომლებიც შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებენ
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს არავისთვის გადაუცია აუდიოჩანაწერები, რომლებიც შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებენ

თურქეთს არავისთვის გადაუცია აუდიოჩანაწერები, რომლებიც შესაძლოა, საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებენ. გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

„თურქეთს არავისთვის გადაუცია ჩანაწერები, არც ერთი ქვეყნისთვის. ჩვენ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს ვფლობთ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მანამდე, ამერიკულმა ტელეკომპანია ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერი მოასმენინეს. თუმცა, თავად პომპეომ აღნიშნული ცნობა უარყო.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს და ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც არსებობს.