მექსიკაში მაიას ცივილიზაციის უძველესი და უდიდესი მონუმენტი აღმოაჩინეს
მექსიკის სამხრეთ ნაწილში გიგანტური, თითქმის 1,5 კმ სიგრძის სტრუქტურა აღმოაჩინეს. მკვლევართა განცხადებით, ის შეიძლება, მაიას ცივილიზაციის უძველესი და უდიდესი მონუმენტი იყოს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
ძეგლს აგუადა-ფელიქსი უწოდეს და მდებარეობს ტაბასკოს შტატში, მექსიკის ყურესთან. თავისი ასაკის კვალობაზე ის იმდენად ვრცელია, რომ არქეოლოგებს მაიას იდუმალი ცივილიზაციის არქიტექტურულ შესაძლებლობათა ქრონოლოგიის გადახედვას აიძულებს.
ამ დრომდე, მაიას უძველეს საცერემონიო ცენტრად არქეოლოგიური ძეგლი სეიბალი მიიჩნეოდა, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 950 წლით თარიღდება.
აგუადა-ფენიქსი, რომელიც 1400 მეტრ სიგრძეზეა გადაჭიმული, დაახლოებით იმავე ასაკისაა — მკვლევართა შეფასებით, ის ძვ. წ. 1000-800 წლებში ააგეს, მაგრამ უზარმაზარი ზომისა და მასშტაბების გამო, ამ პერიოდში აღმოჩენილ არც ერთ სხვა ძეგლს არ ჰგავს.
„ეს გახლავთ მაიას ზონაში ამ დრომდე აღმოჩენილი უძველესი მონუმენტური კონსტრუქცია და უდიდესი ამ რეგიონის ესპანელებამდელ ისტორიაში“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც არიზონის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტაკეში ინომატა ხელმძღვანელობდა.
კიდევ უფრო საოცარი კი ის არის, რომ ეს უზარმაზარი, უცნობი სტრუქტურა საუკუნეების განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, თანაც ისე, რომ ამ ვრცელი კომპლექსის თავზე მცხოვრები თანამედროვე მექსიკელებიც ვერაფერს ამჩნევდნენ.
„ეს ზონა განვითარებულია, ჯუნგლები არ არის, იქ ხალხი ცხოვრობს. თუმცა, ამ ძეგლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, რადგან ის ბრტყელი და უზარმაზარია. ის უბრალოდ ბუნებრივ ლანდშაფტს წააგავს“, — ამბობს ინომატა.
მიუხედავად აგუადა-ფენიქსის დამალულობისა, ტექნოლოგიების თვალს ის მაინც ვეღარ დაემალა. ტექნოლოგია LIDAR-ით ჩატარებული აეროკვლევისას დაფიქსირდა ანომალია, გამოვლინდა შემაღლებული პლატფორმა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 1413 მეტრზეა გადაჭიმული, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კი 339 მეტრზე; მიმდებარე ზონასთან შედარებით აწეულია 15 მეტრით.
„ხელოვნური პლატოები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ჰორიზონტალური განფენილობა, რაც მას პირამიდის ვერტიკალური განზომილებებისგან განასხვავებს“, — წერენ მკვლევრები და შენიშნავენ, რომ აგუადა-ფენიქსი ხასიათდება მართკუთხა ფორმით, რასაც დაბალი მიწაყრილების მწკრივები წარმოქმნის.
პლატფორმიდან გამოედინება ცხრა ფართო ქვაფენილი. თავად პლატფორმა გარშემორტყმულია პატარა სტრუქტურებითა და ხელოვნური წყალსაცავებით.
ძეგლი საკმაოდ ჰგავს მეზობელ ვერაკრუსში არსებულ ოლმეკების ცივილიზაციის ძეგლებს, სან-ლორენსოსა და ლა-ვენტას, მაგრამ აგუადა-ფენიქსში არ არის ადამიანის ფორმის ქანდაკებები, რაც სწორედ მაიას ხალხზე მიუთითებს.
„ოლმეკების ცენტრებისგან განსხვავებით, აგუადა-ფენიქსში არ არის სოციალური უთანასწორობის აშკარა მანიშნებლები, მაგალითად, მაღალი სტატუსის მქონე პირთა სკულპტურები. ძეგლზე აღმოჩენილია ერთადერთი სკულპტურა და ისიც ცხოველის“, — წერენ მკვლევრები.
თუ მკვლევართა ეს მოსაზრება მართებულია, ძეგლი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვნად დაგვეხმაროს, რათა უფრო მეტი გავიგოთ, როგორ ფუნქციონირებდა და ორგანიზდებოდა ადამიანთა ეს იდუმალი საზოგადოებები, განსაკუთრებით იმ პირობებში, თუკი ისინი საზოგადოების კომუნალურ სტრუქტურას მისდევდნენ და იერარქიულ ფორმებს უკუაგდებდნენ.
„შეიძლება, სულ არ გჭირდებოდეს კარგად ორგანიზებული მთავრობა ამ სახის უარმაზარ პროექტთა განსახორციელებლად. ერთობლივი მუშაობით, ხალხს ასეთ გასაოცარ შედეგებამდე მისვლა შეუძლია“, — ამბობს კვლევის ავტორი, არიზონის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტაკეში ინომატა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.