მაიას ხალხის მარილის უძველეს მაღაროში უცნაური მასალისგან დამზადებული ხელსაწყო აღმოაჩინეს
მაიას ხალხის მარილის უძველეს მაღაროში უცნაური მასალისგან დამზადებული ხელსაწყო აღმოაჩინეს

ჟადეს ქვას მაიას ხალხის იდუმალ ცივილიზაციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისგან ამზადებდნენ არაერთ ლამაზ სამშვენისს, რომელიც ხშირად ტექსტებითაც იყო შემკული.

თუმცა, ამ ძვირფას ქვას მხოლოდ მოკაზმულობისთვის როდი იყენებდნენ. როგორც ჩანს, ჟადეს მინერალურ სახესხვაობას, ჟადეიტს ისინი ხელით შრომისათვის საჭირო იარაღების დასამზადებლადაც გამოიყენებდნენ. მათ შორის იყო მარილის საბადოებში მუშაობისათვის საჭირო სამტვრევები.

ბელიზში, ტერიტორიაზე, რომელიც ერთ დროს მაიას ხალხის მარილის საბადო მდებარეობდა, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს საუცხოოდ კარგად შემონახული, მაღალი ხარისხის ჟადეიტის სამტვრევი იარაღი თავის ტარით.

ხელსაწყო წყალქვეშ, მარილის საბადოზე სამუშაო სხვა იარაღებთან ერთად იპოვეს. მეცნიერთა განცხადებით, აღმოჩენა უიშვიათესია — პირველი შემთხვევაა, როცა ჟადეიტისგან დამზადებული იარაღი ტართან ერთად იპოვეს.

როგორც მკვლევრები ამბობენ, ასევე მოულოდნელი და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს იარაღი მარილის საბადოში იპოვეს.

მეცნიერები კვლევაში წერენ, რომ მაიას რეგიონებში მაღალი ხარისხის გამჭვირვალე ჟადეიტი ტრადიციულად ასოცირდებოდა ცერემონიებთან და რიტუალებთან. ეკ-ვეი-ნალის საბადოში აღმოჩენილი ხელსაწყო კი გამორჩეულად მაღალი ხარისხის ჟადეიტისგან არის დამზადებული, რაც უცნაურია მისი უტილიტარული კონტექსტიდან გამომდინარე.

სამხრეთ ბელიზში, ეკ-ვეი-ნალი ერთ-ერთია ამ ზონაში არსებული 110 საბადოს შორის. ეს გახლავთ მაიას ხალხის მარილის მრეწველობის უძველესი ნაშთები, რომლებიც ამჟამად წყალშია ჩაძირული. მარილს იქ ისინი სპეციალურ ქვაბებში ზღვის წყლის აორთქლების შედეგად ამზადებდნენ.

ახ. წ. 300-900 წლებში, მაიას კლასიკურ პერიოდში, მარილზე მომუშავე ადამიანებისთვის ჩალით გადახურული ხის მრავალი სამზარეულო ააგეს, მაგრამ შემდეგ მიატოვეს, რადგან ზღვის დონემ აიწია და სანაპირო რეგიონი დატბორა.

მარილის წარმოება სულაც არ იყო ადვილი საქმე. მკვლევართა თქმით, სწორედ ამიტომ არის უცნაური ამ ადგილას ასე მაღალი ხარისხის ჟადეიტის ხელსაწყოს პოვნა.

როგორც წესი, კლასიკურ პერიოდში მაიას ხალხი მაღალი ხარისხის გამჭვირვალე ჟადეიტს იყენებდა დიდგვაროვანთათვის განკუთვნილი დაფების, ფიგურებისა და საყურეების დასამზადებლად.

ძლიერ დამუშავებულ ჟადეიტის ობიექტებს მაიას დინასტიური ცერემონიებისათვის იყენებდნენ, მოკავშირეობის განმტკიცების მიზნით ჩუქნიდნენ სხვა ლიდერებს; გარდა ამისა, ელიტები მას მიცვალებულებსაც ატანდნენ საფლავში ძღვენის სახით.

თუმცა როგორც ჩანს, იშვიათი და ძვირფასი ჟადეიტისგან ხანდახან მარილის დამამზადებელი მუშებისთვისაც ამზადებდბენ მწვანე სამტვრევ დანებს.

მკვლევართა განცხადებით, ეს ნივთი ასევე აჩვენებს, როგორი იყო უძველესი მაიას ხალხის მარილით ვაჭრობა იქამდე, სანამ ყველაფერს ზღვა შთანთქავდა.

ანთროპოლოგ ჰითერ მაკილოპის თქმით, მარილზე მომუშავეები წარმატებული მეწარმეები იყვნენ, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში მაღალი ხარისხის ხელსაწყოებსაც იყენებდნენ.

მისივე განცხადებით, მარილს მაიას კვების რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ასევე დადგინდა, რომ ის სიმდიდრის გარკვეული ფორმაც იყო; დიდი როლი ჰქონდა თევზისა და ხორცის შესანახადაც.

მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით ცნობილი არ არის, როგორ იყენებდნენ ჟადეიტისგან დამზადებულ სამტვრევ იარაღს, მკვლევართა თქმით, იგი სავარაუდოდ არ გამოიყენებოდა ძალიან მყარ მასალებთან, მაგალითად ქვებთან და ხესთან მუშაობისას. დიდი ალბათობით, მას იყენებდნენ მარილის საფხეკად და საჭრელად, თევზისა და ხორცის დასაჭრელად, ანდაც გოგრის გამოსაფხეკად.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cambridge.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.