მედიის ინფორმაციით, ამერიკულ კომპანიებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა
აშშ-ის კომპანიებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე 200-მდე ამერიკული კომპანია გახდა, რომლებსაც სისტემების განბლოკვისთვის გამოსასყიდი მოსთხოვეს.
კიბერშეტევა განხორციელდა ფლორიდაში ბაზირებულ ინტერნეტ ტექნოლოგიების კომპანია „კასეიაზე“.
კიბერუსაფრთხოების კომპანია „ჰანთრეს ლაბის“ ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთთან დაკაშირებული დაჯგუფება „რევილი“ დგას.
„კასეიაში“ აცხადებენ, რომ კომპანიის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც კორპორატიულ სერვერებზე, კომპიუტერებსა და ქსელურ მოწყობილობებზე მუშაობს, შესაძლოა, შეტევის შემდეგ კომპრომეტირებული იყო.
კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, რომლებიც „ვიესეი“ (VSA) ინსტრუმენტს იყენებენ, სერვერები დაუყოვნებლივ გათიშონ.
„რევილი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კიბერდანაშულებრივი დაჯგუფებაა. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაჯგუფება მაისში მსოფლიოში ხორცის უდიდესი მიმწოდებლის, „ჯეიბიესის“ (JBS) პარალიზებაში დაადანაშაულა.