ამჟამინდელ სამეცნიერო შესაძლებლობათა ფარგლებში, გენეტიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ამ დროისათვის უძველესი დნმ აღადგინა და მისი გენომის თანმიმდევრობაც გაშიფრა (სეკვენირება).
1,2 მილიონი – 700 000 წლის წინ ციმბირის ბინადარი სამი მამონტის კბილებიდან მკვლევრებმა უკიდურესად დეგრადირებული დნმ აიღეს და კვლავ შეკრეს, რათა მამონტთა აქამდე უცნობი გენეტიკური ხაზი გამოევლინათ.
აქამდე დნმ-ის უძველესი აღდგენილი ნიმუში კანადაში, იუკონის გაყინულ ნიადაგებში აღმოჩენილ ცხენს ეკუთვნოდა, რომელიც 560 000 – 780 000 წლის წინ ცხოვრობდა.
„ეს დნმ წარმოუდგენლად ძველია. ნიმუშები ადამიანებსა და ნეანდერტალებზე უფრო ადრინდელია“, — ამბობს შვედეთის პალეოგენტიკური ცენტრის ევოლუციური გენეტიკოსი ლავ დალენი.
დაახლოებით მილიონი წლის წინ, ბეწვიანი მამონტებიც (Mammuthus primigenius) კი არ არსებობდნენ. ეს კარგად ცნობილი არსებები დაახლოებით 800 000 წლის წინ გამოჩნდნენ და დედამიწის ცივ კლიმატში ბინადრობდნენ, 4000 წლის წინ კი გადაშენდნენ.
გეოლოგიური თვალსაზრისით ეს პერიოდი შედარებით ახალია და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათ ცივი ჰაბიტატები ერჩივნათ (რაც უკეთესად ინახავს სხეულის ნაშთებს), ამ უძველეს ქმნილებათა შესახებ საკმაოდ ბევრი რამ ვიცით.
ბეწვიანი მამონტები კოლუმბის მამონტებთან (M. columbi) ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდნენ და დაახლოებით 11 5000 წლის წინ გადაშენდნენ.
ცოტა რამ არის ცნობილი მათი წინაპარი მამონტების შესახებ, რომლებისგანაც ბეწვიანი მამონტები წარმოიშვნენ. ვიცით, რომ ბეწვიანი მამონტები სტეპის მამონტებისგან (M. trogontherii) წარმოიშვნენ, რომლებიც ევრაზიის უმეტეს ნაწილში იყვნენ გავრცელებული არაუგვიანეს 200 000 წლის წინ. ასევე მიჩნეულია, რომ კოლუმბის მამონტები იმ სტეპის მამონტების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც აზიიდან ჩრდილოეთ ამერიკაში დაახლოებით 1,5 მილიონი წლის წინ გადავიდნენ.
ამ წინაპრების უკეთ შესწავლის მიზნით, მეცნიერებმა მათი გენეალოგია გამოიკვლიეს.
სამი მამონტის კბილები, რომლებიდანაც დნმ აიღეს, ათწლეულების წინ აღმოაჩინეს და სათუთად ინახებოდა მუზეუმის კოლექციაში. მათ შორის ყველაზე ახალი 700 000 წლისაა და ბეწვიან მამონტს ეკუთვნის. ორი ძველი კბილი კი, რომელთა ასაკიც მილიონ წელზე მეტია, ეგონათ, რომ სტეპის მამონტს ეკუთვნოდა.
გულმოდგინე აღდგენისა და შედარებითი სამუშაოების შემდეგ, მკვლევრებმა ცხოველის ემალში არსებული დნმ-ის შეკრება და გენომის თანმიმდევრობის დადგენა (სეკვენირება) შეძლეს. სამი ეგზემპლარიდან მეორე უძველესი, რომელიც რუსეთში, მდინარე ადიჩასთან აღმოაჩინეს, ამად ნამდვილად ღირდა — მორფოლოგიითა და დნმ-ით ის საკმაოდ ახლოს იყო სტეპის მამონტთან.
ციმბირის სოფელ კრესტოვკაში აღმოჩენილი უძველესი ეგზემპლარი დაახლოებით 1,6 მილიონი წლის წინანდელია და უფრო მეტად გასაოცარი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ის მამონტების აქამდე უცნობ გენეტიკურ ხაზს ეკუთვნის, რომელიც საერთო წინაპარს 2 მილიონზე მეტი წლის წინ გამოეყო.
„ეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ყველა წინა კვლევა მიუთითებდა, რომ იმ დროისათვის ციმბირში მამონტების მხოლოდ ერთი სახეობა იყო, რომელსაც სტეპის მამონტს ვუწოდებთ. თუმცა, ჩვენ მიერ ჩატარებული დნმ-ის ანალიზები მიუთითებს, რომ იქ ორი სხვადასხვა გენეტიკური ხაზი უნდა ყოფილიყო, რომლებსაც ჩვენ ახლა ადიჩას მამონტი და კრესტოვკას მამონტი ვუწოდეთ. ჯერ დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ისინი შეიძლება ორ სხვადასხვა სახეობას წარმოადგენენ“, — ამბობს შვედეთის უფსალის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ტომ ვან დერ ვალკი.
ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. უფრო ახალ მამონტებთან ამ უძველესი მამონტების დნმ-ის შედარებით, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შეიძლება, სტეპის მამონტის ნაცვლად, სწორედ კრესტოვკის მამონტი იყო ის სახეობა, რომელმაც 1,5 მილიონი წლის წინ ბერინგის ხმელეთის ხიდი გადაკვეთა და ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა.
კოლუმბის მამონტის დნმ-ს კრესტოვკისა და ბეწვიანი მამონტის ნაზავი აქვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ბეწვიანი მამონტის გადასვლის შემდეგ, ამ ორმა სახეობამ ჰიბრიდი წარმოქმნა.
„მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. როგორც ჩანს, კოლუმბის მამონტი, გამყინვარების ხანის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით 420 ათასი წლის წინ წარმოიშვა ჰიბრიდიზაციის შედეგად.
გარკვეული საიდუმლოები აღმოაჩნდა ადიჩას მამონტსაც. 700 000 წლისა და დაახლოებით რამდენიმე ათასი წინანდელი მამონტების გენომებთან მისი გენომის შედარების გზით, ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს, როგორ მოერგო ბეწვიანი მამონტი არქტიკის ყინულოვან გარემოს.
ადაპტაციასთან დაკავშირებული თვისებები, ანუ თერმორეგულაციასთან, ბეწვის ზრდასთან, დღიურ რიტმთან, თეთრ და ყავისფერ ცხიმთან დაკავშირებული გენები უკვე წარმოდგენილი იყო ადიჩას გენომთან, იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ბეწვიანი მამონტი გამოჩნდებოდა. თუმცა, განვითარება ცხოველებმაც განაგრძეს; მაგალითად, ტემპერატურის შეგრძნებაში ჩართულ გენს უფრო მეტი ვარიანტები აღმოაჩნდა უფრო გვიანდელ ბეწვიან მამონტებში.
ჯგუფის მეთოდები ყველა ნაშთებისთვის არ გამოდგება. გაყინული ნიადაგების დაბალი ტემპერატურა დნმ-ის დეგრადაციას ანელებს, შესაბამისად, ამავე ხანის სხვა ნაშთები სხვა ადგილებში სავარაუდოდ უფრო მეტად დეგრადირებული იქნება; გარდა ამისა, გაყინულ ნიადაგებშიც არის გარკვეული ზღვარი, რომელზე უფრო ძველი დნმ-ის აღდგენაც შეუძლებელია.
„რჩება ერთ-ერთი უდიდესი კითხვა — რამდენად შორს შეგვიძლია დროში უკან წასვლა. ზღვრისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ნამდვილი მიღწევა იქნება, 2 მილიონი წლის წინანდელი დნმ-ის აღდგენა რომ შევძლოთ და იქნებ 2,6 მილიონი წლის წინაც წავიდეთ. ამაზე იქით უკვე აღარ არის გაყინული ნიადაგები, რომლებშიც შეიძლება უძველესი დნმ შენახულიყო“, — ამბობს შვედეთის პალეოგენეტიკის ცენტრის მოლეკულური არქეოლოგი ანდერშ გეტერშტრიმი.
დედამიწის გაყინულ ნიადაგებში მრავალი უძველესი ქმნილების სხეულია აღმოჩენილი. კვლევები ცხადყოფს, რამდენ გასაოცარ აღმოჩენას შეიძლება მალავდეს ძვლები, რომლებიც აქამდე იმდენად ძველად მიგვაჩნდა, რომ კვლევისათვის გამოუსადეგარი იყო.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.