მარსის მიწისქვეშა ტბების ამბავი საეჭვო და უფრო იდუმალი ხდება #1tvმეცნიერება
მარსის მიწისქვეშა ტბების ამბავი საეჭვო და უფრო იდუმალი ხდება #1tvმეცნიერება

2018 წელს, მეცნიერებმა გააკეთეს აღმოჩენა, რომელმაც შეიძლება, სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა მარსის, როგორც მტვრიანი, მშრალი პლანეტის შესახებ.

რადარულმა სიგნალებმა მიუთითა, რომ პლანეტის ზედაპირქვეშ არის კაშკაშა მონაკვეთი, რომელიც არაფერს ემთხვევა ისე ზუსტად, როგორც თხევადი წყლის მიწისქვეშა აუზს. შემდეგმა კვლევებმა კიდევ უფრო მეტი ასეთი კაშკაშა ლაქა აღმოაჩინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ მიწისქვეშა ტბების მთელი ქსელი იმალება.

საოცარია, არა? მიუხედავად იმისა, რომ მარსზე წყალი არის, მაგრამ ყინულის ფორმით, ამ დრომდე იქ არასოდეს აღმოგვიჩენია ერთი წვეთი თხევადი წყალიც კი.

არსებობს ერთი პრობლემა. ახალი ანალიზების მიხედვით, რომელმაც ათობით მე ასეთ კაშკაშა ლაქას მიაკვლია, ზოგიერთი მათგანი ისეთ რეგიონშია, რომელიც ზედმეტად ცივია თხევადი წყლის არსებობისთვის, თუნდაც ზედმეტად მარილიანის, რომელსაც გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე იყინება, ვიდრე თხევადი წყალი.

„არ ვართ დარწმუნებული, ეს სიგნალები თხევადი წყლისაა თუ არა, მაგრამ ისინი იმაზე მეტად გავრცელებული ჩანს, ვიდრე თავდაპირველი კვლევისას გვეგონა. არ ვიცით, მარსის სამხრეთ პოლუსის ქვეშ თხევადი წყალი მართლაც ასე უხვად არის, თუ ეს სიგნალები რაღაც სულ სხვაზე მიუთითებს“, — ამბობს NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის პლანეტური მეცნიერი ჯეფრი პლო.

პირველი ასეთი წარმონაქმნი მარსის სამხრეთ პოლუსთან, ყინულის ქუდის ქვეშ დააფიქსირა მარსის ორბიტაზე მოძრავი ხომალდის, „მარს ექსპრესის“ რადარმა MARSIS-მა.

საარქივო მონაცემებში ჩატარებულმა შემდეგმა ანალიზებმა ტბის მსგავსი კიდევ სამი ასეთი წარმონაქმნი გამოავლინა. რადარი MARSIS-ი მარსის ყინულის ქუდის ქვეშ „შესახედად“ რადარულ სიგნალებს იყენებს; ყინულის ქუდი შედგება ერთმანეთის მონაცვლეობით დაწყობილი ნახშირორჟანგისა და წყლის ყინულისგან.

ასეთი ტექნოლოგიების დედამიწაზე გამოყენებით ვიცით, რომელი სიგნალი მიუთითებს რომელიმე კონკრეტულ მასალაზე.

„ზოგიერთი მასალა რადარის სიგნალებს სხვებზე უკეთ ირეკლავს, თხევადი წყალი კი ერთ-ერთი ასეთი „მასალაა“. შესაბამისად, როდესაც ზედაპირქვეშიდან მომდინარე სიგნალები ზედაპირიდან არეკლილზე ძლიერია, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენ წინაშეა თხევადი წყალი“, — უთხრა შარშან გამოცემა ScienceAlert-ს ავსტრალიის სამხრეთ კუინზლენდის უნივერსიტეტის პლანეტურმა მეცნიერმა გრაციელა კაპარელიმ.

ზედაპირქვეშა ლაქებიდან მომდინარე ეს სიგნალები მართლაც უფრო ძლიერი იყო, ვიდრე თავად ზედაპირიდან წამოსული სიგნალები, მაგრამ შედარებით პატარა იყო თავად ის რეგიონი, სადაც მათ მიაგნეს.

გამომდინარე აქედან, ჯეფრი პლომ და არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტურმა მეცნიერმა ადიტია ხულერმა კვლევა განაგრძეს. MARSIS-ის მიერ 15 წლის განმავლობაში შეგროვებულ მონაცემებში მათ 44 000 გაზომვა გამოიყენეს მარსის სამხრეთ პოლუსის მთლიანად მოსაცავად.

შედეგად აღმოაჩინეს ათობით მეტი ძლიერ ამრეკლავი ლაქა, იმაზე გაცილებით დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე თავდაპირველად. თუმცა, ახლად გამოვლენილი ლაქების ზედაპირი მარსის ზედაპირიდან თითქმის კილომეტრის სიღრმეზეა, სადაც ტემპერატურა დაახლოებით -61 გრადუსი ცელსმიუსი უნდა იყოს.

წინა კვლევების დროს დადგინდა, რომ კალციუმისა და მაგნიუმის მარილებით გაჟღენთილი წყალი -123 გრადუსზეც კი შეიძლება შენარჩუნდეს საკმაოდ დიდი ხნით. ასევე ცნობილია, რომ მარსი კალციუმისა და მაგნიუმის მარილებით მდიდარია, ისევე, როგორც ნატრიუმის მარილებით. თუმცა, 2019 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, არანაირი ოდენობის მარილი არ არის საკმარისი, რათა გაადნოს ყინული მარსის სამხრეთ პოლუსის დაშრევებულ დანალექებთან.

ამ კვლევის მიხედვით, იქ წარმოდგენილი უნდა იყოს ბაზალური გათბობის რაღაც ფორმა, შესაძლოა, გეოთერმული აქტივობის — ვულკანიზმის სახით. მართალია, მარსზე ვულკანური აქტივობის კვალი ბოლო დროს მართლაც აღმოაჩინეს, მაგრამ ის უფრო ქვედა განედებზეა და არა პოლუსებთან.

„დაადგინეს, რომ ამ წყლის თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის საჭიროა მარსის სავარაუდო გეოთერმული სითბოს ორმაგი რაოდენობა“, — ამბობს ხულერი.

მისივე განცხადებით, ამ ოდენობის სიცხის მიღების ერთი შესაძლო გზაა ვულკანიზმი. თუმცა, სამხრეთ პოლუსთან ბოლოდროინდელი ვულკანიზმის რაიმე ძლიერი მტკიცებულება ნამდვილად არ არის ნაპოვნი და ნაკლებად სავარაუდო ჩანს, რომ ამ რეგიონში ზედაპირქვეშა წყლის არსებობის მიზეზი შეიძლება ვულკანური აქტივობა გამხდარიყო.

მაშ რა შეიძლება იყოს ეს კაშკაშა ლაქები? არ ვიცით. ჯგუფის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, ის თხევადი წყალი იყოს, მაგრამ ამბის გარკვევაში შეიძლება მათივე კვლევა დაგვეხმაროს. მაგალითად, ახლა უკვე ვიცით, რომ რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ეს ლაქები, მარსის სამხრეთ პოლუსთან ისინი საკმაოდ უხვად არის.

და თუ აღმოჩნდა, რომ ისინი მართლაც თხევადი წყალია, შემდეგ უკვე იმის გარკვევა იქნება საჭირო, როგორ გაჩნდა ის იქ.

კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.