მალხაზ სონღულაშვილი - საღვთო წერილი ისეთ ფენომენს არ იცნობს, რასაც ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჰქვია
მალხაზ სონღულაშვილი - საღვთო წერილი ისეთ ფენომენს არ იცნობს, რასაც ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჰქვია

საღვთო წერილი, რომელსაც მეტ–ნაკლებად ვიცნობ, ისეთ ფენომენს არ იცნობს, რასაც ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჰქვია, – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„ის, რასაც საღვთო წერილი გმობს, სექსუალური აღვირახსნილობაა, იქნება ეს ჰეტეროსექსუალური, თუ ჰომოსექსუალური. რამდენიმე თვის წინ აშშ–ში ვიმოგზაურე და ძალიან ვნანობ, რომ ცხოვრებაში პირველად ვიძუნწე და 35 დოლარად არ ვიყიდე სქელტანიანი, ლამაზი წიგნი – „რას ამბობს იესო ჰომოსექსუალიზმის შესახებ“. რომ გადავშალე, ამ წიგნში საერთოდ არაფერი ეწერა, მაგრამ მისი სიმბოლური მნიშვნელობა ისაა, რომ იესო ჰომოსექსუალიზმის შესახებ არაფერს ამბობს, ხოლო იქ, სადაც დუმილია, არ შეიძლება, იესოს რამე მივაწეროთ“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, დასაჯა თუ არა მალხაზ სონღულაშვილმა მთავარეპისკოპოსის პოსტიდან გადადგომით მრევლის ნაწილი, რომელმაც 2013 წლის 17 მაისს ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ გაილაშქრა, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მხოლოდ ახლა დაფიქრდა.

„ამაზე აქამდე არ მიფიქრია. შესაძლოა, ჩემი მხრიდან ეს ჩემი ხალხის დასჯა იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ძნელი გახლდათ, გამეგრძელებინა ეკლესიის წინამძღოლობა მაშინ, როცა თავს უაღრესად ხელმოცარულად ვგრძნობდი, რადგან ჩემს ხალხს, სასულიერო პირების უმეტესობას, სინოდის უმეტესობას, რომლებიც ჩემს ხელში იყვნენ გაზრდილი, უმარტივესი ქრისტიანული ჭეშმარიტება ვერ ვასწავლე, რომ ღმერთი უპირობო სიყვარულია. ის ყველას იღებს – თეთრკანიანს, მწვანეკანიანს, იმ ფერს, ამ ფერს, ცაციას, ჰეტეროსექსუალსა და ჰომოსექსუალს, რადგან ისინი ყველანი მისი შვილები არიან“, – განაცხადა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა.

მისი თქმით, სინოდის წევრები მაშინ ძალიან იყვნენ შეშინებული, რადგან ფიქრობდნენ, რომ თუ ეკლესიის წინამძღოლმა გამოაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვა არ არის, შესაძლოა, ადამიანები მისულიყვნენ და ისინი უბრალოდ, ჩაექოლათ.

„ეს შიშით გამოწვეული იყო, რაც ჩემთვის ძალიან მძიმედ მოსანელებელი გახლდათ. რაღაც თვალსაზრისით შესაძლოა, გასაგებია, მაგრამ როცა შენ თვითონ უმცირესობა ხარ, სხვა უმცირესობების მით უფრო უნდა გესმოდეს და არ უნდა გეშინოდეს, რადგან ქრისტიანობა გაბედულებისა და თავგანწირვის რელიგიაა, რომლის მაგალითსაც თავად ამ სარწმუნოების დამფუძნებელი იძლევა“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.