საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდი მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდი მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდმა იმსჯელა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილისის რეგიონის ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მიერ, პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ 19 იანვარს გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაზე, მათ შორის ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და იგი თეოლოგიურად გაუმართლებლად მიიჩნია, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც  საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდი მალხაზ სონღულაშვილის მიერ პირველი არხის ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებზე ავრცელებს.

როგორც სინოდის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდმა გამოხატა ღრმა პატივისცემა ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის მიმართ, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ „საღვთო წერილის მიხედვით, ქორწინება ეს არის კაცსა და ქალს შორის კავშირი“….. „და ჰომოსექსუალური პრაქტიკის ყველა ფორმა სრულ შეუსაბამისობაშია ბიბლიურ სწავლებასთან“.

ბაპტისტური ეკლესიის სინოდი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს პირად ცხოვრებაში ჩარევას და გამოხატავს მზადყოფნას „იდგეს დაჩაგრულისა და დამცირებულის გვერდით მიუხედავად მათი ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური კუთვნილებისა თუ სექსუალური ორიენტაციისა“ და აღნიშნავს, რომ „ჰომოსექსუალური პრაქტიკის ცოდვად შეფასება არ უნდა იყოს აღქმული ამ ადამიანების სიძულვილად“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის სრულ ევროპულ ინტეგრაციას და სრულიად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია იმ პოლიტიკური ძალების პროპაგანდა, რომლებიც ახდენენ დასავლური ღირებულებების იდენტიფიცირებას ჰომოსექსუალობის თემასთან“,- ნათქვამია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდის განცხადებაში.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სინოდის განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის თბილისის რეგიონის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი პირველი არხის გადაცემას „კვირის ინტერვიუ“ 19 იანვარს სტუმრობდა.