მალხაზ სონღულაშვილი - ჩვენი მიზანი მშვიდობიანი არსებობა და ყველასთან ხიდების შენება, რაც ყოველთვის ასე იქნება
მალხაზ სონღულაშვილი - ჩვენი მიზანი მშვიდობიანი არსებობა და ყველასთან ხიდების შენება, რაც ყოველთვის ასე იქნება

ჩვენ თავიდანვე ჩავთვალეთ, რომ ქრისტიანული ეკლესია ერთი ოჯახია, რელიგიების მრავალფეროვნებაც ერთი ოჯახია და საერთოდ, ერთი ოჯახია ადამიანები, რომლებიც ამ პლანეტაზე ცხოვრობენ – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ყველა რელიგიას ერთი მიზანი აქვს, რომ ადამიანს ეგოცენტრიზმისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს და უფრო ამაღლებულ, ესთეტიკურ, რელიგიურ, სულიერ კატეგორიებზე იმსჯელოს. ამდენად, ჩვენთვის მიუღებელი არ არის, მოვუსმინოთ და ნებისმიერი რელიგიური ტრადიციიდან ვისწავლოთ. ჩვენი რეფორმების მიზანი თავიდანვე ეს იყო, რომ ჩვენ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ის, რაც ლამაზია, რითაც შეიძლება გამოვხატოთ ის, რაც გვწამს, უნდა მივიღოთ, იქნება ეს მართლმადიდებლური ეკლესიის, რომის კათოლიკური ეკლესიის ტრადიცია თუ სხვა“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

მისი თქმით, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიას რეფორმების დროს ასეთი პრინციპი ჰქონდა, რომ არ უნდა არსებობდეს ტრადიცია, რომელიც არ შეიცვლება.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, მოყვა თუ არა ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიაში განხორციელებულ რეფორმებს გამოხმაურება მაშინდელი მართლმადიდებლური ეკლესიიდან, მალხაზ სონღულაშვილმა თქვა, რომ რეფორმებს ერთხანს ეჭვის თვალით უყურებდნენ, მაგრამ მართლმადიდებელი მეგობრებისგან, სასულიერო პირებისგან და იერარქებისგან მას ყოველთვის პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან ეს ყველაფერი ყველა რელიგიურ კონფესიასთან შერიგებას ემსახურებოდა.

„მიზანი მშვიდობიანი არსებობა და ყველასთან ხიდების შენება იყო და ეს ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.