მალხაზ სონღულაშვილი - ის, ვის დაბადების დღესაც ვზეიმობთ, ერთია და რადიკალური სხვაობა არ გვექნება
მალხაზ სონღულაშვილი - ის, ვის დაბადების დღესაც ვზეიმობთ, ერთია და რადიკალური სხვაობა არ გვექნება

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი ყველას ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს.

როგორც მალხაზ სონღულაშვილმა პირველ არხს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ იესოს შობას მთელ მსოფლიოში ზეიმობენ როგორც პროტესტანტული ოჯახის წარმომადგენლები, ასევე აღმოსავლური ეკლესიისა თუ რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები.

„ის, ვის დაბადების დღესაც ჩვენ ვზეიმობთ, ერთია და შესაბამისად, ჩვენ რადიკალური სხვაობა არ გვექნება. რაღა თქმა უნდა, არსებობს ლიტურგიული განსხვავებები, ინტერპრეტაციის განსხვავება, მაგრამ ის, რაც მნიშვნელოვანია, ყველანი ვზეიმობთ იესოს შობას, იქნებიან ესენი პროტესტანტული ოჯახის წარმომადგენლები, აღმოსავლური ეკლესიის წარმომადგენლები, თუ რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოში.

თავისებურებებს რაც შეეხება, ეს არის ინკლუზიური ღვთისმსახურება. იგი გახსნილია ყველა აღმსარებლობის ქრისტიანისთვის და ყველა რწმენის ადამიანისთვის. ყველასთვის, რომელსაც შეიძლება რწმენა საერთოდ არ ჰქონდეს, მაგრამ სჯერა, რომ მნიშვნელოვანია სიყვარული, მშვიდობა და მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის სიკეთე და სათნოება.

მე ყველას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს ყველა აღმსარებლობის ქრისტიანს, აღმოსავლურს, დასავლურს, პროტესტანტულს. ვუსურვებ ბედნიერებას, სიკეთეს, სიყვარულს და მშვიდობას ყველას, ვინც ამ დედამიწაზე ცხოვრობს“, – განაცხადა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარმა.

ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს.

ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.

კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს.

დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულის და სიკეთის გარშემო აერთიანებს.