მალხაზ სონღულაშვილი - რელიგიურმა ინსტიტუციებმა უნდა დაიბრუნონ პასუხისმგებლობა, რომელიც ქრისტემ ჩააბარა, ადამიანს ემსახურონ და არა ადამიანი იმსახურონ
მალხაზ სონღულაშვილი - რელიგიურმა ინსტიტუციებმა უნდა დაიბრუნონ პასუხისმგებლობა, რომელიც ქრისტემ ჩააბარა, ადამიანს ემსახურონ და არა ადამიანი იმსახურონ

რელიგიურმა ინსტიტუციებმა მთელ მსოფლიოში თავისი თავი ამოჭამეს და მოვიდა დრო, როცა მათ ფიქრი უნდა დაიწყონ, თუ როგორ იცხოვრონ და ემსახურონ ამ სრულიად ცვალებად, განახლებად განსხვავებულ საზოგადოებას, – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„რელიგიურმა ინსტიტუციებმა უარი უნდა თქვან ფეოდალურ მემკვიდრეობაზე. ანუ, დაიბრუნონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ქრისტემ ჩააბარა, რომ ადამიანს ემსახურონ და არა ადამიანი იმსახურონ. ეს ქრისტიანულ რელიგიაში, ხოლო სხვა რელიგიებში – შესაბამისად. ის, რაც ევროპაში, იგივე გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში ხდება, ძალიან კარგია“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა ასევე თქვა, რომ ღმერთი ყველაზე გაჭირვებულებთან ყველაზე ახლოსაა.

„ეს ქრისტიანობაში მთავარი პოსტულატია. სხვა რელიგიებმაც აღმოაჩინეს, რომ ღმერთი ადამიანთან ახლოსაა. მე ძალიან მიყვარს ისლამური ტრადიცია, რომელიც ამბობს, რომ ღმერთი შენთან გაცილებით ახლოს არის, ვიდრე – შენი საძილე არტერია. იმის გააზრება, რომ ღმერთი მასთანაა, საუკუნეების განმავლობაში მისტიკოსებისთვის, მორწმუნე ადამიანებისთვის შთაგონება იყო“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

როგორც მღვდელმსახურმა აღნიშნა, ადამიანი ღმერთს სიკეთის კეთების დროს ნახულობს.

„ადამიანი ღმერთს ნახულობ, როცა გაჭირვებულს ხელს უმართავ, როცა იმას აკეთებ, რისი გაკეთებაც არ გევალება, როცა ქუჩაში დაგდებულ ბანანის ქერქს იღებ და ურნაში აგდებ. ეს ღმერთთან ურთიერთობის ფორმაა, ისევე, როგორც ლოცვა, ლიტურგია და ქადაგებაზე დასწრება“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.