მალხაზ სონღულაშვილი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებული თვისებების ხალხი ვართ, მაგრამ ამავე დროს - გაცილებით დიდი, ადამიანთა ცივილიზაციის ნაწილი
მალხაზ სონღულაშვილი - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებული თვისებების ხალხი ვართ, მაგრამ ამავე დროს - გაცილებით დიდი, ადამიანთა ცივილიზაციის ნაწილი

ჩვენ ვართ გამორჩეული, განსაკუთრებული თვისებების მატარებელი და ასევე განსაკუთრებული წარსულის ხალხი, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ამ პლანეტაზე გაცილებით დიდი, ადამიანთა ცივილიზაციის ნაწილი ვართ, – ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენი კულტურისთვის ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის ასე იქნება. ეს განზომილება სამწუხაროდ, 90–იან წლებში ძალიან მიინავლა. საქართველოში ეთნო–ნაციონალიზმის უსაზღვრო აღზევებამ სავალალო შედეგები მოიტანა. ითვლებოდა, რომ კოსმოპოლიტურ თავისებურებებზე აქცენტის გაკეთება მიუღებელი იყო“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, თქვა თუ არა რეალურად საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, რომ ბაპტისტები ნამდვილი ქართველები არ არიან, მალხაზ სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ მას ეს განცხადება პირადად არ მოუსმენია, მაგრამ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მრევლს ამაზე ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდა.

„მახსოვს, ეკლესიაში ხალხი ძალიან აღშფოთებული იყო. ეს იყო დრო, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და მომავალს ყველანი დიდი იმედით ვუყურებდით. მართლმადიდებლურ თუ სხვა ეკლესიებთან მანამდე არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება გვინდოდა. ჩვენ ასე ვხედავდით, რომ ეს იყო შანსი, დიდი, მრავალფეროვანი, კოსმოპოლიტური კულტურის გაღვივებისა, რაც ჩვენს კულტურას, ქართველობას ხელს შეუწყობდა, მისი ინტეგრაცია უფრო ადვილად მომხდარიყო დანარჩენ მსოფლიოსთან, რომლისგანაც ის ლამის, 75 წლის განმავლობაში იყო იზოლირებული. სამწუხაროდ, ეს შანსი მაშინ დაიკარგა“, – განაცხადა მალხაზ სონღულაშვილმა.

როგორც ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა აღნიშნა, ჩვენ მივადექით მეორე ეტაპს, როცა ეს შანსი ისევ გაჩნდა, რომ როგორც კულტურამ, ცივილიზაციამ დანარჩენ მსოფლიოში ინტეგრაცია მოვახდინოთ და საერთო კულტურულ ცხოვრებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.