ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს ისეთი შენობებისა და სტრუქტურების აღმოჩენა შეუძლია, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს. მართლაც, სახეზე გვაქვს ამის კიდევ ერთი ბრწყინვალე მაგალითი: მაიას ცივილიზაციის ერთ-ერთი უდიდესი, ისტორიული ქალაქის აქამდე უცნობი, დამალული დასახლების აღმოჩენა.
საქმე ეხება თანამედროვე გვატემალის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ტიკალს. მიჩნეულია, რომ ის მაიას უძველესი იმპერიის ერთ-ერთი დომინანტი დასახლება იყო, განსაკუთრებით ზეობის პიკში, ახ. წ. 200-900 წლებში, როდესაც მისი მოსახლეობა 90 000 ადამიანამდე უნდა ყოფილიყო.
სკანირების ტექნოლოგია LIDAR-ის გამოყენებით, ზონაში, რომელიც აქამდე ბუნებრივად მიაჩნდათ, მკვლევრებმა ნაგებობები აღმოაჩინეს. გარდა ამისა, ნანგრევები ძლიერ ჰგავს ტეოტიუაკანის შენობათა სტილს — დიდ მეტროპოლისს, რომელიც აცტეკების აღზევებამდე საუკუნეებით ადრე ააგო დიდწილად უცნობმა კულტურამ.
ამან კი მკვლევრებს შეიძლება გარკვეულწილად გამოსადეგი ცნობები მისცეს იმის შესახებ, რა კავშირში შეიძლება ყოფილიყო ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მანძილი ათას კილომეტრზე მეტია, ცნობილია, რომ ვაჭრები ამ ორ ურბანულ ცენტრს შორის აქტიურად მიდი-მოდიოდნენ.
„ის, რაც ბუნებრივ ბორცვებად მიგვაჩნდა, ციტადელის შესატყვის ფორმა აღმოჩნდა, იმის მსგავსი ზონა, რომელიც ტეოტიუაკანში საიმპერატორო სასახლეს წარმოადგენს“, — ამბობს როდ-აილენდის ბრაუნის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი სტივენ ჰიუსტონი.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ და რატომ ააგო ეს უფრო პატარა მასშტაბის ასლი, აშკარად სახეზეა, რომ ტიკალსა და ტეოტიუაკანს შორის იმაზე გაცილებით სხვანაირი დონის კავშირები იყო, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.
აღმოჩენა კიდევ უფრო საოცარია იმით, რომ ტიკალს ჯერ კიდევ 1950-იანი წლებიდან იკვლევენ აქტიურად და ერთ-ერთი ის უძველესი ქალაქია, რომლის შესახებაც ალბათ ყველაზე ბევრი რამ ვიცით. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ზონა მაინც გამოგვრჩა.
სკანირებით მიღებული შედეგების დასადასტურებლად, არქეოლოგებმა გათხრები დაიწყეს და მალევე აღმოაჩინეს ტეოტიუაკანის მსგავსი ეს სტრუქტურა, რომელიც მათ მართლაც მომაჯადოებელ შესაძლებლობებს სთავაზობს. ტიკალი და ტეოტიუაკანი ერთმანეთისგან მრავალმხრივ განსხვავდებოდა, მათ შორის ზოგადი ზომით (ტეოტიუაკანი გაცილებით დიდი იყო).
მკვლევართა ვარაუდით, ნაგებობები შეიძლება გარკვეული სახის დიპლომატიური საელჩოები იყო, ანდაც სამხედრო საგუშაგოები. ისე ჩანს, თითქოს ის ტეოტიუაკანიდან მოსულმა ხალხმა ააგო ან ადგილობრივებმა მათ კონტროლქვეშ.
„თითქმის ბოლომდე მიუთითებს, რომ ადგილობრივ მშენებლებს უთხრეს, ამ გაშლილი კომპლექსის შენებისას გამოეყენებინათ მთლიანად არაადგილობრივი მშენებლობის ტექნოლოგია“, — ამბობს ჰიუსტონი.
მისივე თქმით, იშვიათად გვხვდება ორ ცივილიზაციას შორის ორმხრივი კავშირის მტკიცებულებები, მაგრამ აქ ისე ჩანს, რომ უცხოელები ამ ზონაში აგრესიულად შემოვიდნენ.
გათხრებმა ცხადყო, რომ ტიკალის ეს ნაგებობები მაიას ტრადიციული კირქვის ნაცვლად აშენებულია ტალახის ბათქაშით, რაც ასლის აშენების გარკვეულ მცდელობაზე მიუთითებს. ამას გარდა, ემთხვევა ტეოტიუაკანის შენობების სპეციფიკურ, 15,5-გრადუსიან აღმოსავლეთი-ჩრდილოეთის განლაგებასაც.
მთავარი ინტრიგა კი ის არის, რომ ტეოტიუაკანის არმიებმა ტიკალი მე-4 საუკუნის ბოლოს დაიპყრეს. აშკარაა, რომ ორ გავლენიან ქალაქს შორის კავშირები ცუდად დასრულდა, მაგრამ უცნობია, რა ხდებოდა ამ მოვლენამდე ასობით წლით ადრე.
კიდევ ერთი აღმოჩენაა სავარაუდოდ ტეოტიუაკანელი მებრძოლის სამარხი, რომელიც ძლიერ ჰგავს ტეოტიუაკანში არსებულ ასეთივე ძეგლებს. სავარაუდოდ, ეს კიდევ ერთი მინიშნებაა ამ ორ ქალაქს შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ.
წარსულის უკეთ შესწავლის გარდა, ეს ახალი კვლევა მეცნიერებს იმის შანსსაც აძლევს, რომ შეისწავლონ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი: კოლონიალიზმი. ტიკალში გათხრები გრძელდება.
„მესოამერიკაზე ტეოტიუაკანის გავლენის კვლევა შეიძლება ის გზა იყოს, რომლითაც შევისწავლით კოლონიალიზმის საწყისებს, მის მიერ მოტანილ ჩაგვრასა და ადგილობრივ შეთქმულებებს“, — ამბობს როდ-აილენდის ბრაუნის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი სტივენ ჰიუსტონი.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია brown.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.