არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებ, პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმის შესახებ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას შევძლებთ
არჩილ თალაკვაძე - ვიმედოვნებ, პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმის შესახებ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას შევძლებთ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იმის დასადგენად შეიქმნა, არის თუ არა ამ საქმეში სახელმწიფო მართლმსაჯულების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

შესაბამისად, მისი განმარტებით, კომისიის ამოცანა იყო, სწორედ ამაზე გაეცა პასუხი, თუმცა „ევროპულმა საქართველომ“ პოლიტიკურ გრავიტაციას თავი ვერ დააღწია.

„სამწუხაროდ, „ევროპულმა საქართველომ“ ვერ დააღწია პოლიტიკურ გრავიტაციას თავი, რაც გახდა ჩვენი უთანხმოების მიზეზი ბოლო სხდომაზე. შედეგებთან, რომელთანაც ერთად მივედით, მათ დასკვნაში დამატებით ჩაწერეს მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური მოთხოვნებიც, რომელსაც საერთო არ აქვს კომისიის მუშაობასთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამის ერთ-ერთ მაგალითად უმრავლესობის ლიდერმა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობის დასმის საკითხის მოთხოვნა დაასახელა.

„ისინი ითხოვენ იუსტიციის მინისტრის გადადგომას, რადგან თქვა, რომ ბავშვების დაჭერა არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე; ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას მხოლოდ იმიტომ, რომ მან გააკეთა განცხადება და თითქოს, ამ განცხადების შემდეგ გამოძიება შეწყდა. მაშინ, როდესაც განცხადების შემდეგ 490 საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და დააკავეს პირები“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი „ევროპული საქართველოს“ დასკვნას.

„ასეთი ტიპის პოლიტიკური მოთხოვნების გამო, ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი „ევროპული საქართველოს“ დასკვნას. იმედს ვიტოვებ, პლენარულ სხდომაზე შევძლებთ პოლიტიკური ინტერესებიდან დაცლილი დადგენილების მიღებას, სადაც მხოლოდ ობიექტური დასკვნები იქნება მოცემული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.

არსებული ინფორმაციით, ​საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე პარლამენტი დადგენილების პროექტს მოამზადებს, რომელიც კენჭისყრაზე გავა.