დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ დასკვნას დაუჭირა მხარი
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ დასკვნას დაუჭირა მხარი

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით დაუჭირა მხარი ოთხის წინააღმდეგ.

კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ კენჭისყრაზე ასევე დააყენა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ცხრა წინააღმდეგი წავიდა.

დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით, ცხრა წევრით „ევროპული საქართველო“ იყო წარმოდგენილი. კომისიაში ასევე შედიოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ კომისიის მუშაობაში აღარ იღებდა მონაწილეობას.

საპარლამენტო უმცირესობის დასკვნის მიხედვით, გამოიკვეთა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს. ამასთან, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნაც მოხვდა.

დღევანდელ სხდომაზე დასკვნა ასევე წარადგინეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიებისას არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია გამოძიების საბოლოო შედეგებზე. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანება არ არის სამოხელეო დანაშაულის ან განზრახ ქმედების შედეგი. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დასკვნის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებები დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს როლზე კითხვებს აჩენს, თუმცა დევნის დაწყებაზე მითითება საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება.

დატოვე კომენტარი