უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ფაქტობრივი გარემოებები დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს როლზე კითხვებს აჩენს, თუმცა დევნის დაწყებაზე მითითება საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება  
უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ფაქტობრივი გარემოებები დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს როლზე კითხვებს აჩენს, თუმცა დევნის დაწყებაზე მითითება საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება  

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტში მ.კ-სა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ეპიზოდები ცალკე თავად არის გამოყოფილი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიას დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს როლთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებები გარკვეულ კითხვებს უჩენს, თუმცა, კომისიის მხრიდან კონკრეტული პირის მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტის დადგენა, პირის ქმედებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება ან ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე მითითება საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება და მხოლოდ მართლმსაჯულების ორგანოების კომპეტენციაა.

დასკვნის პროექტში საქმეში მ.კ-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციაა მოცემული და ნათქვამია, რომ საგამოძიებო კომისიისთვის ჩხუბის ყველა დეტალის ამ ეტაპზე სრულად აღდგენა შეუძლებელია, განსხვავებული ჩვენებებისა და გასული დროის გამო, თუმცა, კომისიამ მოწმეებისგან მიღებული ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ მ.კ-სთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

„2017 წლის პირველ დეკემბერს, დილის საათებში, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საპირფარეშოში მე-9 კლასელ თ.ჩ-სა და მე-11 კლასელ დ.ნ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკების დროს, საპირფარეშოში მე-9 კლასელი ა.ს. და მე-11 კლასელი დ.ღ. იმყოფებოდნენ. შელაპარაკების მიზეზი იყო, რომ დ.ღ-ს თან სათამაშო პნევმატური პისტოლეტი ჰქონდა, რომლიდანაც პლასტმასის ბურთულა ერთ-ერთ მე-9 კლასელს ესროლა. აღნიშნულზე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, დ.ნ-მ  თ.ჩ-ს უთხრა, რომ საპირფარეშოში „ჩააყოფინებდა თავს”. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დ.ნ-მ  თ.ჩ-ს უთხრა, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეხვდებოდა. თ.ჩ-მ ამის შესახებ ა.ს-ს უთხრა, რომელსაც გაკვეთილების დასრულების შემდეგ მე-11 კლასელებთან მარტო შეხვედრა არ სურდა და ამის გამო გადაწყვიტა, თავის დეიდაშვილს – მ.კ-ს დაკავშირებოდა, რომელიც 61-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. ა.ს-მ სოციალური ქსელ – ინსტაგრამის მეშვეობით მ.კ-ს საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის თაობაზე მისწერა. მ.კ. რომელიც ამ დროს სახლში იმყოფებოდა, სოციალური ქსელ – „ფეისბუქის“ მეშვეობით თავის მეგობარ გ.ჯ.-ს დაუკავშირდა და  51-ე სკოლასთან მისვლა სთხოვა. თავის მხრივ, გ.ჯ. „ფეისბუქით”გ.მ-ს დაუკავშირდა, რომელიც ამ დროს სკოლას აცდენდა. გ.ჯ. თავად პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში იმყოფებოდა, საიდანაც გაკვეთილების დასრულებამდე თავის კლასელ გ.ბ-სთან და გ.ი-სთან ერთად პეკინის ქუჩაზე მ.კ-სთან შესახვედრად წავიდა, საიდანაც ოთხივე ტაქსით 51-ე სკოლასთან გაემგზავრნენ. მათ პარალელურად გ.მ. და ა.დ. შეუერთდათ. 51-ე სკოლასთან, დაახლოებით 13:30-13:40 დროის მონაკვეთში, ექვსი მოზარდი – მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ. და გ.ი. მივიდა“, – აღნიშნულია პროექტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 51-ე სკოლის წინ მ.კ-მ მეგობრებს უთხრა, რომ გარკვეული საგანი ჰქონდა.

„გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 51-ე სკოლიდან მე-9 კლასელები თ.ჩ. და ა.ს. გამოვიდნენ, რომლებმაც მ.კ-ს და დანარჩენ მოზარდებს ინციდენტის შესახებ მოკლედ მოუყვნენ. ამ დროს სკოლის გარეთ სხვა 51-ე სკოლელები შეიკრიბნენ. საბოლოოდ, ხორავას N4-ისკენ გაემართნენ – მ.კ., გ.ჯ., გ.ბ., გ.მ., ა.დ., გ.ი., ა.ს., თ.ჩ., თ.ბ., ს.ფ., (მე-9 კლასელების და მისული 6 მოზარდის მხარე, სულ 10 ადამიანი) და დ.ნ., დ.ღ., დავით სარალიძე, თ.ნ., დ.შ., გ.მ.2, ი.ნ., ლ.ს., ლ.ბ., გ.ჯ.2 და ლევან დადუნაშვილი (51-ე სკოლის მე-11 კლასელები). ხორავას ქუჩისკენ ასევე 21-ე სკოლის მოსწავლეები ი.ჯ., ზ.ტ., ლ.ნ. და ლ.ე წავიდნენ, რომლებიც 51-ე სკოლის წინ თავიანთ ნაცნობებს – გ.ი.-ს და გ.ბ.-ს შეხვდნენ. ხორავას N4-ის ეზოში შესვლის შემდეგ, თავდაპირველად, ფარდულის მარცხნივ მდებარე მანქანის წინ, ამ მოზარდების მხოლოდ მცირე ჯგუფი განლაგდა. კერძოდ, მოსული მოზარდების მხრიდან  – თ.ჩ. ა.ს. მ.კ. და გ.ჯ. და 51-ე სკოლის მხრიდან – დ.ნ. დ.ღ. დ.ს. დ.შ. თ.ნ. დანარჩენი მოზარდები ამ ჯგუფის უკან, ხორავას ეზოში და შესასვლელ თაღთან იმყოფებოდნენ. პირველ ეტაპზე თ.ნ. ცდილობდა მოზარდები შეერიგებინა, თუმცა შემდეგ, დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის საუბარი დაიძაბა. რაღაც მომენტში გ.ჯ. დავით სარალიძეს ხელით შეეხო, საპასუხოდ მან გ.ჯ.-ს სიგარეტის ნამწვი ესროლა. ამის შემდეგ გ.ჯ.-მ დავით სარალიძეს შეაგინა და ჩხუბი დაიწყო. დ.ღ.-მ გ.ჯ.-ს დაარტყა, ხოლო დავით სარალიძე სხეულით გ.ჯ.-ს დაეჯახა და ფარდულში შეაგდო, სადაც მოჩხუბრებს მ.კ. და დ.ღ შეყვნენ. დავით სარალიძემ შებოჭვის მსგავსი ილეთით ფარდულში გ.ჯ. შეაგდო, რასაც გ.ჯ.-ს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა. გ.ჯ. დავით სარალიძეს მოხრილ მდგომარეობაში ჰყავდა და მასზე ხელები მოხვეული ზემოდან ჰქონდა. ამ მდგომარეობაში გ.ჯ.-მ დანა ამოიღო და სარალიძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ფარდულში ასევე მ.კ. იმყოფებოდა, რომელმაც ერთ-ერთი მოზარდის განმარტებით, ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი ჩაიყო. გ.ჯ.-ს განმარტებით, ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში რაღაც საგანი ჰქონდა, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დასკვნის პროექტში საუბარია იმაზე, როგორ დატოვეს ჩხუბის შემდეგ მოზარდებმა ეზო.

„სვანიძის ქუჩაზე მოზარდებს მ.კ. გამოეყო და გუდაურის ქუჩაზე მდებარე მაღაზიისკენ წყლის საყიდლად  წავიდა. მას თან ზ.ტ. გაჰყვა. დანარჩენმა 8 მოზარდმა გზა გუდაურის ქუჩაზე განაგრძო, შემდეგ კი ჯანაშიას ქუჩით ხორავაზე ჩავიდნენ და ხორავას 26-ში მდებარე ონკანიანი ეზოსკენ გაემართნენ. მას შემდეგ, რაც გუდაურის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში მ.კ.-მ ორი ბოთლი წყალი იყიდა, ის და ზ.ტ. ხორავას 26-ში მდებარე ონკანიანი ეზოსკენ გაემართნენ. გზაში მათ ლ.ჯ. შეხვდათ, რომელსაც ცოტა ხნით ადრე დახმარების სათხოვნელად გ.ჯ.-მ დაურეკა. შესაბამისად, მ.კ. ზ.ტ. და ლ.ჯ. ერთად ხორავას 26-ში მივიდნენ და დანარჩენ მოზარდებს შეუერთდნენ. ეზოში გ.ჯ.-მ ონკანზე სისხლიანი თავი დაიბანა. რამდენიმე მოწმის ჩვენებით, დაბრუნებულმა მ.კ-მ გ.ბ-ს მისი დანა დაუბრუნა. ამავე დროს, რამდენიმე მოზარდი ამბობს, რომ მ.კ-ს ხელში დაუდგენელი ნივთი ეჭირა. ონკანიანი ეზოდან მ.კ-მ თავის ძმას დაურეკა და დასახმარებლად მისვლა სთხოვა. ხორავას 26-დან ტაქსით სახლებში წავიდნენ – გ.მ. გ.ბ. გ.ი. ა.დ. და ლ.ნ. მალევე ხორავასა და პეტრიაშვილის კვეთაზე მ.კ-ს მამა თენგიზ კალანდია, ძმა ლუკა კალანდია და მამის მეგობარი გიორგი თურქია მივიდნენ, რომლებმაც გ.ჯ. და მ.კ. კალანდიებთან სახლში წაიყვანეს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

პროექტის თანახმად, საგამოძიებო კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ნაწილი დადგენილია ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში. ამასთან, გარკვეული ახალი გარემოებები გამოვლინდა სასამართლო განხილვის ეტაპზე, ასევე, ძირითადი საქმისგან გამოყოფილი საქმის ფარგლებში და საგამოძიებო კომისიის წინაშე ახსნა-განმარტებების მიცემისას.

„აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ინფორმაცია, რომელიც გამოძიების ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნდა, დაზუსტდა ან შეიცვალა სასამართლო პროცესის დროს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კომისიას დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს როლთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს უჩენს, თუმცა, კომისიის მხრიდან კონკრეტული პირის მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტის დადგენა, პირის ქმედებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება ან/და ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე მითითება სცდება საგამოძიებო კომისიის მანდატს და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მართლმსაჯულების ორგანოების კომპეტენციას. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ კომისიის მხრიდან ნებისმიერი დასკვნა თუ რეკომენდაცია უნდა გაკეთდეს იმ ფორმით, რომ გამოირიცხოს რაიმე სახის ჩარევა ან ზემოქმედება მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე”, – ნათქვამია პროექტში.

მ.კ-ს ეპიზოდის ნაწილში საუბარია მირზა სუბელიანზეც.

„2018 წლის 23 ივლისს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს დანაშაულის მოხდენიდან მალე, მას მირზა სუბელიანი დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრისას ის იყო დაბნეული და თბილისის პროკურორს სთხოვა, ერჩია მისთვის, რა გაეკეთებინა. მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, მან მირზა სუბელიანს მოუწოდა, მისი შვილი პოლიციაში დასაკითხად მიეყვანა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის რომელიმე თანამდებობის პირთან შეხვედრა კომისიისთვის ოფიციალური ახსნა-განმარტების მიცემისას, 2018 წლის 22 ივლისს, თავად მირზა სუბელიანმა უარყო. მირზა სუბელიანმა კომისიასთან შეხვედრის დროს განმარტა, რომ მას მ.კ.-სთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, მაშინ როდესაც 11-12 აპრილს მისი ტელეფონიდან მ.კ.-ს ტელეფონზე განხორციელებულია 11 ზარი და მიღებულია ერთი ზარი. საერთო ჯამში მათ შორის საუბარში გატარებულია დაახლოებით 8 წუთი. 2018 წლის 22 ივლისს, საგამოძიებო კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას თენგიზ კალანდიამ განაცხადა, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ახალი დაბინდებული იყო, როდესაც ის და მისი შვილი ლუკა კალანდია პოლიციამ განყოფილებაში ვერაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე წაიყვანა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, პირველ  დეკემბერსვე გვიან საღამოს მასთან სახლში მირზა სუბელიანი მივიდა, რომელიც მასთან გვიანობამდე იმყოფებოდა, მათ შორის, მანამ სახლში წეროვანიდან დაბრუნდა მ. კ. აღსანიშნავია, რომ მირზა სუბელიანმა პირველ დეკემბერს გვიან საღამოს თენგიზ კალანდიას ნახვა კატეგორიულად გამორიცხა. ამასთან, 2018 წლის 17 ივლისს კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემისას მერაბ მორჩაძემ (რომელიც დაკავებულია ამ საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში) განაცხადა, რომ 2018 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ, რომელზეც მოწმე მ.კ.-მ შეცვალა გამოძიების პროცესში მის მიერ მიცემული ჩვენება, მას მირზა სუბელიანი დაუკავშირდა და ისინი ერთმანეთს 2018 წლის 12 აპრილს საღამოს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მირზა სუბელიანმა ეს შეხვედრაც უარყო”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დასკვნის პროექტის მიხედვით, მირზა სუბელიანის მიერ საგამოძიებო კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტება სხვა პირების ახსნა-განმარტებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გაჩნდა დამატებითი კითხვები კომისიისთვის შესაძლო ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის ნაწილში.

„საქმის მასალებიდან ასევე ცნობილია, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს გ.მ. დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს მას ზურგის არეში დაზიანება მიაყენეს (გულმკერდის უკანა ზედაპირზე ხერხემლის ხაზიდან 1.5 სმ დაშორებით მარცხნივ დაახლოებით 8-9 ნეკნების მიმდებარედ). ათი დღის დაგვიანებით, 2017 წლის 12 დეკემბერს, დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გ.მ.-ს „გულმკერდის უკანა ზედაპირზე არსებული სწორნაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს სწორკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.