ნოდარ მუსერიძე - წინა ხელისუფლების დროს სამი თვე მომიწია ციხეში ყოფნა, გაუსაძლისი სიტუაცია იყო, მქონდა წყლულიდან სისხლდენა, სამი თვე ვიკვებებოდი პურის ქერქით, 85 კილო ვიყავი, რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი
ნოდარ მუსერიძე - წინა ხელისუფლების დროს სამი თვე მომიწია ციხეში ყოფნა, გაუსაძლისი სიტუაცია იყო, მქონდა წყლულიდან სისხლდენა, სამი თვე ვიკვებებოდი პურის ქერქით, 85 კილო ვიყავი, რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი

ნოდარ მუსერიძემ, რომელიც 2006 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი იყო, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ციხეში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

ნოდარ მუსერიძის თქმით, ციხეში გაუსაძლისი პირობები იყო.

„სამი თვე მომიწია იქ ყოფნა. გაუსაძლისი სიტუაცია იყო, მქონდა წყლულიდან სისხლდენა. ჰეპატიტი მაქვს ქრონიკული, ღვიძლის დაავადება. პირველად რომ შემიყვანეს და ექიმმა ნახა ჩემი დაავადების ნუსხა, აქ რა უნდა ქნა, შენ აქ ვერაფერს შეჭამო. სამი თვე ვიკვებებოდი პურის ქერქით. 85 კილო ვიყავი, რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი, ვეღარ დავდიოდი. ვუყურებდი, რა საძაგლობაც ჩემ თვალწინ ხდებოდა. ადამიანი ყოველთვის ფიქრობ, რომ დღეს მას ასე თუ ექცევიან, დიდი შანსია, ხვალ შენც ასევე მოგექცნენ. საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ნაჭერი ეფინა, ტანისამოსის დაფენის უფლებას არ გვაძლევდნენ. მას შემდეგ ნერვის ქრონიკული ანთება მაქვს და მიჭირს სიარული. ჩემთან იჯდა 18 წლის ბიჭი, რომელიც მანამდე ორი თვე იყო დაჭერილი და მე რომ მიმიყვანეს, სამი თვე ჩემთან ერთად იყო. სამი თვის განმავლობაში ყურიდან მოსდიოდა სისხლი და ექიმი ყურადღებას არ აქცევდა. ბოლოს წამლები დამინიშნეს, „ომეპრაზოლი“, რომ ჩემი დაავადებისთვის მიმეხედა. ექიმი რომ მოვიდა, გავუბედეთ და ვუთხარით, ადამიანს ყურიდან სისხლი მოსდისო. ექიმმა კი უთხრა, რა არის, ყურში გაგაუპატიურესო?“ – განაცხადა ნოდარ მუსერიძემ.