უმრავლესობის წევრთა დასკვნა ხორავას ქუჩის საქმეზე - გამოძიებისას არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია გამოძიების საბოლოო შედეგებზე
უმრავლესობის წევრთა დასკვნა ხორავას ქუჩის საქმეზე - გამოძიებისას არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია გამოძიების საბოლოო შედეგებზე

თბილისში, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი 20 გვერდიანია. მმართველი გუნდი დასკვნას დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.

პირველმა არხმა აღნიშნული დოკუმენტი ექსკლუზიურად მოიპოვა, რომელშიც საუბარია კომისიის შექმნის მიზეზებზე, კომისიის მიერ გაწეულ სამუშაოებზე, ჩაუტარებელ და დაგვიანებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, საგამოძიებო ორგანოების რეაგირებაზე საქმის სხვა ფიგურანტებთან მიმართებაში, ასევე შემუშავებულია რეკომენდაციები.

როგორც დასკვნის პროექტში, კომისიის შედეგების მოკლე შეჯამების ნაწილში აღნიშნულია,  კომისიამ დაადგინა, რომ საქმის გამოძიების პროცესში არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა აღნიშნულს არ მოუხდენია გავლენა საქმის გამოძიების საბოლოო შედეგებზე.

„კომისიამ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან პოლიტიკური მოტივით ადგილი არ ჰქონია. ასევე, დასკვნის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა ცვლილებების განხორციელება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლიდანაც პირველი არხი ძირითად აქცენტებზე ცალკეულ ინფორმაციებს მოამზადებს.