არჩილ თალაკვაძე - დღეს რაზეც მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე იყო აქტუალური ევროკავშირისთვის და დღემდე რჩება აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად
არჩილ თალაკვაძე - დღეს რაზეც მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე იყო აქტუალური ევროკავშირისთვის და დღემდე რჩება აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად

დღეს რაზეც მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე იყო აქტუალური ევროკავშირისთვის და დღემდე რჩება აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მიესალმება ნებისმიერ იდეას, ინიციატივას თუ კრიტიკას, ოღონდ ეს გამჭვირვალედ უნდა იყოს წარმოდგენილი.

„ამასობაში ევროპარლამენტის ახალი ანგარიშიც წამოგვეწია, სადაც ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბენეფიციარებმა, რომლებიც ევროკავშირისგან იღებენ გრანტებს, უნდა უზრუნველყონ სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დეტალურად წარუდგინონ საზოგადოებას, ევროკავშირს ანგარიში იმასთან დაკავშირებით, როგორ ნაწილდება თანხები. არა მხოლოდ ძირითადი ბენეფიციარები, არამედ ქვეკონტრაქტორებიც რა თანხებს იღებენ და როგორ ხარჯავენ ევროკავშირისგან გამოყოფილ გრანტებს, მათ შორის, საუბარია წყაროებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, რაზეც დღეს მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ძალიან აქტუალური ევროკავშირისთვის და იქაც დღემდე რჩება აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ იდეას, ინიციატივას თუ კრიტიკას, ოღონდ უნდა იყოს გამჭვირვალედ წარმოდგენილი და საჯარო პროცესში გამჭვირვალედ, ანგარიშვალდებული მონაწილეობით იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ განმარტა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ საკანომდებლო ინიციატივა არავის უკრძალავს საქმიანობას.

„ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს და მათ შემოსავლებს. არც ფერმერებს, არც პედაგოგებს, მეცნიერებს და არც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანს. არ ეხება ჩვენი თანამემამულეების მიერ განხორციელებულ გადმორიცხვებს საზღვარგარეთიდან. ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, რომელთაც 20%-ზე მეტი დაფინანსება აქვთ საზღვარგარეთიდან. გუშინ მთელი დღის განმავლობაში გვესმოდა ბრალდებები ყველა ბრუნვაში – რუსული, რუსულმა, რუსულს. ბრალდებები გვესმოდა, მათ შორის, იმ ხალხისგან, ვინც ფულს იხდიდა იმაში, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. დადიოდა ევროპაში და  ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდა, რომ საქართველოსთვის არ უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ვინც ევროპული მომავლის საბოტაჟით იყო დაკავებული, ის ადამიანები ბედავენ და გვაბრალებენ, თითქოს რაღაც რუსული პროექტი არის შემოტანილი. სინამდვილეში, ევროპული პერსპექტივა სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დააბრუნა ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით. ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მედია, ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ადამიანის უფლებების დაცვა, პატივისცემა დაბრუნდა ქვეყანაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.