არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, ეს არის არგუმენტი, რის გამოც ლიეტუვაში ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ არის
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან, ეს არის არგუმენტი, რის გამოც ლიეტუვაში ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ არის

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და შეფასებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან. ეს არის არგუმენტი, რის გამოც ლიეტუვაში ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში წესების სრული დაცვით იმოქმედა.

„მას კანონმდებლობა ანიჭებს უფლებას, პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ამაში არაფერი სენსაციური არ არის და არავითარი საკამათო არ არსებობს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, სალომე ზურაბიშვილმა არაერთ ეთერში თუ საერთაშორისო პლატფორმაზე დასვა კითხვები, იმსახურებდა თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. ასევე, მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში გაატარა და რაზეც ბრიუსელში ევროკავშირის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ასევე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე პირდაპირ თქვეს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება, განცხადებები და შეფასებები, რომლებიც მას არაერთხელ დაუფიქსირებია საერთაშორისო ვიზიტებშიც, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, ეს გახლავთ არგუმენტი, რის გამოც ამ ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.