არჩილ თალაკვაძე - გამჭვირვალობის შესახებ ჩვენი კანონპროექტი გვეხმარება ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო ჩარევის პრევენციაში, დავხურეთ ეს თემა
არჩილ თალაკვაძე - გამჭვირვალობის შესახებ ჩვენი კანონპროექტი გვეხმარება ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო ჩარევის პრევენციაში, დავხურეთ ეს თემა

გამჭვირვალობის შესახებ ჩვენი კანონპროექტი გვეხმარება ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო გარე ჩარევის პრევენციაში, დავხურეთ ეს თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ევრობარომეტრის ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში ათიდან რვა მოქალაქე ფიქრობს და გამოხატავს წუხილს, რომ უცხოური გავლენა ევროკავშირში არის პრობლემა, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

„ევროკავშირის ათიდან რვა მოქალაქე როცა ამბობს, რომ უცხოური გავლენა, ჩარევა მათ დემოკრატიაში არის პრობლემა და თავის მთავრობებს, ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, იმოქმედეთ, რომ აქედან დავიცვათ ჩვენი საზოგადოებაო, ეს რას ნიშნავს? ჩვენი ოპონენტები ვისი სახელით გველაპარაკებიან? საქართველოს მოქალაქეებმა თქვეს, ეს არ არის ჩვენთან პრობლემაო? ჩვენი კანონპროექტი გვეხმარება ნებისმიერი გარე ჩარევის, მათ შორის რუსეთის შესაძლო გარე ჩარევის პრევენციაში, დავხურეთ ეს თემა.

რეალურად, ევროდირექტივა ამბობს, რომ ევროკავშირის მასშტაბით, დანარჩენმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ეს კანონმდებლობა და ამბობს, რომ თვითონ უნდა დაარეგულირონ გარკვეულ ფარგლებში, რა მექანიზმები სჭირდებათ, რომ გარე ჩარევისგან დაიცვან თავიანთი საზოგადოება და დემოკრატია.

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, მოლდოვა, უკრაინა – ამ ქვეყნებსაც ეხებათ ის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირში აქვთ მიღებული. ჩვენი ოპონენტები რომ ამბობენ, იქ რუსეთია ჩაწერილიო, მხოლოდ რუსეთი კი არ არის ჩაწერილი, ევროკავშირის წევრების გარდა, ყველას ეხება ის კანონმდებლობა, ისევე როგორც ჩვენს შემთხვევაში. ამიტომ ვამბობთ, გვითხრათ ერთი პუნქტი, სადაც ქართული კანონპროექტი იმეორებს რუსულს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ქართული კანონმდებლობა ეხება ყველას, ვინც შეიძლება, პოტენციურად ჩაერიოს საქართველოს დემოკრატიაში.

„წინასწარ რომ გამოდიან დღეს გარკვეული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკაში არიან ჩართული და ამბობენ, ჩვენ არ  ვართ ეგენიო, ეს  რას ნიშნავს? ჩვენ არ ვართ უცხოური გავლენის რეესტრში შესაყვანი ხალხიო და არც უნდა გვეხებოდეს ეგ რეგულაციო, ჯერ თქვენ ვინ გაბრალებთ, წინასწარ რატომ ლაპარაკობთ? ამიტომ ყველას ვეუბნებით, შემოდით არსებით, საგნობრივ დისკუსიაში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.