ლაშა პატარაია - კიბერუსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების დონეზე უნდა იყოს აყვანილი
ინციდენტი, რომელთანაც საქმე გვაქვს, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა, – ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა ლაშა პატარაიამ საქართველოს პირველ არხს მასშტაბური კიბერშეტევის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.
„დგება მომენტი, როდესაც უსაფრთხოების შეგრძნება უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე და ეს შეგრძნება როდესაც იკარგება, უსაფრთხოებაც ბუნებრივია, რისკებს შეიცავს. როდესაც ხდება, მერე ვმსჯელობთ ამ ყველაფერზე, ამიტომ, რეკომენდაცია იქნება, რომ მეტი ინვესტიცია ჩაიდოს უსაფრთხოებაში. უნდა არსებობდეს მეტი ნება იმის, რომ კიბერუსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების დონეზე იქნეს აყვანილი, რადგან ინციდენტი, რომელთანაც საქმე გვაქვს, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა“, – განაცხადა ლაშა პატარაიამ.
კითხვაზე, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მომხდარ ჰაკერულ თავდასხმას, ექსპერტის თქმით, იკვეთება რუსული სპეცსამსახურების ინტერესი, რაც შეიძლება, დაუკავშირდეს როგორ საქართველოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირების მცდელობას ან ბორდერიზაციის პროცესის გადაფარვას.
„თუ ვვარაუდობთ რუსულ სპეცსამსახურებს, ეს შეიძლება დავაკავშიროთ იმას, რომ მართლაც მიმდინარეობს გარკვეული პროცესები ბორდერიზაციასთან დაკავშირებით და შესაძლოა, ამის გადაფარვის მცდელობა იყოს ინფორმაციულ ომში“, – განაცხადა ლაშა პატარაიამ.
ამასთან, ექსპერტის თქმით, 28 ოქტომბერს მომხდარი ჰაკერული თავდასხმა შეიძლება, მასშტაბებით შევადაროთ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში მომხდარს.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა გუშინ განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.