კოსმოსი ისე, როგორც ჯერ არ გინახავთ — NASA ჯეიმს ვების ტელესკოპის პირველი ფოტოების მორიგ სერიას აქვეყნებს #1tvმეცნიერება
კოსმოსი ისე, როგორც ჯერ არ გინახავთ — NASA ჯეიმს ვების ტელესკოპის პირველი ფოტოების მორიგ სერიას აქვეყნებს #1tvმეცნიერება

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველი საოცარო ფოტო უკვე ყველამ ვიხილეთ.  ამჯერად, პირველი დაკვირვებებისას გადაღებული სხვა ფოტოების ჯერი დადგა.  კადრები NASA-მ სპეციალურ ღონისძიებაზე გამოაქვეყნა.

კაცობრიობის უმძლავრესმა კოსმოსურმა ტელესკოპმა დრო ამჯერად ჩვენი მშობლიური გალაქტიკის რამდენიმე გამორჩეულ ობიექტს დაუთმო.

მიუხადავად იმისა, რომ ეს ობიექტები სხვა ტელესკოპებს აქამდეც ჰქონდათ გადაღებული, ფოტოების დეტალები და გარჩევადობა უპრეცედენტოა, ისეთი, როგორიც ისინი ჯერ არასოდეს გვინახავს.

ეგზოპლანეტა WASP-96b

ეს გახლავთ გიგანტური ეგზოპლანეტა, ანუ მზის სისტემის მიღმა, სხვა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტა, რომელიც ძირითადად აირებისგან შედგება. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 1150 სინათლის წლის  მანძილზე და გარს უვლის მზის მსგავს ვარსკვლავს. ერთ შემოვლას 3,4 დღეს ანდომებს, ანუ მოძრაობს მასთან საკმაოდ ახლოს და შესაბამისად, ძლიერ ცხელია, დაახლოებით 537 გრადუსი ცელსიუსი. დაახლოებით იუპიტერის  ზომისაა, მაგრამ აქვს მისი მასის ნახევარი. აღმოაჩინეს 2014 წელს.

გამოსახულება სპექტროსკოპიულია, გადაღებულია არაპირდაპირი მეთოდით. სპექტროსკოპია არის ინსტრუმენტი შორეული ობიექტებისა და პლანეტური სპექტრის ქიმიური და მოლეკულური ანალიზისთვის; ამის საშუალებით შესაძლებელია პლანეტის ატმოსფეროსა და სხვა თვისებათა დახასიათება, მაგალითად, აქვს თუ არა მას წყალი და როგორია მისი ზედაპირი.

WASP-96b-ის ატმოსფეროში ვებმა წყლის აშკარა ნიშნები დააფიქსირა. შენიშნა ნისლისა და ღრუბლების კვალიც. აუცილებელია აღინიშნოს, რომ უკანა ფონური ილუსტრაცია ეფუძნება იმ მონაცემებს, რაც WASP-96b-ის შესახებ ვიცით. ვებს ეს პლანეტა ან მისი ატმოსფერო ამ ჯერზე პირდაპირ არ გადაუღია.

სამხრეთის ბეჭდის ნისლეული (NGC 3132) 

ეს პლანეტური ნისლეული მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 2500 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს დიდებულ, მანათობელ ბურთულას სამხრეთის ცაზე, იალქნების თანავარსკვლავედის მიმართულებით. სინამდვილეში, ეს ნისლეული წარმოადგენს სიკვდილის პროცესში მყოფი ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავის სუნთქვისშემკვრელ, ულამაზეს ნარჩენებს.  უკვე ათასობით წელიწადია, ნისლეულის ცენტრში მდებარე მომაკვდავი ვარსკვლავი გაზსა და მტვერს ყველა მიმართულებით ისვრის.

მარცხენა ფოტოზე გადაღებულია ვების ინსტრუმენტ NIRCam-ის მიერ, რომელიც სამყაროს ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში ხედავს. მარჯვნივ კი ხედავთ იმავე ნისლეულს, რომელიც ინსტრუმენტმა MIRI-მ გადაიღო შუა-ინფრაწითელ დიაპაზონში.

გალაქტიკათა ჯგუფი სტეფანის კვინტეტი 

წარმოადგენს ჩვენგან 290 მილიონი წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკათა ჯგუფს ისეთ მჭიდრო ფორმაციაში, რომ თითქოს არარეალურს ჰგავს. სინამდვილეში, ხუთი გალაქტიკიდან მხოლოდ ოთხი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, მეხუთე კი ჩვენთან გაცილებით ახლოს არის, 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.

აღნიშნული ოთხი გალაქტიკა გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად არის დამახინჯებული. საბოლოოდ, ისინი ერთმანეთს შეერწყმებიან და წარმოქმნიან ერთ დიდ გალაქტიკას.

უმძლავრესი ინფრაწითელი ხედვისა და უკიდურესად მაღალი სივრცული რეზოლუციის წყალობით, გალაქტიკათა ეს ჯგუფი ვებმა ჯერ არნახულ დეტალებში გადაიღო. ფოტოზე ასევე ჩანს გალაქტიკების შიგნით არსებული მილიონობით ვარსკვლავისგან შემდგარი გროვები და რეგიონები, სადაც ახალი ვარსკვლავები იბადებიან.

გემის ხერხემლის ნისლეული

ეს ნისლეული მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 7600 სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის თანავარსკვლავედ გემის ხერხემლის მიმართულებით. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კაშკაშა ნისლეულს დედამიწის ცაზე. ის ვარსკვლავების ინკუბატორია, სადაც უხვად იბადებიან ახალი ვარსკვლავები. ნისლეულში თავს იყრის ჩვენს მზეზე გაცილებით დიდი, მრავალი მასიური ვარსკვლავი.

ამ ნისლეულის წინა, სხვა ტელესკოპთა მიერ გადაღებულ ფოტოებზე, მტვრისა და გაზის ფარდა ახლად დაბადებულ ვარსკვლავებს ფარავდა, მაგრამ ვებმა ეს ფარდა გადაწია და ისინი მთელი თავისი დიდებულებით დაგვანახა.

ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს დროში ძალიან უკან, 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებიდან 100 მილიონი წლის შემდეგ პერიოდში შეხედვა შეუძლია. ამას ის თავის უზარმაზარი ძირითადი სარკეებისა და შორეული კოსმოსის უძველესი, გაწელილი ინფრაწითელი სინათლის დაფიქსირების უნარით შეძლებს.

ამ დროისათვის, ყველაზე ადრეული კოსმოლოგიური დაკვირვებები ჩატარებულია დიდი აფეთქებიდან 330 მილიონი წლის შემდეგ პერიოდზე; თუმცა, ვები ამ რეკორდს მოხსნის.

ვინაიდან სამყარო ფართოვდება, სამყაროს პირველი ვარსკვლავებისგან წამოსული სინათლე ულტრაიისფერი და ხილული სინათლის ტალღის სიგრძეებიდან უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში წანაცვლდება, რასაც ჯეიმს ვები ჯერ არნახული დეტალებით დააფიქსირებს.

„თუ დაფიქრდებით, ეს იქნება ყველაზე შორს, სადაც კი ოდესმე გაუხედავს კაცობრიობას“, — აღნიშნა გასულ კვირაში NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა.

10 მილიარდ დოლარად შეფასებულ ტელესკოპზე მუშაობა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალი გადადების შემდეგ, NASA-მ ის 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვა. ამჟამად ის მზის გარშემო, დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრაობს.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სულ მცირე 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, ორჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე ჩაფიქრებული იყო.