წინა ორშაბათ დილას, კრისტიან დროსტენი ცოლს და ორი წლის ვაჟს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან დაემშვიდობა, ველოსიპედს მოახტა და სხვა დღეების მსგავსად, ახლაც შარიტეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წავიდა.
თითქოს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სცენას ჰგავდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე სულაც არ იყო. საბავშვო ბაღში წასვლის ნაცვლად, მისმა ცოლმა ბავშვთან ერთად გაისეირნა, რადგან ბაღი დაკეტილი იყო. დროსტენი ბერლინის შემზარავად წყნარ ქუჩებში მიიწევდა; მაღაზიების უმეტესობა დაკეტილი იყო, აქა-იქ ტროტუარებზე გამოჩენილ ადამიანებს კი სახეზე ნიღბები ეკეთათ. შარიტეს ვირუსოლოგიის ინსტიტუტი, საითაც დროსტენი მიემართებოდა, როგორც ყოველთვის, ახლაც უცხო ვირუსებს სწავლობდა, მაგრამ ამჯერად მისი კვლევის საგანი იყო ერთ-ერთი ასეთი პათოგენი, რომელიც რამდენიმე შენობის იქით მდებარე საავადმყოფოში პაციენტებს კლავს.
ასობით სტუდენტისთვის ვირუსოლოგიის სწავლების ნაცვლად, დროსტენი ამჯერად ასობით ათას შეშფოთებულ გერმანელს მიმართავს. კვირაში ორჯერ, დილის 10 საათზე, საკუთარ მაგიდაზე ის ლურჯ მიკროფონს იდგამს, ყურსასმენებს იკეთებს და გერმანიის საზოგადოებრივი რადიო NDR-ის სამეცნიერო ჟურნალისტის ზარს ელოდება. მომდევნო 40 წუთის განმავლობაში ის პასუხობს შეკითხვებს ვაქცინების, რესპირატორული წვეთების, სკოლების დახურვისა თუ ნიღბების შესახებ. ამ პოდკასტმა, რომელსაც „კორონავირუსის სიახლეები“ ჰქვია, დროსტენი პანდემიის ეპოქის გერმანიაში არა ხმა, არამედ სახე გახადა. ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოდკასტს მილიონობით ადამიანი რეგულარულად უსმენს.
დროსტენი კორონავირუსების ერთ-ერთი მოწინავე ექსპერტია მთელ მსოფლიოში; მთელი კარიერის განმავლობაში ის მათ, როგორც გლობალურ საფრთხეს, ისე აკვირდებოდა. ახლა ის უკვე პოპულარულიც არის, სახალხო ენაზე თუ ვიტყვით — გმირი. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ-მემეში მის სახეს ფოტოშოპით მიხატული აქვს რქებიანი სათვალე და განთავსებულია მსახიობ ჯეფ გოლდბლუმის სამი ფილმის სარეკლამო კადრების გვერდით; დროსტენს ამ მსახიობს ხშირად ამსგავსებენ.
„ის ებრძვის დინოზავრებს, სხეულის მტაცებლებსა და უცხოპლანეტელებს; ამიტომ, მჯერა ის ამ ვირუსსაც დაამარცხებს“, — წერია მემეს აღწერაში. დორტმუნდის ტექნიკური უნივერსიტეტის ჟურნალიზმის პროფესორს, ჰოლგერ ვორმერს დროსტენი სტივენ ჰოკინგს ახსენებს: „მრავალი ადამიანი შეიძლება ვერც იგებდეს, რასაც ის ამბობს, მაგრამ ძალიან კომფორტულია უსმენდე ადამიანს, რომელიც განმარტავს, თუ რა ხდება“.
მისმა მშვიდმა, საზრიანმა კომუნიკაციამ დროსტენს დიდი დაფასება მოუტანა. „ნამდვილი იღბალია, რომ გერმანიაში გვყავს ადამიანი, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებული კორონავირუსების ექსპერტია და რომელიც ამავე დროს არის გულმოდგინე და შეუძლია კარგი კომუნიკაცია“, ამბობს გერმანიის სამეცნიერო მედიის ცენტრის ხელმძღვანელი ვოკლერ შტოლრცი. 20 აპრილს, გერმანიის კვლევების ფონდმა განაცხადა, რომ დროსტენს აჯილოდებს ერთჯერადი ჯილდოთი „COVID-19-ის პანდემიის დროს გამორჩეული სამეცნიერო კომუნიკაციისთვის“.
დროსტენი კორონავირუსების შესახებ პოლიტიკოსებსაც განუმარტავს. რჩევებს აძლევს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანს. როგორც დროსტენმა აღნიშნა, ცოტა ხნის წინ ის მერკელს ტელეფონით ერთი საათის განმავლობაში ემესიჯა. მას ეძახიან გერმანიის „კორონავირუსის მთავარ განმმარტებელსა“ და „კორონავირუსის პაპს“, რაც „კორონავირუსის მბრძანებლის“ გერმანული შესატყვისია.
47 წლის დროსტენს კოლეგები ახასიათებენ როგორც ნაკლებად სავარაუდო პერსონაჟს მისი ახალი როლისთვის. „ის სულაც არ არის ისეთი, რომელიც ამ სახის ყურადღების ცენტრში ყოფნას ეძებს“, ამბობს მისი ლაბორატორიის ყოფილი წევრი იზაბელა ეკერლი, რომელიც ახლა ჟენევის ვირუსული დაავადებების ლაბორატორიაში მუშაობს. დროსტენი ამბობს, რომ ის სცენაზე შესვლას სულ არ აპირებდა, რომ არა ის ფაქტი, რომ SARS-CoV-2 ზუსტად იმ სახის ვირუსია, რომელთა შესწავლასაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნა. „ეს რომ მაგალითად გრიპი ყოფილიყო, ამ ყველაფერს არ გავაკეთებდი“, ამბობს იგი.
დროსტენის კარიერა კორონავირუსებში 2003 წლის 15 მარტს დაიწყო, როდესაც 32 წლის სინგაპურელი ექიმი ლეონგ ნოე ნამი ფრანკფურტში თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და ქალაქის საუნივერსიტეტო კლინიკისკენ გაემართა. ლეონგი პაციენტებს სინგაპურში მკურნალობდა, სანამ კი ნიუ-იორკში ინფექციურ დაავადებათა კურსს გაივლიდა; ამჯერად მას აღენიშნებოდა სიმპტომები, რომლებიც ემთხვეოდა აზიაში სწრაფად გავრცელებად ახალ საგანგაშო რესპირატორულ დაავადებას. იმავე დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ დაავადებას „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“, ანუ SARS-ი უწოდა.
იმ დროისათვის, დროსტენი ქალაქ ჰამბურგში, ბერნარდ ნოხტის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში მუშაობდა. ფრანკფურტელმა ვირუსოლოგებმა ლეონგისა და სხვების ნაცხები დროსტენს გაუგზავნეს; მათ იმედი ჰქონდათ, რომ სწორედ ის დაადგენდა, ჰქონდათ თუ არა საქმე ახალ ვირუსთან. თუმცა, ყველა ტესტმა, ადენოვირუსებიდან დაწყებული პარამიქსოვირუსებით დამთავრებული, უარყოფითი პასუხი აჩვენა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, როდესაც დროსტენი ფრანკფურტში იმყოფებოდა საკუთარი სადოქტორო ნამუშევრის დასაცავად, იმავე ვირუსოლოგებმ მას უთხრეს, რომ პეტრის თეფშზე ამ ვირუსის გაზრდა შეძლეს. მაშინ დროსტენი მიხვდა, რომ შესანიშნავი შანსი ჰქონდა გამოეყენებინა უცნობი ვირუსების იდენტიფიცირების მის მიერვე შექმნილი ახალი მეთოდი, რომელიც ვირუსის გენეტიკურ მასალას იმდენად აძლიერებდა, რომ შესაძლებელი იყო მისი სეკვენირება და მონაცემთა ონლაინბაზებში გადამოწმება. დროსტენმა ნიმუში აიღო, თავის ძველ „ოპელში“ ჩაჯდა და 5-საათიან გზას დაადგა — ჰამბურგში, პირდაპირ საკუთარი ლაბორატორიისკენ გაეშურა. რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ, მას უკვე ხელთ ჰქონდა ახალი ვირუსის გენომის მცირე ფრაგმენტი. ყველაზე მეტად ის ემთხვეოდა მსხვილფეხა რქოსანი საქონლის კორონავირუსს, რომელიც ადამიანებს არ აინფიცირებდა. „პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, ხომ არ მოხდა დაბინძურება ხბოს ემბრიონის შრატიდან (FCS)“; როგორც დროსტენი იხსენებს, ამ უკანასკნელს ლაბორატორიაში უჯრედების გამოსაზრდელად იყენებდნენ.
თუმცა, მან და მისმა კოლეგამ, სტეფან გიუნტერმა სწრაფად გააცნობიერეს, რომ მათ წინაშე იყო ვირუსების ამ ოჯახის მომაკვდინებელი წარმომადგენელი. „იმ დროისათვის, სამედიცინო მიმართულების სტუდენტები კორონავირუსების შესახებ ყველაფერს სწავლობდნენ“, ამბობს დროსტენი. მაშინ ცნობილი იყო მხოლოდ ორი ისეთი კორონავირუსი, რომლებსაც ადამიანების დაინფიცირება შეეძლოთ — OC43 და 229E; ისინი მცირე ოდენობის ადამიანებში ყოველ ზამთარს იწვევენ გაციებას. ეს ახალი ვირუსი კი სრულიად განსხვავებული მხეცი გახლდათ. მათ წინაშე იყო SARS-ი, რომელიც 30-მდე ქვეყანაში გავრცელდა და დაინფიცირებულთა თითქმის 10 პროცენტი, 8000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
ამავე დროს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და ჰონგ-კონგის უნივერსიტეტმაც დაადგინეს, რომ დამნაშავე სწორედ კორონავირუსი იყო. თუმცა, დროსტენმა პირველმა შექმნა დიაგნოსტიკური ტესტი და მისი პროტოკოლი ინტერნეტში უფასოდ გაავრცელა. ამან მას საერთაშორისო აღიარება და გერმანიაში მნიშვნელოვანი ჯილდო — ღირსების ჯვარი მოუტანა. სინგაპურელი ლეონგი მაშინ SARS-ს გადაურჩა და ახლა COVID-19-ის პაციენტებს თავად მკურნალობს. როგორც ამბობს, დროსტენს არასოდეს შეხვედრია, მაგრამ აქტიურად ეცნობა მისი ლაბორატორიის ყოველ კვლევას.
დროსტენი ჩრდილოეთ გერმანიაში, ღორების მეურნეობაში გაიზარდა. მედიცინას ფრანკფურტში სწავლობდა და ოჯახიდან პირველი იყო, ვინც უნივერსიტეტში შევიდა; სწრაფად წამოიწია გერმანულ სამეცნიერო საზოგადოებაშიც. ჰამბურგში მუშაობის შემდეგ, გახდა ბონის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და უკვე 35 წლის ასაკში ვირუსლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. მისი კვლევის ინტერესები იდეალური მოსამზადებელი აღმოჩნდა COVID-19-ისათვის. მან ჩამოაყალიბა სისტემა SARS-ის ვირუსის გენების ფუნქციის კვლევისთვის და დაიწყო ვირუსების ევოლუციის სწავლა; ცხოველებში ეძებდა ადამიანთა ვირუსების ახლო ნათესავებს. ერთ-ერთი ასეთი კვლევის დროს, მისმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ყბაყურა, რომელიც წითელას მსგავსად გამოწვეულია პარამიქსოვირუსით, ადამიანებში ღამურებიდან გადმოხტა. მათ ასევე დაადგინეს, რომ ნიპაჰი, ღამურებიდან წამოსული კიდევ ერთი ვირუსი, სათავეს იღებს აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ის პირველად მალაიზიაში აღმოაჩინეს 1999 წელს, მას შემდეგ, რაც ფერმებში ასობით ღორს ენცეფალიტი დაემართა.
SARS-ის ეპიდემიის მომდევნო წლებში მეცნიერებმა კიდევ ორი ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, ორივე მათგანი ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. ამის შემდეგ, 2012 წელს, მეცნიერებმა მოახდინეს გაცილებით დიდი საფრთხის მქონე კიდევ ერთი ახალი კორონავირუსის იზოლირება. ის მოდიოდა საუდის არაბეთში მცხოვრები 60 წლის მამაკაცისგან, რომელსაც პნევმონია ჰქონდა. დაინტერესებულმა დროსტენმა ახალი აგენტის კვლევა დაიწყო, რომელსაც მალე ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) ვირუსი უწოდეს. 2013 წელს მან განაცხადა, რომ გერმანიაში MERS-ის მკურალობისას გარდაიცვალა 73 წლის პაციენტი აბუ-დაბიდან. ახლობლების განცხადებით, ავად გახდომამდე, მამაკაცი ავადმყოფ სარბოლო აქლემს უვლიდა; ეს იმის პირველი ნიშანი იყო, რომ ამ პროცესში შეიძლება, აქლემებიც ყოფილიყვნენ ჩართული.
ასეთ კავშირს თავდაპირველად დასცინა საუდის არაბეთმა, რომელშიც MERS-ს ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და რომელშიც, აქლემების რბოლის მრავალმილიონ დოლარიანი ინდუსტრია ყვავის. თუმცა, დროსტენის ჯგუფმა და სხვა მეცნიერებმა ეს ეჭვი მალე დაადასტურეს. დროსტენი და საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზიად მემიში ახალი დაავადების შესასწავლად გაერთიანდნენ; ამ პროცესში დროსტენის ლაბორატორია ქალაქ ბონში MERS-ის წამყვან კვანძად იქცა. სწორედ იქ შეიქმნა ვირუსის რნმ-ის დასაფიქსირებელი ტესტი, შემდეგ კი ანტისხეულების ანალიზი, რომელმაც აჩვენა, რომ ეს ვირუსი რეგიონში ადამიანებს სავარაუდოდ ათწლეულების განმავლობაში აინფიცირებდა.
კვლევამ მოიტანა რამდენიმე მოულოდნელი ინფორმაციაც. აქლემებში კორონავირუსების ძებნისას, მეცნიერებმა იპოვეს პათოგენები, რომლებიც ახლოს ენათესავებოდნენ 229E-ს – ჩვეულებრივი გაციების გამომწვევ ერთ-ერთ კორონავირუსს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ვირუსიც აქლემებიდან იღებს სათავეს. როგორც დროსტენი მაშინ ამბობდა, ეს იმის გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, რომ MERS-იც შეიძლება SARS-ის კვალს მისდევდა, რომელიც სათავეს ღამურებისგან იღებდა და შემდეგ თანდათან გახდა ადამიანებში დაავადების გამომწვევი. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ პანდემიების თვალსაზრისით, ცხოველების კორონავირუსები განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენდა.
როდესაც წელს კიდევ ერთი მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსი გამოჩნდა, დროსტენი, რომელიც 2017 წლიდან შარიტეს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მოღვაწეობს, მზად იყო. როდესაც ინტერნეტში პირველი ცნობები ნახა ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის შესახებ, ვიქტორ კორმანმა, რომელიც დროსტენის ლაბორატორიის ვირუსების დიაგნოსტირების ჯგუფს ხელმძღვანელობს, სასწრაფოდ დაიწყო ღამურებიდან იზოლირებულ SARS-ის მსგავს უკვე არსებულ კორონავირუსთა თანმიმდევრობების შემოწმება. იგი ცდილობდა გაერკვია, SARS-ის მსგავსი ახალი ვირუსის რომელი ნაწილი შეიძლება გამოეყენებინა ტესტის შესაქმნელად. ამ თანმიმდევრობებზე დაყრდნობით, მან 20 წყვილი ე. წ. პრაიმერი შეიმუშავა და შეუკვეთა, დნმ-ის მცირე ნაჭრები, რომლებიც პათოგენის გენომთან ერთად შესაძლებელს გახდიდა მის გაძლიერებას და დაფიქსირებას.
10 იანვარს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა ბოლობოლო გამოაქვეყნეს ქალაქ უხანში გავრცელებული ახალი ვირუსის გენომი, კორმანმა გამოიყენა ის პრიმერები, რომლებიც ყველაზე მეტად დაემთხვა ვირუსის თანმიმდევრობას და თითქმის დაუყოვნებლივ მოამზადა სადიაგნოსტიკო ტესტი. 13 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორმანის პროტოკოლი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, რითაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას საშუალება მისცა ტესტები თავად დაემზადებინათ და დაეფიქსირებინათ ახალი ვირუსის იმპორტირებული შემთხვევები. დროსტენი პროგნოზირებდა, რომ ეს ტესტი მეცნიერებს იმის დადგენაშიც დაეხმარებოდა, შეეძლო თუ არა ვირუსს ადამიანიდან ადამიანზე გადადება.
ასეც აღმოჩნდა.
დაახლოებით სამი თვის შემდეგ, COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეს მოედო, დააინფიცირა მილიონობით ადამიანი, 200 000-ზე მეტი პაციენტი კი იმსხვერპლა. ავსტრიიდან დაწყებული და ჯიბუტით დამთავრებული, პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნებს ეკონომიკის გაჩერება და საზოგადოების კარანტინში მოქცევა აიძულა, რამაც უზარმაზარი დებატები გამოიწვია იმის შესახებ, მართებ იყო თუ არა ეს გზა საფრთხის შესაჩერებლად.
როგორც დროსტენი აღიარებს, მიუხედავად კორონავირუსებზე 17-წლიანი მუშაობისა და მათი ყველა საფრთხის კარგად ცოდნისა, ის მაინც გაკვირვებული დარჩა. „ვერც ვიფიქრებდი, რომ SARS-ი უკან ასე დაბრუნდებოდა“, ამბობს ის, რადგან ახალი ვირუსი უფრო მომაკვდინებელი და გაცილებით გადამდებია. ის მორგებულია ზედა სასუნთქი გზების უჯრედების ინფიცირებას, საიდანაც ის ხველის შედეგად გამოიყოფა გარემოში და SARS-ისგან განსხვავებით, მაგრამ გრიპის მსგავსად, ვრცელდება სიმპტომების გამოჩენამდე. „ეს ფაქტი საკმაოდ საოცარია“, ამბობს დროსტენი.
დროსტენის თქმით, SARS-CoV-2-ის წარმატების საკვანძო მიზეზი შეიძლება იყოს მისი „წვეტების“, ანუ ვირუსის ზედაპირზე მოთავსებული ცილების ციცქნა ნაწილი; სწორედ ამ ცილების გამო აქვს მიკროსკოპში ვირუსს გვირგვინის, ანუ კორონას იერი. წვეტი ცილა ეკვრის ადამიანის უჯრედის რეცეპტორს, სახელად ACE2-ს. იქამდე, ვიდრე ვირუსი უჯრედში შესვლას შეძლებს, საჭიროა გაიჭრას ადამიანის რეცეპტორი ცილის რაღაც ნაწილი. SARS-CoV-2-ის წვეტი ცილები რეცეპტორებს სხვა კორონავირუსის ანალოგიურ ცილებზე უფრო მტკიცედ ჭრის, რადგან მას უფრო დახვეწილი აქვს ე. წ. პოლიბაზური ჭრის ადგილი, რასაც დროსტენი ადარებს ნახვრეტებიანი ბლოკნოტიდან ფურცლის უფრო ადვილად ამოხევას.
ახალი ვირუსის პოტენციალის შესახებ საზოგადოების გაფრთხილება დროსტენმა სატელევიზიო ინტერვიუებში იანვრიდან დაიწყო, მაგრამ გაღიზიანება სწრაფად იზრდებოდა. მისი თქმით, გრძელი ინტერვიუებიდან ჟურნალისტები ხშირად იყენებდნენ ერთ მოკლე ციტატას, რომელიც უზარმაზარ საფრთხეს სათანადოდ ვერ ხსნიდა. „ამის შემდეგ, რამდენიმე მათგანს დავურეკე და ვუთხარი, რომ ისინი ამ საკითხის გაგებაში არ იყვნენ“, ამბობს დროსტენი. ამიტომ, როდესაც თებერვალში გერმანიის საზოგადოებრივი რადიოს პროდიუსერმა მსმენელებისთვის ყოველდღიურად რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა, დროსტენმა უპასუხა, რომ გზაში იყო და ამის დაწყება ორშაბათიდან შეეძლო. ეს ფორმატი ბოლო პერიოდში დროსტენმა კვირაში ორ დღემდე შეამცირა.
შოუებში საუბრები საკმაოდ კუმუნიკაბელურია და დროსტენი ზოგჯერ რჩევებსაც იძლევა. მარტში მან მსმენელებს ე. წ. ჩამოსასხმელი ლუდის სმისგან თავშეკავება ურჩია, რადგან კათხა შეიძლება, სათანადოდ არ ყოფილიყო გარეცხილი. „უკვე წლებია, როდესაც ბარში მივდივარ, ლუდს ყოველთვის ბოთლით ვუკვეთავ“, ამბობს იგი. დროსტენი იმდენად მშვიდია, რომ არ ეტყობა ის ემოცია, რაც შეიძლება მასზე ამ პანდემიას დაეტოვებინა.
დროსტენს ასევე აუღელვებლად შეხვდა გაპოპულარულებას და ახლად მოსულ დიდებას, მაგრამ ძალიან წუხს, როდესაც ფოკუსი მეცნიერებიდან სხვა რამეზე გადადის. აღიზიანებს, როდესაც პოლიტიკის მიმართულების ჟურნალისტები ეკითხებიან, საჭიროა თუ არა საფეხბურთო მატჩებისა და ოქტობერფესტის გაუქმება, უბრალოდ პასუხობს, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის. აცოფებს ამბები, რომლებშიც საუბარია მის „მგრძნობიარე ტუჩებსა“ და აწეწილ თმებზე. „მე მეცნიერებაზე ვსაუბრობ. არ მსურს, ვკითხულობდე ჩემი ვარცხნილობის შესახებ“, ამბობს ის. ვორმერის თქმით, მეცნიერებაზე საუბრით დროსტენი უდიდეს საქმეს აკეთებს, მაგრამ ის ბავშვივით გულუბრყვილოა მედიის ინტერესების შესახებ.
დროსტენი უარყოფს შეთავაზებებს პოლიტიკაში შესვლის შესახებ. ის საკმაოდ გააბრაზა მედიაში გავრცელებულმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ მალე ვირუსოლოგები გერმანიის მთავრობას „აიღებდნენ“. „თუ ასეთი მითქმა-მოთქმა არ შეწყდება, მივაღწევთ წერტილს, როდესაც მეცნიერება უკანდახევას დაიწყებს“, აღიშნა მან ერთ პოდკასტში. როგორც დროსტენმა ჟურნალ Science-ს განუცხადა, მისი, როგორც პოლიტიკური მრჩევლის როლი, მცირეა. „მთელ დღეებს ნამდვილად არ ვატარებ სამინისტროებში“. ასევე გააღიზიანა გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებულმა მისმა ფოტომ, რომლის ქვეშაც ეწერა: „არის თუ არა ის ჩვენი ახალი კანცლერი?“.
სახლში ყოფნისას დროსტენი ძირითადად კონცენტრირებულია კვლევებზე. ნიდერლანდების ერასმუსის სამედიცინო ცენტრის ვირუსოლოგი მარიონ კუპმენი იხსენებს მსხვილი კვლევითი კონსორციუმის ერთ-ერთ ონლაინშეხვედრას, რომელშიც დროსტენის უკან, ოთახში ჩანდა დოკუმენტების მთელი გროვები. „ალბათ კვლევას წერდა ჟურნალ Nature-ისთვის“, ამბობს ვირუსოლოგი.
დროსტენს სურს, რომ მისმა კვლევებმა ადამიანთა სიცოცხლე გადაარჩინოს. მის ოფისში დაწყობილ მუყაოს დიდ ყუთებში მოთავსებულია ორი პრეპარატის პარტია, რომელიც კლინიკებში გაგზავნას უცდის. ერთ მათგანში აწყვია კამოსტატი, პანკრეატიტის პრეპარატი, რომელიც იაპონია დაამტკიცა მას შემდეგ, რაც დროსტენმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ აჩერებს SARS-CoV და SARS-CoV-2 ვირუსების უჯედებში შეღწევას. მეორე ყუთში კი მოთავსებულია პრეპარატი ნიკლოსამიდი, რომელიც სოლიტერისა და სხვა პარაზიტების წინააღმდეგ გამოიყენება. ცოტა ხნის წინ, რეცენზირებამდელ სერვერ bioRxiv-ზე გამოქვეყნებულ კვლევაში, დროსტენის კოლეგა მარსელ მიულერმა აჩვენა, რომ SARS-CoV-2 ჩართულია უჯრედის გადამუშავების პროცესში, რომელსაც ავტოფაგიას უწოდებენ. დაზუსტებით ცნობილი არ არის, რა სარგებლობა მოაქვს ამას ვირუსისთვის, მაგრამ ნიკლოსამიდი ამ ჩართულობას ებრძვის. როგორც ავტორები წერენ, ამ ნაერთით მკურნალობამ უჯრედულ კულტურაში SARS-CoV-2-ის ზრდა 70 პროცენტით შეამცირა. დროსტენს იმედი აქვს, რომ პაციენტებზე მალე დაიწყებს ცდას ამ ორი პრეპარატის კომბინაციის გამოყენებით.
ამ მომენტისთვის, ინსტიტუტის ბაზაზე არსებულ მესამე დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაში დროსტენი აქტიურად სწავლობს ვირუსის ნიმუშებს. ასევე დაინტერესებულია, რა გზა განვლო SARS-CoV-2-მა ცხოველებიდან ადამიანებამდე. სწავლობს, შეეძლო თუ არა ღამურებსა და ადამიანებს შორის ხიდის როლი შეესრულებინა მსხვილფეხა საქონელს. 229E და MERS-ი ადამიანებში აქლემებიდან გადმოვიდა, OC43 მსხვილფეხა საქონლიდან. SARS-ი ადამიანებში ციბეტინისა და ენოტისმსგავსი ძაღლებისგან გადმოვიდა, რომელთა ბეწვის ინდუსტრიაც ჩინეთში აქტიურად ყვავის. SARS-CoV-2-ის წარმოშობა ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ დროსტენს აინტერესებს, შეიძლება თუ არა, შუამავალი მასპინძელი ამ შემთხვევაში ენოტისმსგავსი ძაღლი ყოფილიყო.
პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვის თავზე, გერმანია ევროპაში წარმატების მაგალითად მიიჩნევა. ქვეყანამ ჩაატარა მასშტაბური ტესტირება, რაც პირველ რიგში დროსტენის ლაბორატორიაში შექმნილი პირველი ტესტების დამსახურებაა; ამავე დროს, გერმანიამ შეინარჩუნა გავრცელების შედარებით დაბალი მაჩვენებელი. ახლა, სხვა ქვეყნების მსგავსად, დიდია მთავრობისადმი ზეწოლა სავაჭრო ცენტრების, ბარებისა და რესტორნების გახსნის მოთხოვნით. დროსტენი შეშფოთებულია, რომ ამ მიმართულებით გერმანიის ზოგიერთი მიწა ზედმედად ჩქარობს, რამაც შეიძლება, ვირუსის ხელახალი აფეთქება გამოიწვიოს.
ამ საშიშროებამ მას „მხოლოდ მეცნიერების“ სტრატეგიის მიტოვება აიძულა. „ამ სიტუაციაში, ეს ერთხელ, აუცილებლად უნდა გამოვხატო შემი შეხედულება ამ პოდკასტში“, აღნიშნა მან 22 აპრილს. ხალხით გადაჭედილი სავაჭრო ცენტრების შესახებ მედიაში გამოჩენილი ცნობების განხილვისას, დროსტენმა განაცხადა, რომ „სამწუხაროა ხედავდე, რომ ახლა, გერმანიაში შეიძლება ვიმყოფებოდეთ მთელი იმ უპირატესობის დაკარგვის პროცესში, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“.
მაშინ, როდესაც არ არსებობს COVID-19-ის ვაქცინა ან პრეპარატი, ასეთი სიტყვები შეიძლება ყველაზე მძლავრი იარაღი იყოს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
„მოსწონს თუ არა მას ეს, პოდკასტების სერიამ დროსტენს მოუტანა რეალური გავლენა. ამ მომენტისთვის, თუკი დროსტენი ამბობს, რომ გახსნა ჯერ ძალიან ადრეა, მის სიტყვებს ახლა გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე ანგელა მერკელისას“, — ამბობს ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის ხელმძღვანელი მარსელ ფრატშერი.
მომზადებულია sciencemag.org-ის მიხედვით.