ფრანგი ნობელიანტი ტყუის, კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი არ არის — მეცნიერთა მკაცრი პასუხი ლუკ მონტანიეს
ფრანგი ნობელიანტი ტყუის, კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნილი არ არის — მეცნიერთა მკაცრი პასუხი ლუკ მონტანიეს

მედიცინაში ნობელის პრემიის ლაურეატი ამბობს, რომ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ლაბორატორიაში შეიქმნა. 16 აპრილს, პროფესორმა ლუკ მონტანიემ, რომელმაც 2008 წელს ეს დიდი სამეცნიერო აღიარება შიდსის გამომწვევი ვირუსის აღმოჩენაში მონაწილეობისთვის მიიღო, ვებგვერდ Pourquoidocteur.fr-ს განუცხადა, რომ ვირუსი SARS-CoV-2 ადამიანების შექმნილია.

ეს შოკისმომგვრელი განცხადება მონტანიემ 17 აპრილს ტელეკომპანია Cnews-ის ეთერშიც გაიმეორა.

„მივედით დასკვნამდე, რომ ამ ვირუსში შეინიშნება მანიპულაცია. არ ვამბობ, რომ ვირუსი მთლიანად ხელოვნურია. ეს გახლავთ კლასიკური ვირუსის მოდელი, რომელიც ძირითადად ღამურისგან მომდინარეობს, მაგრამ თანაბარი რაოდენობით აქვს დამატებული აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსის თანმიმდევრობები“, — განაცხადა მონტანიემ.

მისივე თქმით, ეს ვირუსი ბუნებრივი არ არის და წარმოადგენს პროფესიონალთა ნამუშევარს, მათ შორის მოლეკულური ბიოლოგებისა და თანმიმდევრობების მესაათეების.

„რა მიზნით? არ ვიცი… ჩემი ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ მათ შიდსის ვაქცინის შექმნა სურდათ“, — ამბობს მონტანიე.

რამდენიმე ვირუსთან საერთო თანმიმდევრობა

პროფესორი მონტანიეს მოსაზრება შორს არის სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებისგან. მონტანიე ციტირებს ფაქტს, რომელიც ეფუძნება იანვარში რეცენზირებამდელ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს (ანუ, კვლევა რეცენზირებული არ არის, არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო ჟურნალში). ეს კვლევა დელიში ჩაატარეს ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა და მისი შედეგები მეცნიერებს შორის ძალიან საკამათოა. ამ კვლევის მიხედვით, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ცილის ამინომჟავების თანმიმდევრობაში არის „უცნაური მსგავსებები“, შიდსის გამომწვევ ვირუს HIV-1-თან, რაც ინდოელ მკვლევართა აზრით, „ნაკლებ სავარაუდოა, რომ შემთხვევითი იყოს“.

ეს კვლევა დაუყოვნებლივ აიტაცეს კონსპირაციული თეორიის მიმდევარმა და სენსაციონისტურმა ვებგვერდებმა, იქამდე, ვიდრე კვლევის შედეგებს თავად მისი ავტორებივე უარყოფდნენ. სინამდვილეში, ამინომჟავების თანმიმდევრობა, რასაც ვირუსის გენეტიკური მემკვიდრეობა განსაზღვრავს, მრავალ შტამს გარკვეულწილად საერთო აქვს, რის გამოც, მოსაზრება ამ ორი ვირუსის ერთმანეთთან კავშირის შესახებ, სპეციალისტებმა ქარცეცხლში გაატარეს.

„ძალიან ცოტა მსგავსებაა აივ ვირუსის თანმიმდევრობასთან და შესაბამისად, შეუძლებელია იმის დასკვნა, რომ გენეტიკური მასალა მათ შორის მნიშვნელოვნად არის გაცვლილი“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის გენეტიკოსი გაეტან ბურგიო. იანვარში, იანვარში, სამეცნიერო საზოგადოება Massive Science-მა წარმოადგინა თხუთმეტამდე სხვა ვირუსი, რომლებსაც ასევე აქვთ აივ-თან და SARS-CoV-2-თან საერთო თანმიმდევრობები. მათ შორის არის ტკბილი კარტოფილის ვირუსი, ვაშლატამას ვირუსი და კრაზანას ვირუსი (პოლიდნავირუსი).

ეს სია არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც თავად საერთო თანმიმდევრობების სიმოკლე.

„იქ რომ მართლაც იყოს ჩართული აივ-ის თანმიმდევრობები, ეს ფრაგმენტები გაცილებით გრძელი და უფრო სპეციფიკური უნდა იყოს. ეს უფრო უბრალო შემთხვევითობაა“, — ამბობს დოქტორი ბურგიო.

ადამიანის მიერ ამ ვირუსის მანიპულაცია ნაკლებად სავარაუდოა

მოსაზრება, რომ SARS-CoV-2 არის გენური ინჟინერიის პროდუქტი, ასევე შორს დგას სამეცნიერო ერთსულოვნებისგან. ადამიანის მიერ შექმნილი ვირუსები მართლაც არსებობს, მაგრამ როგორც წესი, წარმოადგენს არსებულ ვირუსთა თვალშისაცემ კომბინაციას, მიკრობიოლოგები უმარტივესად სცნობენ. SARS-CoV-2-ს არ აქვს ხელოვნური ვირუსის მახასიათებლები და მასში ასევე არ არსებობს საეჭვო გენეტიკური ჩანართები, რაც გვაფიქრებინებდა, რომ მასში ადამიანის ხელი ურევია.

„ეს ვირუსი იმდენად ზედმეტად ბუნებრივს ჰგავს, რომ შეუძლებელია მის ხელოვნურობაზე რაიმე იეჭვო“, — განუცხადა საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის მკვლევარმა ეტიან სიმონ-ლირიერმა გამოცემა Le Monde-ს ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობის შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვაზე.

„ასეთი დიდი ვირუსის შექმნა მოითხოვს იმხელა ტექნიკურ ცოდნას, რაც მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორიას აქვს, ალბათ ათზე ნაკლებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეცნიერებმა შექმნან ვირუსი, რომელიც ასევე ურთიერთქმედებს ACE2 რეცეპტორთან (რომლის საშუალებითაც ის ადამიანის უჯრედში აღწევს); გარდა ამისა, ეს მექანიზმი წარსულში არასოდეს ყოფილა შემჩნეული“, — ამბობს ეტიან სიმონ-ლირიერი.

მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ბუნებრივი, ცხოველური წარმოშობისაა და მისი წყარო ღამურა ან პანგოლინია. ამას მიუთითებს როგორც ჩინური კვლევა, ისე ბრიტანელი, ამერიკელი, ავსტრალიელი და შვეიცარიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევა. პენსილვანიის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით კი, SARS-CoV-2-მა რეკომბინაციების გზით მუტაცია 1948-1982 წლებში განიცადა ღამურის კორონავირუს RaTG13-ისგან.

და თუ მაინც ექნებოდათ ვირუსის ძალიან ზუსტი რედაქტორები, ამჟამად სახელგანთქმულ Crispr-Cas9-ის მსგავსი, ასეთი შესაძლებლობა სპეციალისტებისთვი მაინც არაფერს ნიშნავს.

„ამაზე მრავალჯერ მკითხეს და ყოველ ჯერზე ჩემი ცალსახა პასუხი არის „არა“. გენეტიკურ დონეზე არის ძალიან ბევრი სხვადასხვაობა (დივერგენცია), რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პრაქტიკულ დონეზე Crispr-ით ჩარევას. ეს ჰიპოთეზა სრულიად აბსურდულია“, — ამბობს გაეტან ბურგიო.

აქვე უნდა გავიხსენოთ ლუკ მონტანიეს კიდევ ერთი აბსურდული შემოთავაზება, რომელიც მაგნიტური ტალღებით ვირუსის მკურნალობას გულისხმობს.

აივ ვირუსის აღმოჩენის გამო შექმნილი დამახინჯებული წარმოდგენა

ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც 2008 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლუკ მონტანიე სხვა მეცნიერთა კრიტიკის ობიექტი ხდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მას ეს ჯილდო 1980-იანი წლების დასაწყისში გაწეული შრომისთვის მისცეს. 2010-იანი წლებიდან ის თავის გამოჩენას ტრადიციულ სამეცნიერო მიდგომებთან შეწინააღმდეგებით ცდილობს; ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც მთელ სამეცნიერო საზოგადოებას თავს დაესხა.

მაგალითად, ის მხარს უჭერს ძალიან საკამათო მოსაზრებას „წყლის მეხსიერების“ შესახებ, მიაჩნია, რომ აუტიზმს მიკრობიოლოგიური წარმოშობა აქვს, რომის პაპს პარკინსონის დაავადების მკურნალობა პაპაიას წვენით ურჩია და რაც ყველაზე გასაკვირია, მხარს უჭერს ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს. ასეთი პოზიციების გამო, 2017 წელს ასზე მეტმა ექიმმა მის წინააღმდეგ შეადგინა პეტიცია, რომელშიც ის სახიფათო გამოსვლების გამო გაკიცხეს. როგორც Le Monde-ი აღნიშნავს, COVID-19-ის შესახებ მონტანიეს მიერ გამოთქმული მოსაზრების კომენტირებისთვის გამოცემა მრავალ ექსპერტს დაუკავშირდა, თუმცა უმეტესმა მათგანმა მის „აბსურდზე“ კომენტარის გაკეთებაც არ ისურვა, რადგან ამის ღირსადაც არ ჩათვალეს.

„შეგვიძლია შევადგინოთ ნობელის პრემიის კატასტროფულ ლაურეატთა გრძელი სია, კატასტროფული როგორც მეცნიერული, ისე იდეოლოგიური თვალსაზრისით (მაგალითად, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები, ფილიპ ლენარდი და იოჰანეს შტარკი, რომლებიც ნაცისტები გახდნენ) ან ყალბი მეცნიერების მხრივ (ჯეიმს უოტსონი 2007 წლიდან აკეთებს რასისტულ კომენტარებს. ამ სიაში შეიძლება შევიტანოთ ლუკ მონტანიეც)“, — ამბობს პარიზის უნივერსიტეტის მეცნიერების ისტორიკოსი ალექსანდრ მოატი.

მისივე თქმით, აივ ინფექციის შესახებ ლუკ მონტანიეს ღვაწლმა შეიძლება, მის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენები შეგვიქმნას.

„სამეცნიერო სული ყოველთვის ცდილობს ჩაეჭიდოს გარკვეული ოდენობის მონაცემებს, ხანდახან წინააღმდეგობრივსაც, განსაკუთრებით ახლა, COVID-19-ის შემთხვევაში, იმსჯელოს მხოლოდ ფაქტებიდან, გარკვეული შეხედულებისამებრ. ასეთი სულის შეცვლის შემთხვევაში, მეცნიერი იწყებს თავის საყვარელი თემების ჩაბღაუჭებას და თანაც, ცდილობს მის გავრცელებას, ასე იქცევა მონტანიე“, — ამბობს ალექსანდრ მოატი.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გენეტიკური კოდი დღეს კარგად არის ცნობილი და მისი ხელოვნური წარმომავლობა უარყოფილია, ვირუსის ადამიანებში გავრცელების შესახებ მაინც რჩება რამდენიმე ბუნდოვანი დეტალი. მათ შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორი რამ — კვალის ძებნისას ეპიდემიოლოგები უხანის ცხოველების ბაზრობამდე მივიდნენ, სადაც უნდა მომხდარიყო ბუნებრივი გადადება ვირუსის მასპინძელი ცხოველისგან, სავარაუდოდ პანგოლინისგან; ამ ყველაფრის დეტალები დღემდე გაურკვეველია. მეორე საეჭვო დეტალი კი ის არის, რომ ამერიკელ დიპლომატთა აზრით, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, შეიძლება მომხდარიყო ვირუსის შემთხვევით გაპარვა უხანის ლაბორატორიიდან, რომელშიც ღამურების კორონავირუსების კვლევა მიმდინარეობდა.

მომზადებულია lemonde.fr-ის მიხედვით.