უხანის ლაბორატორიაში ღამურების კორონავირუსების კვლევის უსაფრთხოების ხარვეზებზე ამერიკელი დიპლომატები სახელმწიფო დეპარტამენტს აფრთხილებდნენ
უხანის ლაბორატორიაში ღამურების კორონავირუსების კვლევის უსაფრთხოების ხარვეზებზე ამერიკელი დიპლომატები სახელმწიფო დეპარტამენტს აფრთხილებდნენ

როგორც ახლახან გავრცელებული დიპლომატიური ტელეგრამებიდან ირკვევა, აშშ-ის ოფიციალური პირები საქმის კურსში იყვნენ, რომ ჩინეთის ქალაქ უხანის ცხოველების ლაბორატორიაში ღამურების კორონავირუსების შესწავლა უსაფრთხოების შესაძლო ხარვეზებით მიმდინარეობდა.

დიპლომატიურ ტელეგრამებში, რომლებიც The Washington Post-ის ეროვნული უსაფრთხოების მიმომხილველს, ჯოშ როჯინს ჩაუვარდა ხელში, ჯერ კიდევ 2018 წელს აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის უსაფრთხოების შესახებ.

ლაბორატორიაში, რომელიც ბიოუსაფრთხოების კვლევების მეოთხე დონეს ფლობს, ანუ არსებულ უმაღლეს რეიტინგს, მიმდინარეობდა ღამურებში არსებული კორონავირუსების შესწავლა.

2018 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უხანში მყოფი ამერიკელი დიპლომატი და პეკინში მოქმედი აშშ-ის საელჩოს სამეცნიერო დიპლომატი ლაბორატორიას რამდენჯერმე ესტუმრნენ, იქ მიმდინარე კვლევების უსაფრთხოების შესახებ მათ შეშფოთება გამოთქვეს და ვაშინგტონში ორი „მგრძნობიარე მაგრამ არასაიდუმლო“ ტელეგრამა გააგზავნეს, რომელშიც მოითხოვდნენ, ლაბორატორიას უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვაში დახმარებოდნენ.

როგორც The Washington Post-ი წერს, ტელეგრამაში, რომელიც 2018 წლის 19 იანვრით თარიღდება, ნათქვამია, რომ „WIV დონის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ურთიერთობის შემდეგ, მათ შენიშნეს, რომ ახალ ლაბორატორიას სათანადოდ გაწვრთნილი ტექნიკოსებისა და მკვლევრების სერიოზული დეფიციტი აქვს, ისეთი პერსონალის, როგორიც ასეთ ძლიერ სენსიტიურ ლაბორატორიაში უნდა მუშაობდეს“.

გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ დიპლომატები და მეცნიერები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამდნენ ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევის შესახებ, რომელშიც ღამურების კორონავირუსების გადამდებობას სწავლობდნენ. დიპლომატები შიშობდნენ, რომ ლაბორატორიაში გადამდები ვირუსების კვლევისას არსებული უსაფრთხოების მოუწესრიგებელი პროტოკოლი „წარმოადგენს SARS-ის მსგავსი ახალი პანდემიის რისკს“.

აქვე მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაშია შექმნილი ბიოიარაღის სახით. თუმცა, ახლად გავრცელებული დიპლომატიური ტელეგრამები შუქს უნთებს იმ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ვირუსმა ლაბორატორიიდან შეიძლება შემთხვევით ან ბიონარჩენების სახით გაჟონა და ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა დააინფიცირა.

სამხრეთ ჩინეთიდან 2002 წელს გავრცელებული მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) მსგავსად, ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაც დაიწყო ვირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადადებით.

უფრო ადრე, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც დაადგინეს ღამურების ის კლასტერი, რომლებისგანაც ადამიანებში SARS-ი გადმოვიდა. სწორედ ამ ლაბორატორიამ განაცხადა პირველად თებერვალში, რომ ახალი კორონავირუსიც ღამურებიდან იღებდა სათავეს.

ტელეგრამაში დიპლომატები ამბობენ, რომ მკვლევართა ნაშრომი ძლიერ მიუთითებს „ღამურებიდან SARS-ის მსგავსი კორონავირუსების ადამიანებზე გადადებისა და SARS-ის მსგავსი დაავადებების გამოწვევის შესაძლებლობაზე“. დიპლომატები იქვე დასძენენ, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი მეთვალყურეობა ღამურების SARS-ის მსგავს კორონავირუსებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცხოველისა და ადამიანის კავშირის კვლევა მომავალში ახალი კორონავირუსების გავრცელების პროგნოზისა და პრევენციისათვის“.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვლევა უმნიშვნელოვანესია კორონავირუსების ცხოველებიდან ადამიანებზე გადადების სრულყოფილად შესწავლისთვის, ტელეგრამაში დიპლომატები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ძლიერ სახიფათო კვლევამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე სარგებელი, თუკი არ მოხდება დაუყოვნებელი ჩარევა ლაბორატორიის უსაფრთხოების პროტოკოლის გასაუმჯობესებლად.

„ეს ტელეგრამა გამაფრთხილებელი გასროლა იყო. დიპლომატები იქ მიმდინარე კვლევებისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვდნენ“, — უთხრა The Washington Post-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

როგორც გამოცემის მიმომხილველი ჯოშ როჯინი შენიშნავს, მეცნიერები წარსულშიც გამოთქვამდნენ შეშფოთებას ე. წ. ფუნქციის მოპოვების კვლევების უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც საშიში პათოგენების გადადების სიძლიერეს ზრდიან და იზრდება დაავადების გავრცელების რისკიც.

მართალია, ჩინეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანებს პირველად უხანის ცხოველების ბაზრობაზე გადაედო, მაგრამ ვირუსის წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს. ამის საფუძველს კი იძლევა ჩინეთის მთავრობის მიერ წარმოქმნილი დაბრკოლებები, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას გამჭვირვალობის ნაკლებობა, შეზღუდვები ვირუსის კვლევაზე და მათი გაჩუმება, ვინც ახალი ვირუსის შესახებ პირველებმა დაიწყეს საუბარი.

ჩინელ დიპლომატებს ამერიკელებთან ურთიერთობა დაეძაბათ და საკუთარი კონსპირაციული თეორიების გავრცელება დაიწყეს, მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, კორონავირუსი უხანში აშშ-ის არმიამ გაავრცელა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ აშშ-ის დაზვერვა დეტალურად იკვლევს იმის შესაძლებლობას, შეიძლებოდა თუ არა ვირუსი შემთხვევით გავრცელებულიყო უხანის ლაბორატორიიდან.

„მედიასაშუალებებში ვრცელდება მრავალი ჭორი და სპეკულაცია. სულაც არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდით და ამ საკითხის გასარკვევად ძლიერ დაზვერვასაც ვაწარმოებთ. ამ მომენტისთვის, ეს არადამაჯერებელია; მტკიცებულებები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, მაგრამ ეს საკითხი დარწმუნებით არ ვიცით“, — ამბობს მილი.

როგორც The Washington Post-ის მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი და სხვა ჟურნალისტები შენიშნავენ, ის არგუმენტი, რომ ვირუსი სათავეს უხანის ბაზრობიდან იღებს, გარკვეულწილად გადაუჭრელი და შეუსაბამოა.

ამ ბაზრობაზე არ იყიდებოდა ღამურები (თუმცა, იყიდებოდა ღამურებთან კავშირის მქონე სხვა ცხოველები) და როგორც იანვარში ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, პირველ ინფიცირებულ ადამიანს და არც პირველ კლასტერს ამ ბაზართან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ.

იგნატიუსი ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი ლაბორატორია, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის უხანის დეპარტამენტი ცხოველების კორონავირუსებს ზუსტად ბაზრობის გვერდით არსებულ შენობაში იკვლევდა, რომელსაც ბიოუსაფრთხოების მხოლოდ მეორე დონის სერტიფიკატი აქვს.

„არ ვფიქრობ კონსპირაციულ თეორიებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ლეგიტიმური კითხვაა, რომელსაც კვლევა და პასუხის გაცემა სჭირდება“, — უთხრა ჯოშ როჯინს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა სიაო კიანგმა იმის საპასუხოდ, რომ ვირუსი მოსახლეობაში შეიძლება შემთხვევით, ლაბორატორიაში რაღაც ნორმის დარღვევის შედეგად გავრცელდა.

მისივე თქმით, ვირუსის ზუსტი წარმომავლობის გარკვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალში ასეთი მოვლენის თავიდან ასაცილებლად.

მომზადებულია The Washington Post-ისა და Business Insider-ის მიხედვით.