COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი ადამიანებში შეიძლება, წლების განმავლობაში ცირკულირებდა უსაფრთხოდ — ახალი კვლევა
COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი ადამიანებში შეიძლება, წლების განმავლობაში ცირკულირებდა უსაფრთხოდ — ახალი კვლევა

კორონავირუსული დაავადება COVID-19 უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, გამოიწვია მრავალი ქვეყნის დახურვა, პნევმონია და შიში. ამასობაში კი მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, საიდან მოვიდა ამ დაავადების გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2.

პასუხი ჯერ არ გვაქვს; არც ის ვიცით დაზუსტებით, მოვიდა თუ არა ის ცხოველიდან, მაგრამ ახალმა ანალიზებმა დაასამარა კონსპირაციები იმის შესახებ, რომ შეიძლება, ეს დაავადება ლაბორატორიაში იყოს შექმნილი.

ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევა რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობას გვთავაზობს. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით კი, ეს ვირუსი ადამიანთა პოპულაციაში შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა სრულიად უსაფრთხოდ, სანამ პანდემიური გახდებოდა.

„შესაძლებელია, რომ ადამიანებში SARS-CoV-2-ის წინაპარი გადმოვიდა, ადამიანიდან ადამიანზე გადადებისას მიმდინარე ადაპტაციის პროცესში კი შეიძინა ახალი გენომური მახასიათებლები“, — წერენ ახალ კვლევაში ამერიკელ, ბრიტანელ და ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფები.

მათივე ვარაუდით, ეს ადაპტაციები ამ მახასიათებლების შეძენისთანავე აძლევს პანდემიას დაძვრისა და შემთხვევათა საკმაოდ დიდი კლასტერების წარმოქმნის საშუალებას.

მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს SARS-CoV-2-ისა და სხვა მსგავს კორონავირუსთა გენომურ მონაცემებს; შედეგად კი დაადგინეს, რომ SARS-CoV-2-ის წვეტი ცილების ის სექცია, რომელიც ადამიანის უჯრედის რეცეპტორებს ბოჭავს (RBD) და უჯრედში აღწევს, ამ საქმეში საკმაოდ ეფექტიანია და ამის მიზეზი ბუნებრივი გადარჩევა უნდა იყოს.

„ცნობილ კორონავირუსთა ჩვენს ხელთ არსებული გენომური თანმიმდევრობის მონაცემების შედარების შედეგად, მტკიცედ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ვირუსი SARS-CoV-2 სათავეს იღებს ბუნებრივი პროცესების შედეგად“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იმუნოლოგი Scripps Research-ის ცენტრიდან, კრისტიან ანდერსენი.

„ვირუსის ორი მახასიათებელი — წვეტ ცილებში, მუტაციები რეცეპტორის შემბოჭველ დომენის (RBD) სექციაში და მისი განსხვავებული ხერხემალი სრულიად გამორიცხავს, რომ SARS-CoV-2 შეიძლება ლაბორატორიული წაროშობის იყოს“, — ამბობს ანდერსენი.

ვირუსის წარმოშობის შესახებ ჯგუფი განიხილავს ორ საკმაოდ სიცოცხლისუნარიან ჰიპოთეზას.

პირველი — ბუნებრივი გადარჩევა მოხდა ვირუსის ცხოველ მასპინძელში, იქამდე, ვიდრე ის ადამიანებს გადაედებოდა. როგორც ჯგუფი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ღამურებსა და პანგოლინებში აღმოჩენილ კორონავირუსებში SARS-CoV-2-ის მსგავსი გენომები გამოვლინდა, არც ერთი მათგანი არ არის ზუსტად იგივე.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ გვიპოვია ცხოველის არც ერთი ისეთი კორონავირუსი, რომელიც შეიძლება SARS-CoV-2-ის პირდაპირ წინაპრად ჩავთვალოთ, ღამურებსა და სხვა ცხოველებში არსებული კორონავირუსების მრავალსახეობა ჯერ ძირითადად შეუსწავლელია“, — წერენ მკვლევრები.

მეორე ჰიპოთეზის მიხედვით კი, ბუნებრივი გადარჩევა ადამიანებში მოხდა, მას შემდეგ რაც ვირუსი მათ ცხოველიდან გადაედოთ.

„მეორე სცენარის მიხედვით, ახალი კორონავირუსი ცხოველებიდან ადამიანებში იქამდე გადმოვიდა, ვიდრე მას ადამიანებში დაავადების გამოწვევა შეეძლებოდა“, — ამბობს აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ფრენსის კოლინსი.

„ამის შემდეგ, წლობით ან ათწლეულობით მიმდინარე თანდათანობითი ევოლუციური ცვლილებების შედეგად, ვირუსმა დროთა განმავლობაში შეიძინა ადამიანიდან ადამიანში გავრცელებისა და სერიოზული, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი დაავადების გამოწვევის უნარი“, — განმარტავს კოლინსი.

მართალია, ჯერ არ ვიცით, რომელი ეს ჰიპოთეზა შეიძლება იყოს მართებული, მაგრამ მკვლევრები აცხადებენ, რომ თანდათან გამოჩენილი მტკიცებულებები რომელიმე მათგანს გააძლიერებს. ასეთი კვლევები კი აქტიურად გრძელდება.

ამასობაში კი, დაიბანეთ ხელები საპნით ხშირად და დარჩით სახლში — ეს ყველაზე საუკეთესო რამ არის, რითაც შეგიძლიათ, საკუთარი წვლილი გაიღოთ ვირუსის შესაჩერებლად.

კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი