კონტრაქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას ხვალისთვისაც გეგმავენ [ვიდეო]
სამართალდამცველებმა კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუშვეს, რის შემდეგაც კონტრაქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლები დაანთეს.
როგორც ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, კონტრაქციის მონაწილეთა ნაწილი, ვისაც ამის სურვილი აქვს, ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩება, ნაწილი კი სახლებში წავა.
მისივე თქმით, აქცია ხვალ 18:00 საათზე განახლდება. აქციის მონაწილეები თბილისის საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.
სანდრო ბრეგაძის განმარტებით, აქცია 17 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
„ხვალ 18:00 საათზე ვეპატიჟებით მთელ საქართველოს ფილარმონიასთან. დაიწყება გაერთიანებული ეროვნული ძალების მიერ ორგანიზებული მსვლელობა, დასრულდება პარლამენტის შენობასთან და აქ ჩვენ ვიქნებით 17 მაისამდე, სანამ არ ჩატარდება ღონისძიება, რომელიც საპატრიარქოს მიერ არის ორგანიზებული. ღვთის მადლით, დღევანდელი დღე დამთავრდა მშვიდობიანად, სოდომისტებმა დატოვეს ტერიტორია და ის მკრეხელობები, რაც აქ ხდებოდა, იმედი მაქვს, აღარასოდეს განმეორდება. მოთხოვნებს ხვალ გავაჟღერებთ. ადამიანების ნაწილი, ვისაც სურვილი აქვს, დარჩება დღეს ღამით, ნაწილი წავა, რომ დაისვენონ. ეს არ არის ორგანიზებული აქცია. ეს არის ხალხის პროტესტი. მოსახლეობა, თბილისელები გამოვიდნენ და თქვეს თავიანთი ვაჟკაცური სიტყვა. ხვალინდელი აქცია გაგრძელდება 17 მაისამდე, სანამ არ გაიმართება საპატრიარქოს მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.17 მაისს. გეი აღლუმი არასოდეს გაიმართება, არც 17-ში და არც სხვა დღეს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ დაიშალა. აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.