ზურაბ ჭიაბერაშვილი - გიორგი გახარიასთან შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც არსებობს, რაში დასჭირდა შავრაზმული ძალადობრივი ჯგუფების დახმარება
ზურაბ ჭიაბერაშვილი - გიორგი გახარიასთან შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც არსებობს, რაში დასჭირდა შავრაზმული ძალადობრივი ჯგუფების დახმარება

გიორგი გახარიასთან შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც არის, თუ რაში დასჭირდა მას შავრაზმული ძალადობრივი ჯგუფების დახმარება, როცა ის მშვიდობიან მომიტინგეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისი განცხადება იმას, რომ კონტრაქციაზე მყოფი პირები გიორგი გახარიას დავალებით მოქმედებდნენ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ამას კონტრაქცია ეწოდოს, აქცია და კონტრაქცია ორ თანაბარ მხარედ წარმოჩინდეს და მათ შორის ტოლობის ნიშანი დაისვას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ იმ ადამიანებს ფაშისტებსა და შავრაზმელებს არ უწოდებთ და უწოდებთ მხოლოდ კონტრაქციას, რაც ხელისუფლების ხაზს აგრძელებს, რომ აქცია და კონტრაქცია ორ თანაბარ მხარედ წარმოაჩინოს და მათ შორის ტოლობის ნიშანი დასვას“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები არამხოლოდ იმასთან დაკავშირებით აქვს, რაც პარასკევის შემდეგ განვითარდა, არამედ იმაზეც, თუ რა ხდებოდა პარასკევამდე.

„ჩვენ ბატონ გახარიას დავუსვამთ შეკითხვას, თუ როგორ დაგეგმა მან პარასკევის ოპერაცია“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა განაცხადა, ყველაზე მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას აწუხებს ისაა, თუ როგორ გავრცელდა ქვეყანაში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, რომელმაც ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, ზოგადად, რატომ მომრავლდა კრიმინალი და დღეს არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში რატომ მომრავლდა ნარკოტიკის მომხმარებელი.