გიორგი გახარია - მზად ვართ, ადგილზე ვუპასუხოთ შეკითხვებს და ერთად ვიპოვით გამოსავალს ამ კრიზისული სიტუაციიდან
გიორგი გახარია - მზად ვართ, ადგილზე ვუპასუხოთ შეკითხვებს და ერთად ვიპოვით გამოსავალს ამ კრიზისული სიტუაციიდან

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მზადყოფნას გამოთქვამს, ყველა შეკითხვას უპასუხოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია დღესაც, ისევე, როგორც გუშინ, მაქსიმუმს აკეთებდა და გააკეთებს მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

„მე ჩვენს მაყურებლებს მინდა ვუთხრა შემდეგი, რომ გუშინაც ისევე, როგორც დღეს, პოლიცია ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და გააკეთებს მაქსიმუმს, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი დაძაბულია მდგომარეობა, ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან მეორე მხრიდან არის გარკვეული შეკითხვები, მზად ვართ, ადგილზე ვუპასუხოთ ამ შეკითხვებს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისი თქმით, მიუხედავად დაძაბულობის ეფექტისა, რომელსაც საზოგადოება ტელეეკრანებიდან ხედავს, პოლიცია ადგილზე სრულად აკონტროლებს ვითარებას.

„მინდა, ჩვენს მაყურებლებს ვუთხრა, რომ მიუხედავად იმ დაძაბული ეფექტისა, რომელიც ეკრანზე ჩანს, ადგილზე პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც გაუჩნდათ გარკვეული შეკითხვები, ადგილზე გავცემთ ყველა შეკითხვაზე პასუხს და კიდევ უფრო დავამშვიდებთ ამ მდგომარეობას და ერთად ვიპოვით გამოსავალს ამ კრიზისული სიტუაციიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.