ჯეიმს ვებმა რგოლის ნისლეულის სილამაზე დეტალურად გადაიღო — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვებმა რგოლის ნისლეულის სილამაზე დეტალურად გადაიღო — #1tvმეცნიერება

მომაკვდავი ვარსკვლავის გარშემო მიმოფანტული განათებული ნარჩენები სრულიად ახალი დეტალებით ჩანს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ახალ სურათებში.

მესიე 57-ზე, იგივე რგოლის ნისლეულზე ჩატარებული დაკვირვებების შესახებ, თვის დასაწყისში გავიგეთ. ამჯერად ქვეყნდება გასუფთავებული, დამუშავებული ფოტოები, რომლებზეც მომაკვდავი ვარსკვლავი ისეთი ჩანს, როგორიც ჯერ არასოდეს გვინახავს.

ვების ინსტრუმენტებმა, NIRCam-მა და MIRI-მ ნისლეულის ცენტრში მდებარე მომაკვდავი მზის მსგავსი ვარსკვლავის სიკვდილის განსხვავებული ასპექტები გამოამჟღავნა. NIRCam-ის დაკვირვებები ცხადყოფს ნისლეულის შიდა რეგიონის ფილამენტებისა და კვანძების სირთულეს, MIRI კი ავლენს გარე სექციების კონცენტრულ მახასიათებელთა დელიკატურ ნიშნებს.

რგოლის ნისლეული ჩვენგან დაახლოებით 2750 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ე. წ. პლანეტურ ნისლეულს — ფინალურ ეტაპს ვარსკვლავისა, რომელიც ერთ დროს ჩვენი მზის მსგავსი იყო. როდესაც მზის მსგავს ვარსკვლავებს საწვავის მარაგი ეწურებათ და ბირთვში წყალბადის სინთეზს ვეღარ ახდენენ, არასტაბილურები ხდებიან და მატერიის გარე ფენებს კოსმოსში ტყორცნიან.

ვარსკვლავის ბირთვი, რომელსაც უკვე აღარ გააჩნია სინთეზის შედეგად წარმოქმნილი გარეთ მიმართული წნევა, გრავიტაციის გამო კოლაფსირდება და თეთრი ჯუჯა ხდება. სწორედ ასეთი ბედი ელის საბოლოოდ ჩვენს მზეს და ირმის ნახტომის ვარსკვლავთა უმეტესობას.

რგოლის ნისლეული წარმოქმნა ვარსკვლავმა, რომელმაც ბირთვული სინთეზი დაახლოებით 2000 წლის წინ შეწყვიტა (ჩვენი გადმოსახედიდან). მის ცენტრში მოქცეულია თეთრი ჯუჯა, რომელსაც მზის მასის დაახლოებით 60 პროცენტი აქვს; ამ ვარსკვლავის გარშემო არსებული მატერია გარე მიმართულებით, სფეროს სახით ფართოვდება, რომელიც ჩვენთვის მანათობელი მასალებით ამოვსებულ რგოლს წააგავს.

ნისლეულის გარე გარსი სქელი და მტვრიანია, ჩახლართული სტრუქტურებით, საიდანაც ის ვარსკვლავთშორის სივრცეში გადის. ახალ სურათებზე ჩანს ნისლეულში არსებული დაახლოებით 20 000 მკვრივი, წყალბადის გლობულა (ბურთულა); ძირითადი გარსიდან მომდინარე სინათლე კი აჩვენებს, რომ ის მდიდარია პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადებით — ნახშირბადის იმ ტიპით, რომლისგანაც ჭვარტლი შედგება.

რგოლის ნისლეული

მიჩნეულია, რომ ვარსკვლავის გარშემო კონცენტრული რგოლები წარმოადგენს ბინარულ კომპანიონ ვარსკვლავთან ურთიერთქმედების პროდუქტს. შიგნით ანათებს ცხელი, გაუხშოებული გაზი.

ამ სტრუქტურების შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება, რომ უკეთესად გაიგონ, როგორ კვდება სამყაროს ვარსკვლავთა უმეტესი ნაწილი.

რგოლის ნისლეული 3
ჰაბლის მიერ 2013 წელს გადაღებული რგოლის ნისლეული

„ჩვენ წინაშეა ვარსკვლავის სიცოცხლის საბოლოო ეპიზოდები; წინასწარ ვხედავთ მზის შორეულ მომავალს. ჯეიმს ვები ამ შთამბეჭდავი კოსმოსურო მოვლენის შესწავლის ახალ ფანჯარას გვიხსნის“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტროფიზიკოსი მაიკ ბარლოუ.

ახალი ფოტოების სხვადასხვა ზომის ვერსიები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდიდან.

მომზადებულია esawebb.org-ის მიხედვით.