იტალიური გამოცემა - ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ჰაკერულ შეტევას საქართველოზე
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-შეტევაზე იტალიური მედიაც წერს. სტატიებში აღნიშნულია, რომ საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი ბრალს სდებენ რუსეთს „თავზეხელაღებულ“ კიბერშეტევაში. იტალიურ გამოცემებში ასევე გამოქვეყნებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადება.
იტალიური გამოცემა agenzianova აქვეყნებს სტატიას სათაურით – „საქართველო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს 28 ოქტომბრის რუსეთის ჰაკერულ შეტევას“.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს კიბერშეტევები საქართველოს წინააღმდეგ.
სტატიაში ასევე გამოქვეყნებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომელმაც დაგმო „გრუს“ ტექნოლოგიების განსაკუთრებული ცენტრის მიერ გასულ ოქტომბერს განხორციელებული შეტევები.
„2019 წლის 28 ოქტომბერს გრუს სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებგვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუს“ მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა.
ჩვენ, აგრეთვე, პირობას ვდებთ საქართველოსა და მისი ხალხის წინაშე, რომ მხარს დავუჭერთ კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში და მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში. საქართველოს საჯარო ინსტიტუტების განმტკიცებისა და მისი შესაძლებლობის გაძლიერებისთვის, ჩვენ საქართველოს შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.