ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა საერთაშორისო მშვიდობას საფრთხის წინაშე დააყენებს
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაზრდა საერთაშორისო მშვიდობას საფრთხის წინაშე დააყენებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაკისტანში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
მუჰამედ ჯავად ზარიფის განმარტებით, ოფიციალური ვაშინგტონის ქმედება საკმაოდ სახიფათოა.
„ამერიკელებმა მსგავსი ბრალდებები იმიტომ წამოაყენეს, რომ საკუთარი მტრული პოლიტიკა გაამართლონ და სპარსეთის ყურეში ვითარება გაამწვავონ. ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის გაზრდა უკიდურესად სახიფათოა. ის საერთაშორისო მშვიდობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ცოტა ხანში კი, ისლამურ რესპუბლიკას დოკუმენტის პირობებით გაუქმებული სანქციები დაუწესა.
რამდენიმე კვირის წინ აშშ-მა ირანის მხრიდან მომდინარე გარკვეული საფრთხის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.