დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას ათასჯერ ძლიერი პასუხი მოჰყვება
დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას ათასჯერ ძლიერი პასუხი მოჰყვება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას ათასჯერ ძლიერი პასუხი მოჰყვება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტი ამ განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ირანი გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ განიხილავს სამხრეთ აფრიკაში აშშ-ის ელჩ ლანა მარკსზე თავდასხმას.

„პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ირანი შესაძლოა, გეგმავდეს აშშ-ის წინააღმდეგ მკვლელობას ან სხვა თავდასხმას, რათა შური იძიოს ტერორისტთა ლიდერის, სოლეიმანის მკვლელობისთვის. ნებისმიერი ფორმის თავდასხმას ირანის მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ მოჰყვება ათასჯერ უფრო მძლავრი თავდასხმა ირანზე“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერში“.

როგორც ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ დაზვერვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლანა მარკსი ერთ-ერთია რამდენიმე ამერიკელ მაღალჩინოსანს შორის, რომლებსაც დაზვერვა ირანის პოტენციურ სამიზნედ განიხილავს. ოფიციალური თეირანი ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, ირანელი გენერალი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ყუდსის ძალების მეთაური ყასემ სოლეიმანი მიმდინარე წლის დასაწყისში ერაყში, აშშ-ის იერიშის შედეგად გარდაიცვალა.