ექსპერიმენტულმა პრეპარატმა კლინიკურ კვლევაში მწვავე ეგზემის მქონე პაციენტთა უმეტესობის კანი სრულად გაასუფთავა — #1tvმეცნიერება
კლინიკურ კვლევაში მონაწილე ზომიერიდან მძიმე ხარისხის ეგზემის მქონე ადამიანების მესამედზე მეტს, ოთხი თვის განმავლობაში ექსპერიმენტული აბის მიღების შემდეგ, კანი სრულად ან თითქმის სრულად გაუსუფთავდა. პრეპარატი მიზანში იღებს იმუნური სისტემის იმ ნაწილს, რომელიც ეგზემას იწვევს, როდესაც ზედმეტად აქტიურ რეჟიმში რჩება. შედეგად, ის შეიძლება უკეთესი ალტერნატივა იყოს ამჟამინდელი სტანდარტული პრეპარატისა, რომელიც ინიექციის სახით კეთდება.
„ნამდვილად იმედისმომცემად გამოიყურება“, — ამბობს მელბურნის სამეფო ჰოსპიტლის მკვლევარი გეილ როსი.
ეგზემა, ანუ ატოპიური დერმატიტი არის კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქავილით, ანთებითი გამონაყარითა და დაზიანებული კანით, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდეს. იწვევს იმუნური გზის გადაჭარბებული აქტივობა, რომელშიც ორი სასიგნალო ცილა მონაწილეობს — ინტერლეიკინ-4 და ინტერლეიკინ-13.
2017 წელს, კოპმპანიებმა Sanofi-მ და Regeneron-მა აშშ-ში მარეგულირებლის თანხმობა მიიღეს ერთობლივად შექმნილ ეგზემის საწინააღმდეგო პრეპარატ დუპილუმაბზე, რომელიც ინტერლეიკინ-4-ის და ინტერლეიკინ-13-ის სიგნალირებას ბლოკავს. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ეფექტიანია, აშშ-ში მასზე მოთხოვნა შეზღუდულია, რადგან ის კანქვეშ კეთდება, ხოლო დაზღვევის არმქონე პირებისთვის მისი ღირებულება წელიწადში 59 000 დოლარამდე აღწევს.
ამჯერად, კიდევ ერთმა კომპანიამ, Kymera Therapeutics-მა შექმნა ალტერნატიული პრეპარატი, სახელად KT-621, რომლის მიღებაც აბის ფორმით არის შესაძლებელ. ის იმავე იმუნურ გზაზე მოქმედებს, რაზეც დუპილუმაბი, თუმცა შლის ცილა STAT6-ს, რომელიც ეგზემის განვითარების პროცესში ინტერლეიკინ-4-ისა და ინტერლეიკინ-13-ის ზემოქმედების შედეგად აქტივირდება.
კლინიკურ კვლევაში მონაწილეობდა მწვავე ეგზემის მქონე საშუალოდ 39 წლის ასაკის 244 ადამიანი; შემთხვევითობის პრინციპით განაწილების საფუძველზე, ისინი იღებდნენ KT-621-ის სამ სხვადასხვა დოზას ან პლაცებოს აბს ყოველდღიურად, 16 კვირის განმავლობაში.
მათ, ვინც ყველაზე ეფექტიან დოზას იღებდა, სტანდარტული სკალის მიხედვით ეგზემის სიმძიმე საშუალოდ 72%-ით შეუმცირდათ, მაშინ როდესაც პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა. უფრო მეტიც, კვლევის დასასრულს, KT-621-ის მიმღებ მონაწილეთა 38 პროცენტს კანი სრულად ან თითქმის სრულად ჰქონდა მოშუშებული.
„შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა“, — აღნიშნა Kymera Therapeutics-ის უფროსმა სამედიცინო ოფიცერმა ტერენს რუნიმ 23 ნოემბერს შედეგების წარდგენაზე. მან საზოგადოებას აჩვენა მთელ ტანზე მწვავე ეგზემის მქონე ერთი კაცის ფოტოები მკურნალობამდე და მის შემდეგ. დაავადების ნიშნები მის კანზე სრულად იყო გამქრალი.
„ცხადია, ჯერ ადრეული ეტაპია და კლინიკურ კვლევაში პაციენტთა რაოდენობაც შედარებით მცირე იყო, თუმცა როგორც ჩანს, KT-621-ის ეფექტიანობა დუპილუმაბისას უტოლდება — ეს უკანასკნელი კი ამჟამად ზომიერი და მძიმე ატოპიური დერმატიტის მკურნალობის სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენს. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა ინექციის ნაცვლად პერორალური (დასალევი) მკურნალობის ვარიანტის არსებობა“, — ამბობს გეილ როსი.
რუნის თქმით, მედიკამენტი უსაფრთხოც აღმოჩნდა. მონაწილეთა მცირე ნაწილს გვერდითი ეფექტის სახით კონიუნქტივიტი განუვითარდა, თუმცა როგორც წესი, მსუბუქი ხასიათის იყო და არცერთ მათგანს მკურნალობის შეწყვეტა არ დასჭირვებია. უფრო მეტიც, ცდის დასრულების შემდეგ თითქმის ყველა მონაწილემ გადაწყვიტა, აბის ყოველდღიურად მიღება მიმდინარე კვლევის ფარგლებში გაეგრძელებინა.
დუპილუმაბის მიმღებ პირებსაც შეიძლება განუვითარდეთ კონიუნქტივიტი, ამიტომ „ჩვენ უკვე საკმაოდ მიჩვეულები ვართ ამასთან გამკლავებას“, — ამბობს როსი.
Kymera Therapeutics-ი ამჟამად გეგმავს KT-621-ის უფრო მასშტაბურ კვლევას ეგზემის სამკურნალოდ, რომელიც 2027 წლის შუა პერიოდში უნდა დაიწყოს. ამჟამად კომპანია ასევე ატარებს KT-621-ის გამოცდას ასთმის მქონე ადამიანებში, ვინაიდან ეს დაავადება გამოწვეულია ფილტვებში მიმდინარე იმავე ზედმეტად აქტიური იმუნური მექანიზმით. კომპანიას ჯერ არ განუცხადებია, რა ეღირება პრეპარატი თუკი მარეგულირებელი ორგანოსგან საბოლოოდ მიიღებს მწვანე შუქს.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.