კლინიკურ კვლევებში პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტულმა პრეპარატმა დადებითი შედეგი აჩვენა — #1tvმეცნიერება

13:59, 18.11.2026

თითქმის ერთი საუკუნეა, ონკოლოგები პროსტატის კიბოს მკურნალობენ სიმსივნისთვის ტესტოსტერონის — მათი მთავარი „საწვავის“ მიწოდების შეწყვეტით.

თუმცა, ეს კიბო საკმაოდ ცბიერია. შეუძლია მუტაცია და სხვა ჰორმონებით „კვების“ სწავლა.

ამ პრობლემიდან გამოსავალი შეიძლება იყოს კიბოს იმ რეცეპტორების განადგურება, რომლებსაც ის ტესტოსტერონითვის იყენებს.

ექსპერიმენტულმა პრეპარატმა, რომელიც სწორედ ამას აკეთებს, კლინიკური კვლევების კომბინირებული I და II ფაზა გაიარა.

ამ ორალურ პრეპარატს ბავდეგლუტამიდი (ARV-110) უწოდეს და დღეში ერთხელ მიიღება.

ის სამ დაწესებულებაში გამოიცადა პროსტატის კიბოს ყველაზე შორსწასული ფორმის მქონე პაციენტებში: მასაჩუსეტსის ზოგად ჰოსპიტალში, იელის სამედიცინო სკოლაში და Arvinas-ში — ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში, რომელმაც ეს პრეპარატი შექმნა და კვლევა დააფინანსა.

კლინიკური კვლევის პირველი ფაზის მიზანი უსაფრთხო დოზის განსაზღვრა იყო, მეორე ფაზაში კი ეს დოზა გამოცადეს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც ტესტოსტერონის რეცეპტორებში სხვადასხვა მუტაცია აღენიშნებოდათ.

მონაწილეთა თითქმის 60 პროცენტს, რომელთა სიმსივნესაც ჰქონდა გენის მუტაცია, სახელად T878/H875, პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენები სულ მცირე ნახევრით შეუმცირდათ.

ასეთი ნიშანი შემაგულიანებელია და მიუთითებს, რომ კიბო მკურნალობაზე რეაგირებს.

შედარებისათვის — სხვა გენური პროფილების მქონე მამაკაცების მხოლოდ 3-4 პროცენტს აღენიშნათ ასეთივე გაუმჯობესება.

კვლევის შედეგები Journal of Clinical Oncology-ში გამოქვეყნდა და მიუთითებს, რომ ამ ახალ პრეპარატს შეუძლია სიმსივნური აქტივობის დათრგუნვა იმედისმომცემი გზით, თუმცა — მხოლოდ პაციენტთა მცირე ჯგუფში.

„ბავდეგლუტამიდი იყენებს ცილების დეგრადაციის თქვენს ბუნებრივ სისტემას და ის ანდროგენული რეცეპტორის პროცესს აჩქარებს. პრეპარატი ახდენს ტესტოსტერონისთვის განკუთვნილი რეცეპტორების დეგრადაციას, რომლებიც კიბოს ზრდას აკონტროლებენ“, — განმარტავს იელის უნივერსიტეტის ონკოლოგი დენიელ პეტრილაკი.

კლინიკურ კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტმა ერთი და იგივე ექსპერიმენტული პრეპარატი მიიღო, ანუ არ არსებობდა ტრადიციული საკონტროლო ჯგუფი.

საერთო ჯამში, გენის მუტაცია T878/H875 ჰქონდა 20 მონაწილეს, რომელთაც განსაკუთრებით კარგი შედეგები აღენიშნათ.

სკანირების შედეგების მიხედვით, კიბოს გაუარესებამდე ან გარდაცვალებამდე მედიანური დრო 11 თვეს შეადგენდა.

შედარებისთვის, სხვა გენეტიკური პროფილების მქონე მამაკაცებს ამისათვის დაახლოებით 4-დან 5 თვემდე დასჭირდათ.

ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ პროსტატის სიმსივნეს ეს პრეპარატი ამცირებს ან იმას, რომ პაციენტები უფრო დიდხანს იცოცხლებენ, თუ მას მიიღებენ.

თუმცა, არსებობს დადებითი ნიშნები.

„დაფიქსირდა პროსტატას სპეციფიკური ანდროგენის შემცირება. ასევე აღინიშნა რბილი ქსოვილების დაზიანებების რეგრესი და ტკივილის შემსუბუქება. ეს ის პარამეტრებია, რომლებიც დადებით რეაგირებაზე მიუთითებს“, — ამბობს პეტრიალკი.

როცა პროსტატის კიბო ვრცელდება და ანდროგენების დეპრივაციულ თერაპიაზე რეაგირებას წყვეტს, მას უკვე მეტასტაზურ კასტრაციულად რეზისტენტულ პროსტატის კიბოს უწოდებენ (mCRPC).

ის ხშირად დაკავშირებულია სისხლში პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონესთან.

მეტასტაზურ კასტრაციულად რეზისტენტული პროსტატის კიბოს (mCRPC) განუკურნებელი და საბოლოო ჯამში, ფატალური დაავადებაა, თუმცა მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს შეუძლია მისი პროგრესირების შენელება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

არსებული თერაპიები თრგუნავენ ტესტოსტერონის გამომუშავებას ან ხელს უშლიან მის დაკავშირებას რეცეპტორებთან და მათ გააქტიურებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თერაპიებმა შეიძლება საწყისი ეფექტიანობა აჩვენა, ახალი კვლევის ავტორები წერენ, რომ „პაციენტების დაახლოებით 20–40 პროცენტი ამ მკურნალობას არ ექვემდებარება, ხოლო თითქმის ყველასთან საბოლოოდ ვითარდება რეზისტენტობა“.

ბავდეგალუტამიდის მსგავსმა პრეპარატმა შესაძლოა ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი სიცარიელის შევსებას.

როგორც ჩანს, ის განსაკუთრებით ეფექტიანია ტესტოსტერონის იმ რეცეპტორების მიმართ, რომლებიც T878/H875 მუტაციებს ატარებენ.

თუმცა, კარგი შედეგების მიუხედავად, ამ კლინიკური კვლევის ბევრმა მონაწილემ აღნიშნა უარყოფითი გვერდითი მოვლენები, მათ შორის — გულისრევა, დაღლილობა, ღებინება და დიარეა.

შედეგად, კომპანია Arvinas-ი პრიორიტეტს ანიჭებს პროსტატის კიბოს საწინააღმდეგო კიდევ ერთ პრეპარატს — ARV-766-ს (ლუქსდეგალუტამიდი), რომელიც რეცეპტორების განადგურების მსგავს მექანიზმს იყენებს, თუმცა ახასიათებს ნაკლები გვერდითი ეფექტი.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს I/II ფაზის კომბინირებული კლინიკური კვლევა, რომელიც 2027 წლის მაისში დასრულდება.

კვლევა Journal of Clinical Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია medicine.yale.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი