ლაბორატორიულ ცდებში იმუნურმა უჯრედებმა ფილტვის კიბოს ყველაზე მწვავე ფორმის უჯრედები გაანადგურა — #1tvმეცნიერება

13:49, 02.11.2026

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო (SCLC) განსაკუთრებით აგრესიული და მომაკვდინებელი დაავადებაა — დიაგნოზიდან ხუთი წლის შემდეგ, 100 პაციენტიდან მხოლოდ 7 რჩება ცოცხალი.

ერთი ხრიკი, რომელსაც ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო გადარჩენისა და მკურნალობისგან თავის არიდებისთვის იყენებს, არის ის, რომ ემალება იმუნურ სისტემას. ახლახან, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა მისი ამ ხრიკის მოშლის გზას მიაგნო, რაც დაავადებას უფრო მოწყვლადს ხდის.

ახალი მიდგომის საკვანძო კომპონენტია იმუნურ უჯრედთა ტიპი, სახელად გამა დელტა T-ლიმფოციტები.

ჟურნალ Cancer Cell-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ლაბორატორიაში ეს იმუნური უჯრედები ეფექტიანად ხოცავს ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს (SCLC) უჯრედებს და მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, როცა გამოიყენეს ორ სხვა უკვე არსებულ პრეპარატთან კომბინაციაში.

„ეს უჯრედები შეიძლება გვთავაზობდეს იმუნური თავდასხმის ალტერნატიულ გზას სიმსივნეზე, რომელსაც შეუძლია დაემალოს კიბოსთან მებრძოლ ტრადიციულ იმუნურ უჯრედებს, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის იმ კიბოს მკურნალობაში, რომელიც გასულ ათწლეულებში საკმაოდ გახშირდა“, — ამბობს ავსტრალიის უოლტერ და ელაიზა ჰოლის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის (WEHI) მოლეკულური ბიოლოგი კეიტ საზერლენდი.

წინა ორმა მნიშვნელოვანმა კლინიკურმა კვლევამ, სახელად IMpower133-მა და CASPIAN-მა მკვლევრები გამა დელტა T-ლიმფოციტების კვალზე დააყენა.

ამ კვლევებში შეამოწმეს იმუნოთერაპიული მიდგომები ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს წინააღმდეგ და მას შემდეგ, რაც შეგროვებული მონაცემები გააანალიზეს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პრეპარატებზე უკეთესად რეაგირებდნენ პაციენტები, რომლებსაც უფრო მეტი გამა დელტა T-ლიმფოციტების ნიშნები ჰქონდათ.

გამა დელტა T-ლიმფოციტები (წითლად) ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს ქსოვილში

„აღსანიშნავია, რომ პაციენტებს, რომელთა სიმსივნეებიც ამ სპეციალიზებულ იმუნურ უჯრედებს უფრო დიდი რაოდენობით შეიცავდა, მკურნალობის შედეგები ხშირად უკეთესი ჰქონდათ. ეს ამ დროისთვის უძლიერესი მტკიცებულებაა იმისა, რომ გამა დელტა T-ლიმფოციტები წარმოდგენილია ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოში და როგორც ჩანს, მასთან ბრძოლა შეუძლია“, — ამბობს საზერლენდი.

ამის შემდეგ, ჯგუფმა ლაბორატორიაში საკუთარი ტესტები ჩაატარა ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს უჯრედებზე. მიუხედავად იმისა, რომ გამა დელტა T-ლიმფოციტები თავის მხრივ მართლაც ეფექტიანად ხოცავდა სიმსივნურ უჯრედებს, უკვე არსებული პრეპარატის, ტარლატაბამის დამატებით კიდევ უფრო მეტი ასეთი უჯრედი დაიხოცა, იმუნური უჯრედები სამიზნეებთან უფრო ახლო კონტაქტში მიიყვანა.

გამა დელტა T-ლიმფოციტებმა კიბოსთან ასევე უკეთესი ბრძოლა აჩვენა ზოლედრონატთან კომბინაციაში — პრეპარატთან, რომელიც უკვე დამტკიცებულია ოსტეოპოროზისა და კიბოსთან დაკავშირებულ ძვლის დაავადებასთან სამკურნალოდ.

ზოლედრონატმა იმუნურ უჯრედთა რაოდენობა გაზარდა, ასევე დაეხმარა, დაინახონ ის „ნიღაბი“, რომელსაც SCLC ჩვეულებრივ ეყრდნობა.

ზოგიერთ შემთხვევაში, თანდათანობით შეიძლება შესაძლებელი გახდეს პაციენტის საკუთარი გამა დელტა T-ლიმფოციტების გამოყენება სხეულს გარეთ მათი რაოდენობის გასაზრდელად, შემდეგ კი სხეულში დაბრუნება და ფილტვის წვრილუჯრედოვან კიბოზე თავდასხმის გაძლიერება.

„პაციენტებისთვის, ვისაც გამა დელტა T-ლიმფოციტების დაბალი რაოდენობა აქვს, ზოლედრონატით თერაპიამ შეიძლება გააძლიეროს მათი კიბოსთან მებრძოლი იმუნური უჯრედები და მკურნალობისადმი რეაგირება. ვინაიდან უკვე არსებობს თერაპიები, რომლებიც გამა დელტა T-ლიმფოციტების რაოდენობას ზრდის და მათ ორგანიზმში უკან აბრუნებს, ჩვენი აღმოჩენა იძლევა იმედისმომცემ შესაძლებლობას, რომ ეს მიგნება სწრაფად იქცეს მკურნალობის ახალ სტრატეგიებად“, — ამბობს WEHI-ს მკვლევარი ჯინ ენჯი.

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე ახალი თერაპიები შეიქმნება ამ მიგნებებზე დაყრდნობით; ასევე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ პრეპარატები ეფექტიანი ვერ იქნება კიბოს ყოველ შემთხვევასთან. თუმცა, მრავალი ადამიანისთვის შეიძლება შემოგვთავაზოს ახალი მძლავრი პრეპარატი ამ ჯიუტი კიბოს წინააღმდეგ.

კვლევა ასევე მიუთითებს, რომ სიმსივნეში უკვე წარმოდგენილი გამა დელტა T-ლიმფოციტების რაოდენობა, ასევე მოლეკულის, სახელად BTN2A1-ის არსებობა (რაც იმუნური უჯრედებისთვის ერთგვარი სამიზნე ნიშნულის ფუნქციას ასრულებს) — შეიძლება დაგვეხმაროს იმის პროგნოზირებაში, რამდენად კარგი რეაგირება ექნება პაციენტს იმუნოთერაპიაზე. მკვლევრებს ამ შესაძლებლობის შესწავლა სურთ.

კვლევის შემდგომი განვითარება გულისხმობს ლაბორატორიული ტესტებიდან ცხოველთა მოდელებზე გადასვლას და საბოლოოდ კლინიკურ კვლევებს კიბოთი დაავადებულ რეალურ პაციენტებზე, რაც გაცილებით მეტს გვეტყვის გამა დელტა T-უჯრედების, როგორც წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციალის შესახებ.

„ათწლეულებია ვიცით, რომ ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბო განსაკუთრებით კარგად ემალება იმუნურ სისტემას. აღმოვაჩინეთ იმუნური უჯრედი, რომელიც როგორც ჩანს, ამ შენიღბვის გარღვევას ახერხებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, მოლეკულური ბიოლოგი კეიტ საზერლენდი.

კვლევა Cancer Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია wehi.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი