ხუთი ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად კიბოს ორ მილიონზე მეტ ახალ შემთხვევას იწვევს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

16:04, 29.09.2026

კიბო შეიძლება სიცოცხლის გარდაუვალ ნაწილად ჩანდეს, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელსაც მისი რისკის შემცირება შეუძლია.

როცა კიბოს რისკის შემცირებაზე ვფიქრობთ, ძირითადად ვფიქრობთ ცხოვრების სტილის ფაქტორებზე: მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ვარჯიში.

თუმცა, კიბოს ეპიდემიოლოგთა ჯგუფის მიერ ჟურნალ The Lancet Oncology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა წარმოაჩენს, თუ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კიბოს რისკში ინფექციებს.

გლობალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ინფექციები დაკავშირებული იყო 2024 წელს ჯამში დასმულ კიბოს დიაგნოზთა 12 პროცენტთან. ეს გახლავთ 2,3 მილიონი კიბოს ახალი შემთხვევა.

ინფექციებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ამ შემთხვევაზე პასუხისმგებელი იყო ხუთი მთავარი პათოგენი.

ყველაზე გავრცელებული დამნაშავე იყო კუჭის ბაქტერია Helicobacter pylori — რომელზეც მოდის 2024 წელს დასმულ კიბოს დიაგნოზთა 4 პროცენტი, ანუ 760 000 შემთხვევა.

H. pylori ნამდვილად ძალიან გავრცელებული ბაქტერიაა — სტატისტიკურად, მსოფლიოში ყველა მეორე ადამიანი მისით არის ინფიცირებული. უმეტეს ადამიანში ის არანაირ სიმპტომს არ იწვევს, მაგრამ გარკვეულ შტამებს შეუძლია კუჭის წყლულის და საბოლოოდ კუჭის კიბოს გამოწვევა.

2024 წელს დასმული კიბოს დიაგნოზებიდან დაახლოებით 4 პროცენტთან, 750 000 ახალ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული ადამიანის პაპილომავირუსიც (HPV).

B ჰეპატიტის ვირუსი (HBV) დაკავშირებული იყო ახალ შემთხვევათა 2 პროცენტთან, ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) 1 პროცენტთან, C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) კი 1 პროცენტზე ნაკლებთან.

ეპშტაინ-ბარის ვირუსი ამ სიაში ახალია. წინა გლობალური შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, არსებითად გაიზარდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ეს ვირუსი კიბოს იწვევს.

უცნაურია იმაზე ფიქრი, რომ ეს ინფექციები, რომლებიც ისედაც ძლიერ ავად გვხდის — ასევე იწვევს კიბოს; თუმცა, კვლევის ეს შედეგები შესაძლებლობასაც გვთავაზობს.

მიუთითებს, რომ ამ ინფექციათა სათანადო მკურნალობამ და პრევენციამ შეიძლება ნამდვილად დიდი სხვაობა მოგვცეს მსოფლიოში კიბოს მაჩვენებლებში.

„ჩვენი განახლებული შეფასებები წარმოაჩენს ინფექციის კონტროლის მნიშვნელობას კიბოს პრევენციის გლობალურ სტრატეგიებში. მრავალ კანცეროგენულ ინფექციურ აგენტს აქვს არსებული ან პოტენციური პრევენციული ჩარევები, მათ შორის ვაქცინები, დიაგნოსტიკა, პრეპარატები და ინიექციები“, — წერენ კვლევის ავტორი ჰარიეტ რამგაი და მისი კოლეგები პუბლიკაციაში.

ამ პათოგენთაგან ბევრის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები რეალურად მიეწოდოს მოსახლეობას.

„მიუხედავად პროგრესისა ვაქცინაციასა და სკრინინგში, ინფექციებთან დაკავშირებული კიბოები გლობალურად დიდ გამოწვევად რჩება, ასევე გვაქვს მუდმივი უთანასწორობა, რომელიც განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე ახდენს გავლენას“, — წერენ მკვლევრები.

ინფექციასთან დაკავშირებული კიბოების სამი-მეოთხედი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, ძირითადად აღმოსავლეთ აზიაზე, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე.

2024 წელს ინფექციებთან დაკავშირებული კიბოს დიაგნოზების დიდი ნაწილი აღმოსავლეთ აზიაში დაისვა, გლობალური მაჩვენებლის 42 პროცენტი. ამ დიაგნოზებთან დაკავშირებული ინფექციები იყო ბაქტერია H. pylori და ეპშტაინ-ბარის ვირუსი.

მეტი ადამიანის ვაქცინაციამ ადამიანის პაპილომავირუსზე (განსაკუთრებით კაცების, რომლებიც ხშირად არ არიან ამ ვაქცინაციის სამიზნე) და B ჰეპატიტის ვირუსზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს კიბოს გავრცელების გლობალურ მაჩვენებლებს, თუმცა H. pylori-ს შემთხვევაში პასუხი არცთუ ისე მარტივია.

„სხვათა შორის, მცირეა პროგრესი H. pylori-ს ვაქცინებზე ან ძლიერ ეფექტიან თერაპიებზე მუშაობაში, რაც შეამცირებდა არაეფექტიან ანტიბიოტიკურ ზემოქმედებას და უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა კუჭის კიბოს კონტროლისთვის გლობალური მასშტაბით“, — წერენ მკვლევრები.

ასევე არ გვაქვს ეპშტაინ-ბარის ვირუსის ვაქცინები ან გავრცელების კონტროლის სხვა მეთოდები, მაგრამ ვაქცინებზე ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე კლინიკური კვლევა. აღსანიშნავია, რომ ეს ვირუსი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა დაახლოებით 95 პროცენტს ხვდება.

„მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტია ინვესტირება ეპშტაინ-ბარის ვირუსის, ბაქტერია H. pylori-ს და კაპოსის სარკომის (ვირუსებთან დაკავშირებული კიდევ ერთი კიბო) ახალი პრევენციული ვაქცინების შექმნაში, ცნობილია, რომ პრევენციის მრავალი სტრატეგია ხარჯეფექტიანია“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, სამწუხაროდ, ასეთი სტრატეგიები ხშირად არასაკმარისად გამოიყენება საზოგადოებრივი, ფინანსური და პოლიტიკური ბარიერების გამო, თანაც ისეთ ადგილებში, სადაც ისინი ყველაზე მეტადაა საჭირო.

კვლევა The Lancet Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი