შექმნეს ანტისხეულები იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყველა ადამიანს ხვდება — #1tvმეცნიერება
შექმნეს ანტისხეულები იმ ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ცხოვრების განმავლობაში თითქმის ყველა ადამიანს ხვდება — #1tvმეცნიერება

ეპშტაინ-ბარის ვირუსი (EBV) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია; მიჩნეულია, რომ ზრდასრულ ადამიანთა 95 პროცენტში იმალება. უმეტეს შემთხვევაში, არ იწვევს რაიმე აშკარა სიმპტომებს.

თუმცა, ეპშტაინ-ბარის ვირუსი მეტია, ვიდრე ხანმოკლე ინფექცია.

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ეპშტაინ-ბარი იქ შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩეს; დაკავშირებულია რამდენიმე ტიპის კიბოსთან, მრავლობით სკლეროზთან და ჯანმრთელობის სხვა მწვავე გართულებებთან. ამჯერად, ახალი კვლევა მასთან ბრძოლის იმედისმომცემ გზას გვთავაზობს.

ფრედ ჰატჩისონის ონკოლოგიური ცენტრისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ანტისხეულები, რომლებიც მიზანში იღებენ ეპშტაინ-ბარის ვირუსულ ნაწილაკთა ზედაპირზე არსებულ ორ ცილას.

ეს ცილები ვირუსს ჩვენს B-ლიმფოციტებში (B-უჯრედები) შესვლის საშუალებას აძლევს — სისხლის თეთრ უჯრედთა ტიპში, რომელიც ცენტრალურ როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში.

მათი აქტივობის დაბლოკვა თავიდანვე ხელს შეუშლიდა ეპშტაინ-ბარის გავრცელებას და შეიძლება საკმარისიც იყოს, რათა უზრუნველყოს, რომ ის მოგვიანებით ხელახლა არ გააქტიურდეს.

ადამიანის მსგავსი იმუნური სისტემის მქონე თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში, ერთ-ერთმა ამ ანტისხეულმა ისინი ეპშტაინ-ბარის ინფექციისგან დაიცვა.

ეს კვლევა ასევე ეხება ეპშტაინ-ბარის ვირუსის ანტისხეულების შექმნასთან დაკავშირებულ მუდმივ პრობლემას — სხეულზე თავდასხმისას, ვირუსი იმდენად ყველგანაა მოდებული, რომ ძალიან ძნელია მასთან საბრძოლველი კონკრეტული იმუნური უჯრედების და შესაბამისად, ანტისხეულების საფუძვლის პოვნა.

„ადამიანის ანტისხეულების პოვნა, რომლებიც ეპშტაინ-ბარის ვირუსს ბლოკავს და ჩვენი იმუნური უჯრედების ინფიცირების საშუალებას არ აძლევს, განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგან სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ეპშტაინ-ბარი პოულობს გზას, რომ შებოჭოს ჩვენი თითქმის ყველა B-ლიმფოციტი. გადავწყვიტეთ, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით გვეცადა ცოდნაში არსებული ამ სიცარიელის ამოვსება და საბოლოოდ, ჩვენ გადავდგით კრიტიკული ნაბიჯი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსის დაბლოკვისკენ“, — ბიოქიმიკოსი ენდრიუ მაკგუაიერი.

პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური ნაწილი იყო გენეტიკურად ადამიანის ანტისხეულების წარმოებისთვის გამოყვანილი თაგვების გამოყენება, რაც ზრდის იმის შანსს, რომ ინიექციით შეყვანის შემდეგ ადამიანის სხეული მათ მიიღებს, თუკი კვლევამ ამ ეტაპს მიაღწია.

როდესაც თაგვები ეპშტაინ-ბარის ორი ცილის, gp350-ის და gp42-ის ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს, მათმა უჯრედებმა ზუსტად ის იმუნური პასუხი წარმოქმნეს, რასაც მკვლევრები ეძებდნენ, რითაც შესაძლებელი ხდება ზუსტად მიზანმიმართული ანტისხეულების წარმოქმნა.

საბოლოოდ, მკვლევრებმა ლაბორატორიაში 10 ახალი ანტისხეული იზოლირება მოახდინეს — ორი მიზანში იღებდა ცილა gp350-ს, რვა კი gp42-ს; როდესაც ისინი ცოცხალ თაგვებზე დატესტეს, ერთ-ერთმა ანტისხეულმა განსაკუთრებით იმედისმომცემი დაცვა აჩვენა ეპშტაინ-ბარის ვირუსისგან.

„არა მხოლოდ აღმოვაჩინეთ ეპშტეინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ანტისხეულები, არამედ ასევე დავადასტურეთ ინოვაციური ახალი მიდგომა სხვა პათოგენებისგან დამცავი ანტისხეულების აღმოსაჩენად“, — ამბობს პათობიოლოგი კრისტალ ჩანი.

როდესაც ეპშტაინ-ბარი ადამიანებში თვალშისაცემ ავადობას იწვევს, როგორც წესი, თავდაპირველად ის ინფექციური მონონუკლეოზის სახით ვლინდება, რასაც ასევე უწოდებენ ჯირკვლოვან ცხელებას. ამის შემდეგ, ის ორგანიზმში მიძინებულ, არაინფექციურ მდგომარეობაში რჩება და შეიძლება გაცილებით უფრო სახიფათო გახდეს — განსაკუთრებით შესუსტებული იმუნური სისტემის მქონეთათვის.

ერთი იმედი ამ ანტისხეულებთან დაკავშირებით არის ის, რომ შეიძლება გამოვიყენოთ ორგანოებისა და ძვლის ტვინის გადანერგვის პროცედურებში, რომლებიც ყოველწლიურად ასეულობით ათას ადამიანს უტარდება. გადანერგილი ორგანოები იმუნოსუპრესიას (იმუნიტეტის დათრგუნვა) საჭიროებს, რის გამოც, ადამიანი შეიძლება ეპშტაინ-ბარის ვირუსისადმი მოწყვლადი აღმოჩნდეს.

კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს ტრანსპლანტაციის შემდგომი ლიმფოპროლიფერაციული დარღვევები (PTLD), რასაც ეპშტაინ-ბარის ვირუსი იწვევს. ამ დროს, ლიმფოციტები (კვლავ B-ლიმფოციტები) კონტროლიდან გადის და იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ კიბოებს.

ახლად აღმოჩენილი ანტისხეულების გარკვეული დოზით, ეს უკონტროლო ზრდა კონტროლზე იქნებოდა აყვანილი.

„ეპშტაინ-ბარის ვირუსის ვირემიის პრევენციას აქვს PTLD-ის შემთხვევების შემცირების ძლიერი პოტენციალი და იმუნოსუპრესიის შემცირების საჭიროების შეზღუდვა“, — ამბობს ინფექციურ დაავადებათა ექიმი რეიჩელ ბენდერ იგნასიო.

ინფექციის დაბლოკვა შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო შეიძლება იყოს ბავშვებში ტრანსპლანტაციის შემთხვევებში, რადგან მათ ეპშტაინ-ბარის ვირუსი შეიძლება ჯერ არ ჰქონდეთ გადატანილი.

ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ვიდრე ეს მეთოდი მკურნალობაში დაინერგება, მაგრამ ნამდვილად შემაგულიანებელია, როდესაც უკვე გვაქვს ეპშტაინ-ბარის ვირუსის მიერ ჩვენი იმუნური უჯრედების ინფიცირების შეჩერების ახალი გზები. შემდეგი ეტაპი იქნება ადამიანებზე უსაფრთხოების ტესტირებისა და კლინიკური კვლევების მიმართულებით მუშაობა.

სხვა მეცნიერები ასევე მუშაობენ ეპშტაინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე.

„ეპშტეინ-ბარის ვირუსისგან დაცვის ეფექტიანი გზის მრავალწლიანი ძიების შემდეგ, ეს გახლავთ სამეცნიერო საზოგადოების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ვირუსით გამოწვეული გართულებების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბიოქიმიკოსი ენდრიუ მაკგუაიერი.

კვლევა ჟურნალ Cell Reports Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია fredhutch.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.