მომავალ წელს გამოყენებისთვის შეიძლება დაამტკიცონ კანის კიბოს პერსონალიზებული ვაქცინა — #1tvმეცნიერება

14:23, 26.10.2026

მომავალ წელს აშშ-ში, ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში გამოყენებისთვის დამტკიცდება კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის, მელანომის პერსონალიზებული mRNA ვაქცინა. ეს ვაქცინა ასტიმულირებს იმუნურ რეაქციას იმ გენეტიკური მუტაციების წინააღმდეგ, რომლებიც კონკრეტული ადამიანის სიმსივნისთვისაა დამახასიათებელი. საბოლოო ფაზის კლინიკურ კვლევებში, სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად, მან მნიშვნელოვნად შეამცირა მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიბოს ხელახლა დაბრუნების ან სიკვდილის რისკი.

„ვფიქრობ, სწრაფად დამტკიცდება, ალბათ მომავალ წელს“, — ამბობს ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი ალან მელჩერი, რომელიც ამ ცდაში ჩართული არ ყოფილა.

აგვისტოში, ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ განაცხადა, რომ ვაქცინამ დადებითი შედეგები აჩვენა კლინიკური კვლევების მესამე ფაზაში. ამჯერად კომპანია უფრო კონკრეტულ დეტალებს აქვეყნებს.

კვლევაში მონაწილეობდა 1100 ზრდასრული ადამიანი, რომლებსაც ქირურგიული გზით ჰქონდათ მოშორებული მაღალი რისკის მელანომა, რომელიც, სავარაუდოდ, განმეორდებოდა ან შორეულ ადგილებში გავრცელდებოდა. ბრიტანეთში ყოველწლიურად მელანომის 19 400 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 25 პროცენტი მაღალი რისკისად ითვლება.

მონაწილეთა ორ-მესამედი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს და სტანდარტულ იმუნოთერაპიამდე (პრეპარატი, სახელად პემბროლიზუმაბი) გაუკეთეს პერსონალურად მათთვის შექმნილი ვაქცინა, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოს პოვნასა და განადგურებაში ეხმარება. ორივე მათგანს, ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში, ყოველ სამ კვირაში ერთხელ უკეთებდნენ. დანარჩენი მონაწილეები პლაცებოს ინიექციებსა და პემბროლიზუმაბს იღებდნენ.

ვაქცინა მზადდება კონკრეტული ადამიანის სიმსივნის მცირე ნიმუშის გენეტიკური თანმიმდევრობის დადგენით და ამ თანმიმდევრობის შედარებით იმავე ადამიანის სისხლის ჯანსაღ უჯრედებში არსებულ დნმ-თან. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევს, ზუსტად განსაზღვრონ კიბოსთვის დამახასიათებელი მუტაციები.

კიბოს ვაქცინა ეფუძნება იმავე ტექნოლოგიას, რასაც covid-19-ის ვაქცინები და შეიცავს ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) მოლეკულებს, რომლებშიც ჩაშიფრულია აღნიშნული მუტაციებიდან მაქსიმუმ 34-ის მქონე ცილები.

„ვაქცინა შეიცავს კონკრეტულად კიბოსთან დაკავშირებული ცილების ანაბეჭდს, რაც იმუნურ T-უჯრედებს (T-ლიმფოციტები) კიბოს უკეთ ამოცნობაში ეხმარება, შემდეგ კი პემბროლიზუმაბი ხელს უშლის T-უჯრედების გამოფიტვას მას შემდეგ, რაც ისინი სიმსივნურ უჯრედებზე შეტევას იწყებენ“, — ამბობს მანჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარი რებეკა ლი.

მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, მათგან 82 პროცენტი, ვინც ვაქცინას და პემბროლიზუმაბს იღებდნენ, ცოცხალი იყო და კიბო აღარ დაბრუნებიათ, მხოლოდ პემბროლიზუმაბის ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 70 პროცენტი იყო. გვერდითი ეფექტები ორივე ჯგუფში ერთნაირი იყო.

შედეგები კიბოს განმეორებისა და სიკვდილის მაჩვენებლებს ერთ რიცხვში აერთიანებს, მაგრამ როგორც მელჩერი აღნიშნავს, მკურნალობის შემდეგ კიბო სიკვდილის გამომწვევ მიზეზად რომ იქცეს, ის უნდა განმეორდეს, ამიტომ, ეს კომბინირებული მაჩვენებელი უმეტესწილად უნდა განიმარტოს როგორც ვაქცინის მიერ დაავადების განმეორების შემცირების ნიშანი. მისი განცხადებით, მონაწილეებზე დაკვირვება საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში არ მომხდარა, რათა ზუსტად დადგინდეს, აუმჯობესებს თუ არა ვაქცინა გადარჩენის მაჩვენებელს. ეს შედეგები რამდენიმე წელიწადში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ვინაიდან ვაქცინა თითოეულ ინდივიდს უნდა მოერგოს და მისთვის დამზადდეს, მოსალოდნელია, რომ იქნება ძალიან ძვირი. იანვარში Reuters-ი იუწყებოდა, რომ ერთი მკურნალობის ფასი დაახლოებით 200 000 დოლარი იქნება. მწარმოებლები, Moderna და Merck-ი ფასს ჯერ არ აკონკრეტებენ.

შემდგომი კვლევების საჭირო, რათა უკეთ გავიგოთ, ვისთვის იქნება ვაქცინა ყველაზე სასარგებლო. ზოგიერთ პაციენტში არსებული მუტაცია შეიძლება ვაქცინაში შედიოდეს, მაგრამ ვერ წარმოქმნას კიბოს საწინააღმდეგო სასურველი რეაქცია; ანდაც პემბროლიზუმაბმა იმდენად კარგად იმუშაოს, რომ ვაქცინამ უფრო მეტი სარგებელი ვეღარ მოიტანოს.

„თუ სისხლში ან სიმსივნეში იმ იმუნურ მარკერებს ვიპოვით, რომლებიც პაციენტის რეაქციებს პროგნოზირებენ, მათი გამოყენებით შევძლებთ იმის დადგენას, თუ ვის გავუკეთოთ ვაქცინა“, — ამბობს მელჩერი.

კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი ჯეიმს ლარკინი ამბობს, რომ ინდივიდუალიზებული ვაქცინები შესაძლოა კიბოს სხვა ტიპების შემთხვევაშიც ეფექტიანი იყოს, მაგალითად, ფილტვის, შარდის ბუშტისა და თირკმელების კიბოში, რომლებსაც ასევე რუტინულად მკურნალობენ იმუნოთერაპიით. თუმცა, ამისათვის საჭიროა შემდგომი კვლევები.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

მსგავსი