კლინიკურ კვლევაში ალცჰაიმერის მქონე პაციენტებს ღეროვანი უჯრედებით უმკურნალეს — შედეგები ძლიერ იმედის მომცემია #1tvმეცნიერება
საკმარისია, გადავხედოთ ალცჰაიმერის დაავადების რისკფაქტორებს — ძილის ხარისხს, მხედველობას, ჰაერის დაბინძურებას, კვების რაციონს, კითხვის ჩვევებს, გენეტიკასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას (და ეს მხოლოდ შვიდი მათგანია) — რათა მივხვდეთ, თუ რაოდენ რთული და კომპლექსური დაავადებაა ის.
ასეთი კომპლექსურობა ნიშნავს იმას, რომ მკვლევრები დაავადებას ყველა კუთხიდან უტევენ, როცა საქმე ეხება პოტენციურ სამკურნალო საშუალებებს. ახლახან, ჟურნალ Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა უახლესი კლინიკური კვლევის პირველი ფაზის შედეგები, რომლებიც საკმაოდ იმედის მომცემია.
კვლევა ჩაატარა ახალი თერაპიის შემქმნელი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Regeneration Biomedical Inc-ის (RBI) ჯგუფმა. თერაპია იყენებს პაციენტის საკუთარ ღეროვან უჯრედებს — რეგენერაციულ უჯრედებს, რომელთა გადაქცევაც მრავალი სხვა ტიპის უჯრედად არის შესაძლებელი — ნეირონებში არსებული იმ ტოქსიკური დაგროვებების ნაწილის მოსაცილებლად, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი.
ხუთ პაციენტზე ჩატარებულ კლინიკური კვლევის პირველ ფაზაში თერაპიამ არა მხოლოდ უსაფრთხოება აჩვენა, არამედ დაფიქსირდა კოგნიტური გაუმჯობესების ადრეული ნიშნებიც. ძალიან მალე დაიწყება კვლევის უფრო სრულყოფილი მეორე ფაზაც.
„ჩვენი პირდაპირი ტვინში გადანერგვის პლატფორმა შექმნილია ჰემატოენცეფალური ბარიერის გვერდის ავლით და პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედების ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადასატანად. გვჯერა, რომ ალცჰაიმერის დაავადება მთელი ტვინის დაავადებაა, რომელიც მოითხოვს ყოვლისმომცველ თერაპიულ მიდგომას — ისეთს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გავლენა მოახდინოს ნეიროანთებაზე, ტაუ-ს ბიოლოგიაზე, ამილოიდების დამუშავებასა და ნეირონულ ჯანმრთელობაზე“, — ამბობს RBI-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი კრისტოფერ დუმა.
მკურნალობა (RB-ADSC) შემდეგნაირად მოქმედებს — პაციენტის სხეულის ცხიმიდან იღებენ ღეროვან უჯრედებს, ახდენენ მათ „სუპერდამუხტვას“ ცილების ოჯახის, სახელად Wnt-ის გამოყენებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც ქიმიური მაცნეები და სხვა უჯრედებს ზრდისა და თვითაღდგენისკენ უბიძგებენ.
შემდეგ ეს ღეროვანი უჯრედები ქირურგიული იმპლანტიდან ტვინის სითხით სავსე უბნებში — პარკუჭებში გადააქვთ, რაც თეორიულად, აცოცხლებს ტვინის საკუთარ აღდგენით და ნარჩენებისგან გაწმენდის სისტემებს.
მიზანია დაზიანებული ნეირონების აღდგენა, ანთებუის შემცირება და ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული მავნე ამილოიდ-ბეტასა და ტაუ-ცილის დაგროვებისგან გათავისუფლება — და ეს ყველაფერი ერთი თერაპიის მეშვეობით.
მკურნალობის სხვა მეთოდების მსგავსად, რომლებიც ტოქსიკურ ცილებს აშორებს, RB-ADSC-ის მიზანია იმ პროცესების გამოსწორება, რომლებიც ამ ცილებს წარმოქმნის.
„თუ თვენი მაცივარი საკვებს აფუჭებს, რატომ უნდა გააგრძელოთ გაფუჭებული საკვების გადაყრა, როცა შეგიძლიათ, თავად მაცივარი შეაკეთოთ? ჩვენი ჰიპოთეზა ისაა, რომ უნდა გამოასწოროთ ის, რაც ტვინში არასწორად მიმდინარეობს“, — ამბობს დუმა.
პირველი ფაზის ძირითადი მიზანია უსაფრთხოების დადასტურება. აქედან გამომდინარე, მონაწილეთა რაოდენობა მცირეა. თუმცა, იმის გარდა, რომ სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა, კვლევის შედეგებმა ხუთიდან ოთხ მოხალისეში კოგნიტური გაუმჯობესება აჩვენა.

ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია, კვლევა მეორე ფაზაში გადავიდეს, სადაც RB-ADSC-ს 115 მონაწილეზე დატესტავენ პლაცებოს წინააღმდეგ. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) მეორე ფაზას უკვე აუნთო მწვანე შუქი „დაჩქარებული წესის“ სტატუსით, რაც ნიშნავს, რომ ტესტირება და შეფასება უფრო სწრაფად მოხდება.
„გვჯერა, რომ ეს სტატუსი აღიარებს ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო ინოვაციური თერაპიების გადაუდებელ საჭიროებას ერთი პათოლოგიური გზის მიღმა არსებული მექანიზმების მეშვეობით“, — აღნიშნავს დუმა.
კვლევის მომდევნო ეტაპზე უფრო დეტალურად განიხილება ტვინის ფუნქციისა და კოგნიტური უნარების გაუმჯობესება, ასევე — Wnt-ით გამდიდრებული ღეროვანი უჯრედების გავლენა ტოქსიკურ ამილოიდ-ბეტასა და ტაუ-ცილის აგრეგატებზე.
RBI-ის უახლესი ინფორმაციით, მეორე ფაზის კვლევა შესაძლოა უკვე დეკემბერში დაიწყოს, თუმცა, სავარაუდოდ, დადასტურებული შედეგების მიღებამდე რამდენიმე წელი გვაშორებს.
ამაღელვებელია, როცა მკურნალობის მზარდი ოდენობის მეთოდებს, რომლებზეც მკვლევრები ბოლო წლებში მუშაობენ, კიდევ ერთი ემატება; ეს კი ნაბიჯ-ნაბიჯ გვაახლოებს იმ ეტაპთან, როდესაც შესაძლებელი იქნება ალცჰაიმერის დაავადების შეჩერება, უკუქცევა და პრევენცია.
„„ჩვენი კვლევა ამ მიმართულებით ღეროვანი უჯრედების გამოყენებით პირველია მსოფლიოში და აჩვენა უსაფრთხოება და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ბიომარკერული ცვლილებები 52 კვირის განმავლობაში. FDA-ს მიერ სწრაფი სტატუსის მინიჭება მეორე ფაზისკენ გადადგმულ საინტერესო ნაბიჯია“, — ამბობს დიუმა.
კვლევის შედეგები Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია einpresswire.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.