ჰაერის დაბინძურებასა და ალცჰაიმერს შორის კავშირი ახლა უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ჰაერის დაბინძურებასა და ალცჰაიმერს შორის კავშირი ახლა უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ჰაერის დამაბინძურებელი ციცქნა ნაწილაკები შეიძლება იმაზე მეტს აკეთებდნენ, ვიდრე უბრალოდ ჩვენი ფილტვების დაზიანებაა. ახალი კვლევა PM2.5 ნაწილაკების ხანგრძლივ ზემოქმედებას უკავშირებს ალცჰაიმერის დაავადების მაღალ რისკს და ვარაუდობს, რომ ეს ნაწილაკები შეიძლება თავის ტვინს იმაზე პირდაპირ აზიანებდეს, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის დაბინძურება აქამდეც იყო დაკავშირებული სხვა ისეთ დაავადებებთან, რომლებიც შეიძლება ალცჰაიმერს იწვევენ — მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა და დეპრესია — ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ყოველწლიურად დაფიქსირებული ალცჰაიმერის დაავადების მილიონობით ახალი შემთხვევის რაღაც ნაწილი შესაძლოა ნაწილაკოვანი მატერიით იყოს გამოწვეული.

კვლევა აშშ-ის ემორის უნივერსიტეტმა ჩაატარა და ეფუძნებოდა წინა კვლევას, რომელიც აჩვენებდა კავშირს ჰაერში არსებულ PM2.5-სა და ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, მათ შორის ალცჰაიმერს შორის.

„ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზარდი საფრთხეა, განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ PM2.5-ის ზემოქმედება დაკავშირებული იყო ალცჰაიმერის დაავადების რისკის ზრდასთან, ძირითადად პირდაპირი და არა თანმხლები დაავადებების შუამავლობით გამოწვეული გზებით“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევაში შეისწავლეს 65 წელზე მეტი ასაკის 27,8 მილიონ ამერიკელის მონაცემები, რომლებიც 18 წლის განმავლობაში გროვდებოდა. შეადარეს სამედიცინო მდგომარეობა და დიაგნოზები ჰაერის დაბინძურების სავარაუდო დონესთან, მათი ადგილობრივი საფოსტო ინდექსის მიხედვით.

უმნიშვნელოვანესია, რომ კავშირი ჰაერის დაბინძურების მაღალ დონესა და ალცჰაიმერის დაავადების რისკის ზრდას შორის ძალიან ძლიერი იყო და შესამჩნევი დარჩა მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც გაითვალისწინეს.

„შევისწავლეთ საშუალოდ 5-წლიანი ზემოქმედება, რომელიც უშუალოდ უსწრებდა წინ დაავადების დაწყებას, მაგრამ ვერ შევძელით უფრო ადრეული ზემოქმედების შეფასება ისტორიული მონაცემების არარსებობის გამო. სავარაუდოა, რომ დაავადება უფრო ადრე იწყება და შესაბამისად, ჩვენი დასკვნები შეიძლება ასახავს შედარებით ბოლოდროინდელი ზემოქმედების კორელაციას წარსულში ზემოქმედების დონეებთან“, — წერენ მკვლევრები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად, ჰაერის დაბინძურება ჯერ გულის დაავადების რისკს კი არ ზრდის და შემდეგ გულის დაავადება ზრდის ალცჰაიმერის რისკს, არამედ როგორც ჩანს, ჰაერის დაბინძურებას თავად აქვს საკუთარი ეფექტი ალცჰაიმერის რისკზე.

ამ ტიპის კვლევა დაკვირვებითია, შესაბამისად, არ აჩვენებს პირდაპირ მიზეზსა და ეფექტს ჰაერის დაბინძურებასა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება პირდაპირ კი არ გაზომეს, არამედ შეაფასეს გარემოსდაცვითი მონაცემებიდან და მხედველობაში არ მიიღეს ზემოქმედება ადამიანთა სახლებსა და სამსახურებში.

მონაცემებში კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გაკეთდა — ინსულტგადატანილებს ალცჰაიმერის განვითარების ოდნავ მაღალი რისკი ჰქონდათ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ინსულტი თავის ტვინს შეიძლება უფრო მოწყვლადს ხდის ჰაერის დაბინძურებისადმი.

„ინსულტთან დაკავშირებულმა ნეიროვასკულურმა დაზიანებამ შეიძლება დააზიანოს ჰემატოენცეფალური ბარიერი, რაც აადვილებს PM2.5 ნაწილაკებისა და მათთან დაკავშირებული ანთებითი მედიატორების თავის ტვინში გადაჯგუფებას“, — წერენ მკვლევრები.

ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, რა იწვევს ალცჰაიმერს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ დაავადებას ხელს უწყობს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი. ყოველი ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს ეს კონტრიბუტორები და რამდენად ეფექტიანად შეიძლება იმუშაოს პრევენციულმა საშუალებებმა.

მკვლევართა ვარაუდით, სავარაუდოდ უნდა არსებობდეს მრავალი გზა, რომლითაც ციცქნა ნაწილაკები ნეიროდეგენერაციას აჩქარებენ. მათ შორის შეიძლება იყოს ტვინის ქსოვილის პირდაპირ დაზიანება, მთელ სხეულში ანთების გაძლიერება და ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული ცილების დაგროვება.

შემდეგმა კვლევებმა შეიძლება მოახერხოს ამ მექანიზმების უფრო დეტალურად შესწავლა, მაგრამ ამასობაში, როგორც ჩანს, ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მრავალი რისკ-ფაქტორიდან ერთ-ერთია.

ცნობილია, რომ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, დიდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე მრავალი სხვადასხვა გზით და მით უფრო მეტად ასაკში — როცა ჩვენს სხეულს შეიძლება აღარ ჰქონდეს თავდაცვის იგივე დონე ან აღდგენის იგივე ძალა, რაც ერთ დროს ჰქონდა.

და რა თქმა უნდა, ალცჰაიმერის დაავადებასთან კავშირის გარდა, ჰაერის დაბინძურების შემცირების მრავალი სხვა მიზეზი არსებობს. ის გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. ამავე დროს, აუარესებს ექსტრემალური სითბური ტალღების ეფექტებსაც.

კვლევა PLOS Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.