ახალი მეთოდით, მეცნიერებმა თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება რამდენიმე საათში უკუაქციეს — #1tvმეცნიერება
ახალი მეთოდით, მეცნიერებმა თაგვებში ალცჰაიმერის დაავადება რამდენიმე საათში უკუაქციეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებმა თაგვების თავის ტვინში აღადგინეს ბუნებრივი კარიბჭე, რამაც განაპირობა ალცჰაიმერის დაავადებასთან დაკავშირებული გროვებისა და ხლართების წარმონაქმნების მოსუფთავება.

მხოლოდ სამი პრეპარატის ინექციის შემდეგ, თაგვებს, რომლებსაც ალცჰაიმერის მიმბაძველი რამდენიმე გენი ჰქონდათ, აღენიშნათ რამდენიმე ძირითადი პათოლოგიური მახასიათებლის შექცევადობა.

პირველი ინიექციიდან რამდენიმე საათში, თაგვების თავის ტვინში დაფიქსირდა ალცჰაიმერის დაავადების დამახასიათებელი ნიშნის — ამილოიდ-ბეტა ფიტფიტების (ბალთა) გროვების თითქმის 45 პროცენტით შემცირება.

იქამდე თაგვებს ჰქონდათ კოგნიტური დაქვეითების ნიშნები, მაგრამ სამი დოზის შემდეგ, ცხოველებმა სივრცითი სწავლისა და მეხსიერების ამოცანებში ჯანმრთელი თანატოლების დონეზე შეასრულეს დავალებები. სარგებელი სულ მცირე თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ეს პრეკლინიკური შედეგები ადამიანებში წარმატების გარანტია არაა, მაგრამ წარმოადგენს წამახალისებელი დასაწყისია, რაც ავტორთა განცხადებით, „პრეპარატების კვლევაში ახალი ეპოქის დაწყებას“ აღნიშნავს.

„თერაპიული შედეგები სიღრმისეულია“, — აცხადებს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც კატალონიის ბიოინჟინერიის ინსტიტუტისა (IBEC) და სიჩუანის უნივერსიტეტის დასავლეთ ჩინეთის ჰოსპიტლის (WCHSU) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ.

ალცჰაიმერის მკურნალობის მათეული მიდგომა გარდასახავს სისხლი-თავის ტვინის ბარიერს (ჰემატოენცეფალური ბარიერი) არა მხოლოდ გადასალახავ დაბრკოლებად, არამედ კარიბჭედ, რომელიც აღდგენას საჭიროებს.

სისხლი-თავის ტვინის ბარიერი ტვინის სისხლის სისტემას აცალკევებს დანარჩენი სხეულისგან და მისგან მოშორებით ინახავს სახიფათო ტოქსინებსა და ბარიერებს. ასევე ხელს უშლის ჩვენი წამლების დიდი ნაწილის შეწოვას.

უკვე წლებია, პრეპარატების მკვლევრები ამ ბარიერს მიღმა ალცჰაიმერის წამლების შეღწევას ცდილობენ ნანოსკოპური პაკეტების, იგივე ნანონაწილაკების გამოყენებით. ბარიერის მომენტალურად გასახსნელად და იქ წამლების შესასვლელად ასევე გამოიყენეს ბგერის ტალღები (ულტრაბგერა).

თუმცა, ეს მიდგომა ბარიერს უყურებს „როგორც კარიბჭეს, რომელიც უნდა გაიარო და არა დისფუნქციურ ქსოვილს, რომელიც აღდგენას საჭიროებს“, — წერენ კვლევის ავტორები, ჯუნიანგ ჩენი და პან სიანგი სიჩუანის უნივერსიტეტიდან.

ტვინში პრეპარატების შეყვანის ნაცვლად, მკვლევრები ცდილობენ, თავის ტვინიდან გამოსვლა გაუადვილონ ამილოიდ-ბეტას.

მათი ახალი მიდგომა მხარს უჭერს ახალ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, სისხლი-თავის ტვინის ბარიერი ალცჰაიმერის შემთხვევებში შესუსტებული ან დაზიანებულია, რის გამოც, ტვინისკენ ატარებს ნარჩენ პროდუქტებს.

„ალცჰაიმერის დაავადებაში, პრობლემა წვდომას სცდება; თავად სატრანსპორტო მექანიზმი პათოლოგიურად მიკერძოებულია“, — წერენ მკვლევრები.

ნანონაწილაკების, არა როგორც მედიკამენტების პასიურ მატარებლებად გამოყენებით, არამედ ცვლილებების აქტიური აგენტების სახით, მკვლევრებმა სისხლისა და ტვინის ბარიერის გასწვრივ შეცვალეს მოძრაობის ნაკადი, რითაც თაგვებში აღადგინეს ამილოიდური ფირფიტებისგან მოსუფთავება.

მკვლევართა განმარტებით, ნანონაწილაკები უჯრედული ქცევის პაწაწინა ინჟინრების როლს ასრულებენ და ხელს უწყობენ მოლეკულურ დონეზე აღდგენას. მათი საბოლოო სამიზნეა „ენდოთელური LRP1“, რომელიც ხელს უწყობს ჰემატოენცეფალურ ბარიერში ამილოიდ-ბეტა ფირფიტების მოცილებას.

„გრძელვადიანი ეფექტები მომდინარეობს ტვინის სისხლძარღვოვანი სისტემის აღდგენის შედეგად. ვფიქრობთ, ეს კასკადის მსგავსად მოქმედებს — როცა ტოქსიკური სახეობები, მაგალითად, ამილოიდ-ბეტა აკუმულირდება, დაავადება პროგრესირებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც სისხლძარღვოვანი სისტემის ფუნქცია კვლავ აღდგება, იწყებს ამილოიდ-ბეტასა და სხვა საზიანო მოლეკულების მოსუფთავებას, რაც განაპირობებს მთლიანი სისტემის ბალანსის აღდგენას“, — განმარტავს IBEC-ს ბიოინჟინერი ჯუზეპე ბატალია.

მისი განცხადებით, გამორჩეული ისაა, რომ მათი ნანონაწილაკები პრეპარატის სახით მოქმედებს და როგორც ჩანს, ააქტიურებს უკუკავშირის მექანიზმს, რომელსაც მოსუფთავების მექანიზმი კვლავ ნორმალურ დონეში მოჰყავს.

დღესდღეობით, ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობის ეფექტიანი მეთოდების პოვნა საკმაოდ რთულია. უახლესი პრეპარატები, რომლებიც მიზანში იღებს თავის ტვინში პათოლოგიურ გროვებსა და ჩახლართულ წარმონაქმნებს, შერეულ შედეგებს აჩვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ლეკამენაბი და დონანემაბი გარკვეულწილად ანელებს ალცჰაიმერის სიმპტომებს, არ შეუძლიათ დაავადების უკუქცევა ან მისი პროგრესის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით აღარ სცადეს ეს მეცნიერებმა.

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ჩვენ გარკვეულ ჩიხში შევედით. მათი მტკიცებით, ზედმეტად ვფოკუსირდით ტვინში ფოლაქებისა და ხლართების მოსუფთავებაზე, მაშინ, როცა სინამდვილეში, ალცჰაიმერი შეიძლება ტვინის საზღვრებზე იწყებოდეს.

ბრიტანეთის ალცჰაიმერის კვლევის ცენტრის მკვლევარი ჯულია დადლი, რომელიც ახალ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ეს სტრატეგია ადამიანებშიც იმუშავებს. თაგვებს თავის ტვინის იგივე სისხლძარღვოვანი სისტემა არ აქვთ, რაც ადამიანებს და თანაც, ახალ კვლევაში შეისწავლეს დემენციის ძლიერ კონკრეტული ქვეტიპი მცირე ოდენობით მღრღნელში.

მიუხედავად ამისა, დადლი ამბობს, რომ შედეგები ემატება იმ მზარდ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც, თავად სისხლი-თავის ტვინის ბარიერის აღდგენა შეიძლება ალცჰაიმერის მკურნალობის ახალ გზას გვთავაზობდეს.

„მართალია, ძალიან ადრეა, მაგრამ ამ ტიპის კვლევები გადამწყვეტად მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალებასთან უფრო ახლოს მისასვლელად“, — წერს დადლი.

კვლევა Signal Transduction and Targeted Therapy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ibecbarcelona.eu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.