ყავა ესპრესო ალცჰაიმერის დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ყავა ესპრესო ალცჰაიმერის დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ყავა ესპრესოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტები შეიძლება თავის ტვინში იმ ცილების შეჯგუფებისგან გვიცავდეს, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადებასთან არის დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებს ლაბორატორიულ ნიმუშებზე ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც მეცნიერებს სამკურნალო საშუალებებზე მუშაობის ახალ, ამაღელვებელ გზას უხსნის.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ზუსტად როგორ იწყება ან ვითარდება ალცჰაიმერი, მთავარი ეჭვმიტანილია ცილების, სახელად ტაუს აგრესიული თავმოყრა თავის ტვინში; ნორმალური რაოდენობით ეს ცილა სრულიად უვნებელია და საჭიროც.

ახალ კვლევაში, იტალიის ქალაქ ვერონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი კონცენტრირდა ტაუ ცილების შეჯგუფებაზე ყავის შემადგენელი ნაერთების ეფექტზე; ისინი იმ წინა კვლევას გაუყვნენ, რომლის მიხედვითაც, ყავა და კოფეინი დაკავშირებულია კოგნიტიური გაუარესებისგან დაცვასთან.

„ეს შედეგები ცნობებს მატებს ყავა ესპრესოს ნეიროპროტექტორულ პოტენციალს და მიუთითებს კანდიდატ მოლეკულურ ხარაჩოზე, რომელზეც შეიძლება დაშენდეს თერაპიები ტაუ ცილების მონომერული ან ფიბრილირებული ფორმების წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.

ესპრესოს ქიმიური შემადგენლობის შესასწავლად ბირთვული მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია გამოიყენეს — მეთოდი, რომელშიც მაგნიტურ ველებს ნივთიერების კონტროლი და ანალიზი ატომურ დონეზე შეუძლია. შემდეგი ლაბორატორიული ანალიზებისთვის შეარჩიეს მისი საკვანძო ინგრედიენტები — კოფეინი, ტრიგონელინი, გენისტეინი და თეობრომინი.

ამ ნაერთთა მოლეკულები ტაუ ცილებთან ერთად 40 საათის განმავლობაში დააყოვნეს. როდესაც კოფეინის, გენისტეინის ან მთლიანად ესპრესოს ექსტრაქტი გაზარდეს, ტაუ ფიბრილები (ცილის გროვები) დამოკლდა და შემცირდა უფრო დიდი გროვების წარმოქმნის შანსი.

გარდა ამისა, ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს დამოკლებული ფიბრილები უჯრედებისთვის არატოქსიკური იყო და არ მოქმედებდა „თესლების“ სახით, რომლისგანაც შესაძლებელი იქნებოდა შეჯგუფებების წარმოქმნა. ამას გარდა, კოფეინისა და ესპრესოს ექსტრაქტი ასევე ბოჭავდა უკვე ჩამოყალიბებულ ტაუ ფიბრილებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს მათი გამოყენება უკვე არსებულ გროვებთან ურთიერთობისთვის და ახლების წარმოქმნის თავიდან აცილებისთვის.

ყავის ნაერთების პირდაპირ ტაუ ცილებზე გამოყენება სულაც არ არის ის გზა, რომლითაც ის ჩვენს სხეულში იმოქმედებს. სასმელი პირველ რიგში ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დამუშავდება; მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ამ ნაერთს სისხლი-თავის ტვინის ბარიერის გადალახვა შეუძლია, მაგალითად, კოფეინს, ჩვენს სხეულში მიმდინარე მრავალმა სხვა კომპლექსურმა ქიმიურმა ურთიერთქმედებამ ამ ეფექტების პირდაპირ მოქმედებას შეიძლება ხელი შეუშალოს.

მკვლევრები აღიარებენ, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ იმედოვნებენ, რომ ასეთი შედეგები თანდათანობით მიგვიყვანს ალცჰაიმერისა და თავის ტვინის სხვა დაავადებების პრევენციული ან სამკურნალო მედიკამენტების შექმნასთან.

ამჟამინდელ პრეპარატებს ალცჰაიმერის პრევენცია ან განკურნება არ შეუძლია, მაგრამ სპეციალისტებს მუდმივად აქვთ გარკვეული პროგრესი; მაგალითად, იქნება ეს პრეპარატები, რომლებიც ამ დაავადებას ანელებს ან ცხოვრების სტილის ცვლილება, რასაც სიმპტომების გადავადება შეუძლია.

რაც შეეხება ყავას და მის ინგრედიენტებს, ის გაცილებით მეტია, ვიდრე დილით გამოსაფხიზლებელი საშუალება. მაგალითად, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ის დაკავშირებულია კიბოსა და ღვიძლის დაავადებების რისკის შემცირებასთან; უბრალოდ, გახსოვდეთ, არ დალიოთ ზედმეტად ბევრი ყავა.

„წარმოვადგინეთ უამრავი მტკიცებულება, რომ ფართოდ მოხმარებადი სასმელი, ყავა ესპრესო, იმ ბუნებრივ ნაერთთა წყაროა, რომლებმაც სასარგებლო თვისებები აჩვენა ტაუ ცილებთან დაკავშირებული პათოლოგიების წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Journal of Agricultural and Food Chemistry-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.