დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენისა და თეირანისადმი დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენისა და თეირანისადმი დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციები აღადგინა და თეირანს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრ სახლი ავრცელებს.

„ჩემი ადმინისტრაცია არასდროს დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ირანმა დანარჩენ მსოფლიოს საფრთხე შეუქმნას ბალისტიკური რაკეტებითა და ჩვეულებრივი შეიარაღებით. ეს რომ არ მოხდეს, მე გამოვცემ ახალ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც აღვადგენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციებს ირანის წინააღმდეგ, ვაწესებ ახალ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს 20-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომლებიც ირანის ბირთვულ, სარაკეტო და ჩვეულებრივ შეიარაღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას უჭერენ მხარს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

კერძოდ, აშშ-ის სანქციები 27 კომპანიასა და ფიზიკურ პირს დაუწესდა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შავ სიაში“ მოხვდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ექვსი ფიზიკური პირი და სამი კომპანია. ამას გარდა, სანქციები უწესდება ოთხ პირსა და ოთხ კომპანიას, რომლებსაც ირანის ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამასთან აქვთ კავშირი. შეზღუდვები ასევე დაუწესდა ირანის თავდაცვის სამინისტროსა და ნიკოლას მადუროს, რომელიც აშშ-ის განცხადებით, ირანთან თანამშრომლობს.

„ჩემი დღევანდელი ქმედებები არის მკაფიო გზავნილი ირანის რეჟიმისა და საერთაშორისო საზოგადოების იმ წევრთა მიმართ, რომლებიც ირანისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე უარს ამბობენ“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წელს გავიდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში აცხადებენ, რომ ვინაიდან აშშ აღარ არის ბირთვული შეთანხმების მონაწილე, მას არ შეუძლია, გაერო-ს სანქციების აღდგენის მექანიზმი გამოიყენოს.

დატოვე კომენტარი