შეუძლებელია, ვერ შენიშნოთ დიდი, კოსმოსური ღიმილი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ახალ ფოტოზე. კადრი გადაღებულია ზუსტად იმ პერიოდში, როცა ტელესკოპს რამდენიმე ინსტრუმენტი დაუზიანდა. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ტელესკოპი კვლავ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა.
ფოტოზე ასახულია გალაქტიკათა მთელი წყება, მათ შორის უმეტესი მიეკუთვნება გალაქტიკათგროვა SDSS J0952+3434-ს. გაღიმებული სახე სინამდვილეში სინათლისა და გრავიტაციის ხრიკია. ორი კაშკაშა გალაქტიკა თვალებს წარმოქმნის, გაღუნული გალაქტიკა კი გაღიმებულ პირს.
NASA-ს და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განმარტებით, ღიმილი გრავიტაციული ლინზირების შედეგადაა წარმოქმნილი. დაბლითა, თაღის ფორმის გალაქტიკას გრავიტაციული ლინზირებისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს — ჩვენკენ მომავალმა მისმა სინათლემ გზად მასიური ობიექტის სიახლოვეს გაიარა, რამაც მისი ფორმის გამრუდება და გაწელვა გამოიწვია.
ფოტო ჰაბლის Wide Field Camera 3-მა გადაიღო, რომელიც ასტრონავტებმა ტელესკოპს ბოლო შეკეთების მისიის დროს, 2010 წელს დაუმონტაჟეს. ჰაბლი კოსმოსში 1990 წელს გაუშვეს.
NASA-ს განცხადებით, ჰაბლმა ეს ფოტო მაშინ გადაიღო, როცა ახალ ვარსკვლავთა დაბადების პროცესს იკვლევდა. მის კამერას შორეულ გალაქტიკათა გადაღება უპრეცედენტო დეტალებში შეუძლია, იმდენად მაღალი რეზოლუციით, რომ გამოსახულებებში შესაძლებელია ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონების გამოყოფა და შესწავლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაბლს კოსმოსური ღიმილი პირველად არ გადაუღია.
2015 წელს, მან აღბეჭდა გრავიტაციულად ლინზირებულ გალაქტიკათა სხვა ჯგუფი, რომლებიც ასევე გაღიმებულ სახეს წარმოქმნიდნენ. გამოსახულებას ცხვირი და ლოყებიც კი ეტყობოდა.
ამ ფენომენს პარეიდოლიუმი ეწოდება და აღნიშნავს მხედველობის ილუზიებს, როცა ობიექტებში ჩვენთვის ნაცნობი ფორმების დანახვას ვცდილობთ.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.