ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი მწყობრიდან გამოვიდა - NASA ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი მწყობრიდან გამოვიდა - NASA ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უსაფრთხო რეჟიმზე გადავიდა, შეწყვეტილია ყველა სამეცნიერო ოპერაცია. ამის მიზეზი ის არის, რომ მწყობრიდან გამოვიდა ტელესკოპის ერთ-ერთი გიროსკოპი.

NASA საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ჰაბლის ინსტრუმენტები კვლავ სრულად გამოსადეგია და უახლოეს წლებშიც ბრწყინვალე სამეცნიერო საქმიანობას გასწევენ.

სააგენტოს განცხადებით, უსაფრთხო რეჟიმის ჩართვის შემდეგ, ტელესკოპი სტაბილურ კონფიგურაციაზე გადავიდა იქამდე, ვიდრე დედამიწიდან ხარვეზს აღმოფხვრიან და მისია ნორმალურ ოპერირებას გააგრძელებს.

მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, ჰაბლი სამ გიროსკოპს იყენებს. მათი დახმარებით, ტელესკოპი სასურველ ორიენტაციას ირჩევს, რათა ცის კონკრეტულ მონაკვეთს დააკვირდეს.

გიროსკოპების მოშლა სულაც არ არის უცხო. 2009 წელს, ტელესკოპის გასაახლებლად სპეციალური მისია გაუშვეს და ჰაბლი ექვსი გიროსკოპით აღჭურვეს (მათ შორის იყო სარეზერვოები). აღსანიშნავია ისიც, რომ ჰაბლი კოსმოსში 1990 წელს გაუშვეს.

როგორც წესი, გიროსკოპები მწყობრიდან წელიწადში ერთხელ გამოდის, მაგრამ მათ შეკეთებაზე დედამიწიდან ზრუნავენ ინჟინრები. 2009 წელს გაგზავნილი ექვსი გიროსკოპიდან, უკვ სამი მოიშალა.

მაგრამ ყველაფერი დაკარგული არ არის. თეორიულად, დარჩენილ სამ გიროსკოპს უფრო დიდხანს შეუძლია მუშაობა, ვიდრე ეს მწყობრიდან გამოსულებმა შეძლეს.

ტელესკოპი ამჟამად ორი გიროსკოპით მუშაობს, რაც არასაკმარისია, შესაბამისად, სწორედ ამიტომ გადაიყვანეს ის უსაფრთხო რეჟიმზე.

თუ საჭირო გახდა, ჰაბლს მუშაობა ერთი გიროსკოპითაც შეუძლია. დაახლოებით ასეთი სიტუაცია უკვე ვიხილეთ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის შემთხვევაში, რომელმაც 2013 წელს ოთხიდან ორი რეაქტიული ბორბალი დაკარგა. თუმცა, კეპლერმა ეფექტიანი მუშაობის გაგრძელება მაინც შეძლო.

მაგრამ მაინც უნდა შევეგუოთ მწარე სიმართლეს — ჰაბლი უკვე თითქმის ვადაგასულია და 2009 წლის შეკეთების მისია საბოლოო იყო. რა პრობლემაც არ უნდა შეექმნას მას ახლა, მისი შეკეთება NASA-ს დისტანციურად მოუწევს.

გვქონდეს იმედი, რომ ჰაბლი გამართულად იმუშავებს სულ მცირე იქამდე, ვიდრე 2021 წელს გაეშვება მისი გაცილებით მძლავრი მემკვიდრე — ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი.

NASA-ს განცხადებით, ყველაზე უარეს შემთხვევაში, თუკი დადგინდა, რომ გიროსკოპის შეკეთება შეუძლებელია, გათვალისწინებულია, რომ ჰაბლმა სამეცნიერო საქმიანობა ერთი გიროსკოპით გააგრძელოს.

მაგრამ დასანანი ის არის, რომ ამ შემთხვევაში, ჰაბლის შესაძლებლობები საგრძნობლად შეიზღუდება.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი