ჰაბლმა სამყაროს ყველაზე შორეულ ვარსკვლავს ფოტო გადაუღო - ახალი რეკორდი ასტრონომიაში
ჰაბლმა სამყაროს ყველაზე შორეულ ვარსკვლავს ფოტო გადაუღო - ახალი რეკორდი ასტრონომიაში

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა განსაცვიფრებელი ფოტო გადაიღო — ცისფერი გიგანტი ვარსკვლავი, სახელად იკაროს 9, რომელიც მზის სისტემიდან 9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს უშორეს ინდივიდუალურ ვარსკვლავს, რაც კი აქამდე გვინახავს. ფოტოს გადაღება მოხერხდა კოსმოსურ ობიექტთა უიშვიათესი განლაგების წყალობით, რასაც გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებენ.

ჰაბლს უკვე გადაღებული აქვს საოცრად შორს მდებარე გალაქტიკები. 2016 წლის აპრილში, მან აღბეჭდა ამ დრომდე ხილული უშორესი გალაქტიკა Gn-Z11 ჩვენგან 13,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დაბადებულია დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 400 მილიონი წლის შემდეგ.

თუმცა, გალაქტიკები გაცილებით დიდი და კაშკაშაა, ვიდრე მათში არსებული ინდივიდუალური ვარსკვლავები. აღსანიშნავია, რომ 100 მილიონი სინათლის წლის იქით, ინდივიდუალური ვარკვლავების დანახვა შეუძლებელია.


მაგრამ იკაროსი განსაკუთრებულია. იგი გადიდებულია მის წინ მდებარე იმდენად მასიური ობიექტებით, რომ ისინი სინათლეს ამრუდებენ. შედეგად, ეს გახლავთ ამ მეთოდით გადაღებული პირველი ვარსკვლავი.

„პირველად ისტორიაში, ჩვნ ვხედავთ გადიდებულ ინდივიდუალურ ვარსკვლავს. ინდივიდუალური გალაქტიკების დანახვა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს ვარსკვლავი სულ მცირე 100-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე აქამდე ჩვენ მიერ დანახული უშორესი ვარსკვლავი, თუ არ ჩავთვლით სუპერნოვათა აფეთქებებს“, — ამბობს კვლევის ავტორი პატრიკ კელი.

ჩვენგან 5 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ზუსტად ჰაბლსა და იკაროსს შორის მოქცეულია გალაქტიკათგროვა MACS J1149+2223. ეს გროვა აბსოლუტურად მასიურია. მისი მასა გარშემო არსებულ სივრცეში ქმნის ძლიერ გრავიტაციულ ველს.

ამ ველში გავლისას, სინათლე მრუდდება და წარმოქმნის გამადიდებელი შუშის ეფექტს, რასაც გრავიტაციულ ლინზირებას უწოდებენ. ამ ეფექტის წყალობით ვხედავთ ისეთ ობიექტებს, რომლებიც, როგორც წესი, უხილავია ან არ ჩანს ასე დეტალურად.

თუმცა, ცუდი ისაა, რომ მსგავსი ლინზირება მაინც დამოკიდებულია ობიექტთა ზუსტად შესაფერის განლაგებაზე.


ჩვეულებრივ მდგომარეობაში, გალაქტიკათგროვა MACS J1149+2223 ვარსკვლავ იკაროსს (ოფიციალური სახელი LS1) 600-ჯერ ადიდებს, მაგრამ ესეც კი ძალიან მკრთალია ჰაბლისთვის, რათა გადაიღოს.

საბედნიეროდ, გალაქტიკათგროვის ლინზირების ეფექტი საგრნობლად გაზარდა თავად გროვაში არსებულმა ერთ-ერთმა ობიექტმა, რომელმაც უზრუნველყო დამატებითი ლინზირების ეფექტი და იკაროსი ჩვენთვის ხილული გახადა.


დანამდვილებით არავინ იცის, ზუსტად რას წარმოადგენს ეს განმვრცობი ობიექტი, მაგრამ ცნობილია, რომ ის ჩვენს მზეზე სამჯერ მასიურია, შესაბამისად, დიდი ალბათობით არის ვარსკვლავი. წინა პლანზე არსებულ ლინზაში მდებარე ერთეული ვარსკვლავი ან კომპაქტური მასიური ობიექტი ზუსტად განლაგდა მის უკან მდებარე ობიექტთან და შესაბამისად, ეს უკანასკნელი ათასობით გადიდებული გამოჩნდა.

ამ პროცესს გრავიტაციულ მიკროლინზირებას უწოდებენ. სწორედ ამ პროცესმა, ვარსკვლავი იკაროსი დროებით გაადიდა 2000-ჯერ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიკროლინზირების ეს შემთხვევა მხოლოდ იკაროსის შესასწავლად როდია ხელსაყრელი.

„LS1-ის აღმოჩენა საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ახალი ცნობები გალაქტიკათგროვის შემადგენელ ობიექტებზე, ჩვენთვის ცნობილია, რომ მიკროლინზირების ეს ეფექტი გამოწვეულია ან ვარსკვლავით, ან ნეიტრონული ვარსკვლავით, ანდაც ვარსკვლავური მასის შავი ხვრელით“, — აღნიშნავს კვლევის თანაატორი, სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ასტრონომი სტივენ როდნი.


ჯგუფმა ეს ვარსკვლავი პირველად 2016 წელს აღმოაჩინა, როცა ჰაბლის ტელესკოპით ახლომდებარე სუპერნოვა SN Refsdal-ს აკვირდებოდნენ, რომელსაც ასევე ადიდებდა გალაქტიკათგროვა. ცაზე შესაფერისი განლაგების გამო, ჯგუფი ფიქრობდა, რომ ახალი ობიექტი გაცილებით გადიდებული უნდა ყოფილიყო, ვიდე სუპერნოვა. შესაბამისად, მისი სინათლის შესწავლა დაიწყეს.

სწორედ ამ გზით განსაზღვრეს, რომ ის ვარსკვლავი იყო. არ გახლდათ სუპერნოვასავით ცხელი, სინათლეში შეიმჩნეოდა სტაბილურობა — ყველა ხელწერა ცისფერ გიგანტს ემთხვეოდა.
ცისფერი გიგანტები ცხელი და ძალიან კაშკაშა ვარსკვლავებია, მზეზე ასობით და ათასობით უფრო კაშკაშა.

სავარაუდოდ, იკაროსი B-ტიპის სუპერგიგანტია — უკიდურესად ბდღვრიალა ვარსკვლავი, რომლის ზედაპირის ტემპერატურა 11 000-14 000 გრადუს ცელსიუს უნდა აღწევდეს, ანუ არის მზეზე ორჯერ ცხელი.

ჩამოთვლილ გარემოებათა გამო, ამ ვარსკვლავის გადაღება მართლაც იღბალის საქმეა.

● ვარსკვლავი ძალიან კაშკაშა ცისფერი გიგანტია.
● ჩვენსა და ვარსკვლავს შორის მოექცა გალაქტიკათგროვა.
● ამ გალაქტიკათგროვაში, შესაფერის ადგილას ჩაიარა მიკროლინზირების ეფექტის მქონე ვარსკვლავმა.
● ამ ყველაფერს დავაკვირდით შესაბამის დროს, შესაბამისი ადგილიდან.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი